ესპანეთმა წყალდიდობით დაზარალებულთათვის €10.6-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ესპანეთმა წყალდიდობით დაზარალებულთათვის €10.6-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვალენსიის წყალდიდობით დაზარალებულთათვის ფინანსური დახმარების პირველი პაკეტი დაამტკიცა. სანჩესის მიერ მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადებული დახმარების პაკეტი €10.6 მილიარდის მოცულობისაა.

პაკეტი მოიცავს პირდაპირ დახმარებას შინამეურნეობების, თვითდასაქმებულებისა და ფირმებისთვის; სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ საკრედიტო გარანტიების კომპანიებისა და რეზიდენტებისთვის; და ადგილობრივი მთავრობისთვის გამოყოფილ ფულად სახსრებს, ქალაქის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.

სანჩესის მიერ €10.6-მილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოცხადებამდე, ვალენსიის რეგიონის პრეზიდენტმა კარლოს მაზონმა მადრიდს 31.4 მილიარდი ევროს დახმარების მოთხოვნით მიმართა. პრესკონფერენციაზე სანჩესმა, სამომავლოდ, ვალენსიისთვის დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფის პირობაც დადო.

29 ოქტომბრის წყალდიდობის შედეგად ესპანეთის აღმოსავლეთით, ვალენსიის რეგიონში, 75 ქალაქი დაზარალდა. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 217-ს აღწევს, თუმცა ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. რეგიონში 15,000-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული.

ვალენსიის მთავრობამ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთათვის 250 მილიონი ევროს გამოყოფის პირობა დადო. მთავრობების გარდა დაზარალებულთათვის ფინანსური დახმარება დააანონსა Zara-ს მფლობელმა, ესპანეთის უმდიდრესმა ადამიანმა ამანსიო ორტეგამ. ორტეგა დაზარალებულთათვის 100 მილიონ ევროს გაიღებს.