უახლოეს დღეებში ევროპული კომისია ევროკავშირს ახალ შეთავაზებას წარუდგენს, რომლის მიზანიც ეკონომიკურ-პოლიტიკური ბლოკის იარაღის ინდუსტრიის წარმოების ტემპების გაზრდა იქნება. ევროკავშირი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირებისათვის საკუთარი იარაღის ინდუსტრიის „ომის ეკონომიკის რეჟიმზე“ გადაყვანას გეგმავს.
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ინდუსტრიის საკითხებში ევროკომისარი ბლოკის წევრ სახელმწიფოებს შეთავაზებას წარუდგენს, რომელიც მათ მიერ ევროპული კერძო სამხედრო კომპანიებისაგან მეტი იარაღის შესყიდვას წაახალისებს. საბოლოო მიზანი კი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების მოცულობის ზრდა გახლავთ.
ინდუსტრიის საკითხებში ევროკომისრის, ტიერი ბრეტონის განცხადებით, ევროკავშირს სჭირდება პარადიგმის შეცვლა და ომის ეკონომიკის რეჟიმზე გადასვლა. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრიამ ევროკავშირის მხარდაჭერით მეტი რისკი უნდა გასწიოს. ტიერი ბრეტონი ევროკავშირის იარაღის ინდუსტრიის გაფართოებაზე საუბრისას აშშ-ის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც ახსენებს და აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის კვლავ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „ევროპას საკუთარი თავის დასაცავად მეტის გაკეთება მოუწევს“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბევრი ევროპული სახელმწიფო „აიძულა“, საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი გაეზარდა. თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ცალკეულ სახელმწიფოთა ძალისხმევა არასაკმარისი და არაეფექტიანია და ბლოკის უწყებები თავდაცვის ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
კონფლიქტმა ნათელყო, რომ ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრია საარტილერიო ჭურვების ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მზად არ იყო. ტიერი ბრეტონის შეთავაზება კი აშშ-ის მსგავსი სქემის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც აშშ სხვა მთავრობებს ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიებისგან იარაღის შესყიდვაში ეხმარება. გარდა ამისა, განიხილავენ შესაძლებლობასაც, რომ გეოპოლიტიკური კრიზისის დროს ევროკავშირმა ადგილობრივი იარაღის მწარმოებლებს სახელმწიფო შეკვეთების პრიორიტეტიზაცია აიძულოს.
შეთავაზების რეალობად ქცევისათვის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო. ბოლოდროინდელი პოლარიზაციის გათვალისწინებით, ინდუსტრიის საკითხებში ევროკომისარს ყველა სახელმწიფოს დასათანხმებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ევროკავშირის ინიციატივას განიხილავს და შეაფასებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაც. ნატო თავის განცხადებებში ევროკავშირის ძალისხმევას ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად მიესალმება. თუმცა ასევე, აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რეგულაციები ტრანსატლანტიკური ალიანსის საქმიანობასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს და არც მათი საქმიანობის დუბლირება არ უნდა მოხდეს.