EU-ში გაწევრების რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები - წინასწარი შედეგები მოლდოვაში

EU-ში გაწევრების რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები - წინასწარი შედეგები მოლდოვაში

გუშინ მოლდოვაში ერთდროულად ორი უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩატარდა. აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოს მოსახლეობას უნდა აერჩია როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისე საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ რეფერენდუმში უნდა მიეღო მონაწილეობა.

ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მოლდოვის ამჟამინდელი პროევროპელი პრეზიდენტის, მაია სანდუს, მთავარი კონკურენტი ყოფილი მთავარი პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო გახლდათ. საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება, რადგან 50%-იანი ზღვარი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

წინასწარი მონაცემებით, მაია სანდუმ ხმათა 41.91% მიიღო, სტოიანოგლომ კი 26.32%. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო უბნების 97.7% უკვე დათვლილია, აღნიშნული განაწილება მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. შესაბამისად, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

რაც შეეხება რეფერენდუმს, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ასპირაციის შესახებ მოსახლეობას დადებითი ან უარყოფითი მხარდაჭერის დაფიქსირებას ითვალისწინებდა, შედეგები თითქმის თანაბარია. თავდაპირველად, რეგიონების ხმების წინასწარი შედეგების თანახმად, რეფერენდუმს მოწინააღმდეგე უფრო მეტი ჰყავდა, ვიდრე მომხრე და ხმათა განაწილება დაახლოებით 57%-43%-ზე იყო. თუმცა, ამჟამად ბალანსი, მცირედით, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა სასარგებლოდ გადაიხარა და 50,08%-49,92%-ს შეადგენს. აღნიშნული შედეგები ხმათა 98%-ს ეფუძნება, თუმცა დარჩენილი უბნები ძირითადად ემიგრანტების ხმებს წარმოადგენს, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ მხარდამჭერთა წილი კიდევ გაიზრდება.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ საბოლოო, ოფიციალური შედეგები ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.