ევროკომისია, ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში, Amazon-ის მიერ $1.7 მილიარდად ჭკვიანი მტვერსასრუტების მწარმოებელი iRobot-ის შესყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებას შეისწავლის.
ევროკომისიის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს გასაჯაროვდა, მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს შესაბამისმა ორგანომ შესყიდვასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჭკვიანი მტვერსასრუტი Roomba-ს მწარმოებელი კომპანია iRobot-ის 1.7 მილიარდ აშშ დოლარად შეძენის შესახებ ინფორმაცია Amazon-მა შარშან გაასაჯაროვა.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, ისინი შეისწავლიან, ხომ არ შეზღუდავს აღნიშნული გარიგება კონკურენციას რობოტი მტვერსასრუტების ბაზარზე და ამასთან, ხომ არ გააძლიერებს ის Amazon-ის, როგორც ელექტრონული კომერციის პლატფორმის პოზიციებს. მათ შორის, ევროკომისია აპელირებს ტექნოლოგიური გიგანტის მხრიდან შესაძლო მანიპულაციაზე, რომლის შედეგადაც, პლატფორმაზე მყიდველებისთვის უფრო თვალსაჩინო Amazon-ის მფლობელობაში გადმოსული iRobot-ის პროდუქცია იქნება, ნაცვლად კონკურენტების პროდუქციისა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკომისიასთან და ორიენტირებულები ვართ, ვუპასუხოთ მათ კითხვებსა და გავაქარწყლოთ გარიგებასთან დაკავშირებული ეჭვები,“ — განაცხადა Amazon-ის წარმომადგენელმა CNBC-სთვის მიწოდებულ განცხადებაში.