ევროკავშირმა საქართველოში მხოლოდ 2019 წელს მხარი 36,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს დაუჭირა

ევროკავშირმა საქართველოში მხოლოდ 2019 წელს მხარი 36,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს დაუჭირა

2019 წელს ევროკავშირმა მხარი დაუჭირა 36,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რის შედეგადაც 30,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი და 1.2 მილიარდ ლარამდე დამატებითი შემოსავალი შეიქმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს და შედეგებსაც ასაჯაროებს.

მათივე ცნობით, 2009 წლიდან ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას EU4Business პროგრამის მეშვეობით. ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს 50-მდე სხვადასხვა პროექტი, რომელთა საერთო ბიუჯეტი 320 მილიონ ევროს აღემატება. ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოში კერძო სექტორის განვითარების უმსხვილესი დონორი და მხარდამჭერია.

„ამ ძალისხმევას შედეგები უკვე მოაქვს – მხოლოდ 2019 წელს საქართველოში 36 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც 30 000 ახალი სამუშაო ადგილი და 400 მილიონ ევრომდე დამატებითი შემოსავალი შეიქმნა“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

აღსანიშნავია, რომ EU4Business-ი არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს COVID-19-ის პანდემიის კრიზისით  დასუსტებული ეკონომიკის აღდგენას. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური დახმარება და რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის შერჩევის კრიტერიუმები მცირდება. ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), რომლებიც თავის მხრივ თანამშრომლობენ ადგილობრივ პარტნიორებთან, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, შემდეგი სამი მიმართულებით:

ფინანსებზე წვდომა

ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას და გარანტიებს ისეთი ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი, კრედო ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, რათა მათ უზრუნველყონ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფინანსური შესაძლებლობები, განსაკუთრებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით და უცხოური ვალუტის ნაცვლად ლარში სესხების გაცემა.

ბიზნესის განვითარების სერვისები

EU4Business პროექტები ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სტანდარტების შესაბამისობაში, ბიზნესკავშირების დამყარებასა და ევროპულ და სხვა ბაზრებზე უკეთეს წვდომაში. ეს, მაგალითად, ხდება სექტორული კლასტერების, ბიზნესინკუბატორებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შექმნით.

ბიზნესის ხელშემწყობი გარემო

ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკისა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ასევე DCFTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების პროცესის მხარდაჭერით. ამაში იგულისხმება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის პოლიტიკის, კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა, EU4Business-ი აძლიერებს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს და ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორის აქტიურ დიალოგს უფრო ინკლუზიური და მიზნობრივი პოლიტიკის შესამუშავებლად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *