მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირად ღირებული „პრობლემის“ მქონე მეგაპროექტები

მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირად ღირებული „პრობლემის“ მქონე მეგაპროექტები

ადამიანები ყოველდღიურად უშვებენ შეცდომებს – ეს გარდაუვალიც კია. აღმოჩნდა, რომ გამონაკლისი არც მეგაპროექტებია. არადა, ისინი უდიდესი სიფრთხილითაა დაგეგმარებული და მათში, წესით, ყველა რისკი გათვლილია.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირად ღირებულ „შეცდომას“:

20 Fenchurch Street | არქიტექტორი – რაფაელ ვინიოლი

ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციული ცენტრის სახელწოდება მისი მისამართიდან მოდის. შენობა ჰონგ-კონგში რეგისტრირებულმა კომპანია Lee Kum Kee-მ $1.8 მილიარდად შეიძინა. ცათამბჯენში გადახდილი თანხა დღემდე რეკორდულია დიდ ბრიტანეთში. საგულისხმოა ისიც, რომ 2014 წელს 20 Fenchurch Street-ი დიდ ბრიტანეთში ყველაზე უშნო შენობად ითვლებოდა.

შენობის მთავარი პრობლემა დაგეგმარების პროცესში დაშვებულმა უცნაურმა შეცდომამ გამოიწვია. როგორც ცათამბჯენების დიდი ნაწილი, 20 Fenchurch Street-იც შუშით არის დაფარული, რათა მზის სინათლე აირეკლოს. შენობის გადახრილმა ფორმამ დიდი პრობლემა წარმოქმნა. ზაფხულში, დღის განმავლობაში სამხრეთის ფასადიდან არეკლილი მზის სხივები 6-ჯერ უფრო ძლიერად მიემართებოდა შენობის საპირისპირო მხარეს. შედეგად, მოპირდაპირედ პარკირებული მანქანის სარკეებმა დნობა დაიწყო, ამასთან, აქ ტემპერატურა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქალაქში არსებულ ტემპერატურას. პრობლემის მოგვარება $14 მილიონი დაჯდა – ცათამბჯენზე დამცავი კონსტრუქცია დამონტაჟდა.

Stuttgart 21

Stuttgart 21 ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია გერმანიაში. მისი მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, პროექტის ღირებულება $5.4 მილიარდად იყო შეფასებული, ხოლო მისი დასრულების თარიღად 2019 წელი განისაზღვრა.

მთავარი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ვარაუდობენ, რომ სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დასრულებისას მისი ღირებულება $12 მილიარდამდე იქნება გაზრდილი.

ერთ-ერთი ასეთი შეცდომა 1500-კილომეტრიანი რკინიგზის ხაზისთვის საჭირო გვირაბის გათხრისას აღმოაჩინეს. კერძოდ, გვირაბის 60-კილომეტრიან მონაკვეთზე ნიადაგში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა თიხა, რომელიც წყალთან რეაქციაში შესვლისას, სამუშაოებს ართულებს.

კიდევ ერთი პრობლემა კი 2017 წელს წარმოიქმნა. პროექტის განხორციელებისას გაირკვა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე უნიკალური სახეობის ათასობით ხვლიკი ბინადრობდა. მათთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა დაახლოებით $18 მილიონი დაჯდა.

დღევანდელი მონაცემებით, სარკინიგზო სადგური 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას.

Citigroup Center

280 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი Citigroup Center- ნიუ-იორკში მდებარეობს. შენობა გამოირჩევა მახვილი ფორმის სახურავითა და უნიკალური სტილის საყრდენებით.

ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ სწორედ უნიკალური კონსტრუქცია იქნებოდა ის ძვირად ღირებული „შეცდომა“, რომელსაც სტუდენტი აღმოაჩენდა.

1978 წელს ერთ-ერთი სტუდენტის შეკითხვით დაფიქრებულმა არქიტექტორმა უილიამ ლემეჟერმა აღმოაჩინა, რომ ცათამბჯენის კონსტრუქცია არამყარი იყო და ის ძლიერ ქარს ვერ გაუძლებდა. ლემეჟერმა დაიქირავა ჯგუფი, რომელმაც შენობის კონსტრუქციის „შეკეთება“ შეძლო.

ცნობისთვის, სწორედ 1978 წელს ატლანტის ოკეანიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ძლიერმა ქარიშხალმა „ელამ“ დაიწყო სვლა. საბედნიეროდ, მან ტრაექტორია შეიცვალა და Citigroup Center „აყირავებას“ გადაურჩა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ქალაქის მცხოვრებლებს შორის პანიკის ასაცილებლად, აღნიშნული ინფორმაცია 20 წლის განმავლობაში დამალული იყო. დღეს ეს შენობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე ნაგებობად ითვლება.

Jeddah Tower

Jeddah Tower-ის ცათამბჯენი საუდის არაბეთში მდებარეობს. შენობის დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ერთკილომეტრიანი ნაგებობა მთელ მსოფლიოში.

აღნიშნული ინიციატივა ჯედას ტურისტებისთვის მიმზიდველ და ეკონომიკურად აქტიურ ქალაქად გადაქცევას ემსახურება. Jeddah Tower-ის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, დასრულების სავარაუდო თარიღად კი 2018 წელი განიხილებოდა, თუმცა 2017 წლიდან მშენებლობა შეჩერებულია, ვინაიდან მეგაპროექტის მთავარი ინიციატორი, პრინცი ალ-ვალიდ ბინ თალალი, საუდის არაბეთის მთავრობამ დააპატიმრა.

მართალია, პრინცმა უკვე დატოვა საპატიმრო, თუმცაღა მშენებლობა ამჯერად კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა. ცნობისთვის, თუკი Jeddah Tower-ის პროექტი არ დასრულდება, ზარალი თითქმის $1 მილიარდი იქნება.

Berlin Brandenburg Airport

Berlin Brandenburg Airport-ი   საერთაშორისო აეროპორტია გერმანიაში, რომელიც ბერლინს მოემსახურება. აეროპორტის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და მისი ღირებულება $2.4 მილიარდით განისაზღვრა. ინვესტორების მტკიცებით, მშენებლობა 2011 წელს უნდა დასრულებულიყო.

თუმცა აღმოჩნდა, რომ გეგმის მიხედვით არაფერი მიდიოდა. გახსნამდე ერთი წლით ადრე აეროპორტის გეგმის ავტორი კომპანია გაკოტრდა. მალევე გაირკვა, რომ აეროპორტი ვერ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამასთან, საჭირო იყო მრავალი დეტალის რეკონსტრუქცია. მაგალითად, აეროპორტში 67 კილომეტრის სიგრძის კონდიცირების მილები თერმული იზოლაციის გარეშე იყო ინსტალირებული.

დღეისთვის აეროპორტის ღირებულება გასამმაგებულია და $8.3 მილიარდს აღწევს. აღსანიშნავია, რომ Berlin Brandenburg Airport-ი  9-წლიანი დაგვიანებით, 2020 წელს გაიხსნა. თუმცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, აეროპორტის შემოსავლები ნავარაუდებზე ნაკლებია. აეროპორტის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად კი შესაძლოა დამატებით $2 მილიარდის დაფინანსება გახდეს საჭირო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *