ევროკავშირის მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, Google-ს საკუთარი სარეკლამო ბიზნესის დაშლა და მისი ნაწილის გასხვისება მოუწევს. ანტიმონოპოლიურ კანონზე მითითებით, ევროკომისია ტექნოლოგიურ გიგანტს მოუწოდებს, დაანაწევროს ციფრული რეკლამირების ბიზნესი და მისი ნაწილი გაყიდოს.
ევროკომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიუსელი სილიკონის ველის გიგანტს შემოსავლის ძირითად წყაროსთან მიმართებით ამგვარი ფორმით ასანქცირებს.
ევროკომისიამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას აღნიშნა, რომ Google-ს ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის აღარ დააჯარიმებს, ვინაიდან წარსულში კომპანიაზე დაკისრებულმა მილიარდობით დოლარის მოცულობის ჯარიმამ სასურველი შედეგები არ გამოიღო. ამჯერად, ევროკავშირი ტექნოლოგიურ გიგანტს იძულებულს ხდის, სარეკლამო ბიზნესის დივერსიფიცირების გადაწყვეტილება მიიღოს.
ევროკომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, Google-ს ჯერ კიდევ აქვს დრო, საკუთარი არგუმენტები და პოზიცია წარადგინოს. კომპანიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ არ ეთანხმებიან კომისიის დასკვნას და „შესაბამის პოზიციასაც“ დააფიქსირებენ. Google-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირის გამოძიება სრულყოფილი არ არის და ის ტექნოლოგიური გიგანტის ბიზნესსაქმიანობის მხოლოდ მცირე სეგმენტზე იყო კონცენტრირებული.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგრიტ ვესტაგერი ამბობს, რომ Google-ი რეკლამის გაყიდვის ბაზრის ორივე მხარეს დომინანტურ როლშია და ბოროტად იყენებს საკუთარ პოზიციას სარეკლამო ბირჟაზე, რათა მომხმარებლებს მაღალი საფასური გადაახდევინოს თავისი სერვისისთვის. ვესტაგერმა ასევე აღნიშნა, რომ Google-ის მიერ სარეკლამო ბიზნესის რომელიმე ინსტრუმენტის გასხვისება ამ საკითხს ამოწურავს.
საყურადღებოა, რომ Google-ის სარეკლამო ბიზნესის თავსებადობას კონკურენციის კანონმდებლობასთან ასევე იკვლევს გაერთიანებული სამეფოს ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი. ამავდროულად, კომპანია აშშ-ში ემზადება სამართლებრივი დავისთვის, რომლის მოთხოვნაც კომპანიის ციფრული რეკლამის სავალდებულო დივერსიფიცირება იქნება.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ევროკომისიამ Google-ს $8 მილიარდის მოცულობის ჯარიმები დააკისრა სამ ანტიმონოპოლიურ საქმესთან მიმართებით. კომპანია სამივე ჯარიმას ასაჩივრებს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Google-ის შემოსავლებმა სარეკლამო გაყიდვებში $54.5 მილიარდი, ხოლო YouTube-ის სარეკლამო გაყიდვებმა თითქმის $6.7 მილიარდი შეადგინა.