მანამ კრიპტოვალუტა ჰედლაინებში ბატონობს, ტექნოლოგია ნაკლებად მყვირალა მეთოდებით ძირს უთხრის აშშ-ის ფინანსური სერვისების $8.5-ტრილიონიან (საბაზრო კაპიტალიზაციით) ინდუსტრიას: სახეს უცვლის ინვესტირების, სესხის აღებისა და დანაზოგების გაკეთების ფორმას; იმას, თუ როგორ აკონტროლებენ ბანკები რისკს; და იმასაც, თუ როგორ დებენ ჰეჯ-ფონდები ფსონებს. Accenture-ის თანახმად, 2017 წელს, მსოფლიო მასშტაბით, ფინანსური ტექნოლოგიის სტარტაპებში $27.4 მილიარდი ჩაიღვარა, რაც 18%-იანი ზრდაა 2016-თან შედარებით. ამ მასშტაბების გათვალისწინებით, არაა გასაკვირი, რომ ჩვენი რეიტინგის მესამე გამოცემას 22 ახალი კომპანია დაემატა. ჩვენ მიერ შერჩეულ ყველა პლატფორმას აშშ-ში ჰყავს მომხმარებლები და აქვს ოპერაციები თუ გავლენა, თუნდაც რომ აქ არ იყვნენ დაფუძნებულები. თითოეულ კომპანიაზე დამატებითი დეტალებისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: FORBES.COM/FINTECH
Acorns ირვინი, კალიფორნია
2.4 მილიონი მომხმარებლის მქონე მობილური აპლიკაცია სადებიტო თუ საკრედიტო ბარათით განხორციელებულ შესყიდვებს უახლოეს დოლართან მიმართებით ამრგვალებს და დამატებით თანხებს დაბალხარჯიანი ინდექსის მქონე ბირჟაზე ბრუნვად ფონდებში აბანდებს.
ლეგიტიმაცია: დიდსახელიანი მოვაჭრეები (მაგ., Walmart-ი, Apple-ი) შესყიდვათა, მინიმუმ, 1%-ს ანგარიშებზე აბრუნებენ.
დაფინანსება: $101 მილიონი
Addepar მაუნტინ-ვიუ, კალიფორნია
Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამა ფინანსურ მრჩეველებს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნონ და გააანალიზონ კლიენტის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივი.
ლეგიტიმაცია: პლატფორმაზე 250-ზე მეტი ფირმა $900 მილიარდს განაგებს.
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე: ჯო ლონსდეილი, 35 წლის; Palantir Technologies-ის თანადამფუძნებელიც არის
დაფინანსება: $215 მილიონი; უკანასკნელად $500 მილიონზე მეტი ღირებულება მიენიჭა.
Adyen ამსტერდამი
გლობალური გადახდების პლატფორმა კლიენტებს (მაგ., Microsoft-ს, Uber-ს, Spotify-ს) საშუალებას აძლევს, გადახდები საკრედიტო და სადებიტო ბარათებიდან, Apple Pay-სა და Google Pay-დან მიიღონ.
ლეგიტიმაცია: 2017-ში თითქმის $150 მილიარდის ტოლფასი გადახდები დაამუშავა.
დაფინანსება: $266 მილიარდი; უკანასკნელად $2.3 მილიარდის ღირებულება მიენიჭა.
Affirm სან-ფრანცისკო
10%-დან 30%-მდე წლიური საპროცენტო განაკვეთით, 1,500 მოვაჭრისგან ნაწარმის შესაძენად, 3-დან 12 თვემდე სესხებს იძლევა და მანქანურ სწავლებას იყენებს, რათა სესხი იმ მომხმარებლებს დაუმტკიცოს, რომელთაც საკრედიტო ბარათებზე შესაძლოა, უარს ეუბნებიან.
ლეგიტიმაცია: გაცემული აქვს მილიონზე მეტი სესხი.
დაფინანსება: უკანასკნელად მისი ღირებულება $1.8 მილიარდად იქნა შეფასებული.
Ayasdi მენლო-პარკი, კალიფორნია
დიდი ბანკები, საკუთარი ბაზრებისა და ოპერაციული რისკების გასაანალიზებლად, მისი მანქანური სწავლების ტექნოლოგიას იყენებენ.
ლეგიტიმაცია: Citigroup-ს ფედერალური რეზერვის ე.წ. სტრეს-ტესტების ჩაბარებაში დაეხმარა.
დაფინანსება: $106 მილიონი.
Betterment ნიუ-იორკი
უმსხვილესი დამოუკიდებელი რობოტო-მრჩეველი ბირჟაზე ბრუნვადი ფონდების პორტფოლიოებს განკარგავს, წლიური გადასახადი კი აქტივთა 0.25%-ს შეადგენს ან – 0.40%-ს, რაც უკვე ადამიან მრჩეველთან კონსულტაციასაც მოიცავს.
ლეგიტიმაცია: 300,000 მომხმარებელი და განკარგული $13 მილიარდი.
დაფინანსება: $275 მილიონი; უკანასკნელად მას $800 მილიონის ღირებულება მიენიჭა.
Better Mortgage ნიუ-იორკი
ექსკლუზიურად ონლაინ მომუშავე იპოთეკის ბროკერი, დოკუმენტების ატვირთვიდან 24 საათში, სახლის მაძიებლებს ხშირად „ვერიფიცირებულ წინასწარ დამტკიცებულ წერილს“ უგზავნის.
ლეგიტიმაცია: Fannie Mae და აშშ-ის ექვსი უმსხვილესი ბანკი მის სესხებს ყიდულობენ.
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: ვიშალ გარგი, 40 წლის.
დაფინანსება: $65 მილიონი.
The Bitfury Group ამსტერდამი
Bitcoin-ის მოპოვებისათვის აპარატულ აღჭურვილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს და ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფასაც ქმნის, რომელიც მომარაგების ქსელებში, სადაზღვევო სფეროსა და მთავრობაში ბლოკჩეინების მუშაობას ხდის შესაძლებელს.
ლეგიტიმაცია: თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა მიწის საკუთრების შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინზე დაიტანოს.
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: ვალერი ვავილოვი, 38 წლის
დაფინანსება: $90 მილიონი
Blend სან-ფრანცისკო
Cloud-ზე დაფუძნებული ე.წ. თეთრი ეტიკეტის პროგრამული უზრუნველყოფა იპოთეკის მოსურნეებს მათ ონლაინ საბანკო განაცხადებთან, სადაგასახადო დეკლარაციებთან და ა.შ. აკავშირებს, და სესხის დამტკიცების დროს მნიშვნელოვნად კვეცს.
ლეგიტიმაცია: Wells Fargo და U.S. Bancorp-ი უკვე საბჭოში არიან.
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: Palantir-ის ყოფილი თანამშრომელი ნიმა ღამსარი, 32 წლის.
დაფინანსება: $160 მილიონი; უკანასკნელად $500 მილიონის ღირებულება მიენიჭა.
Blockchain ლონდონი
კრიპტოვალუტის ყველაზე პოპულარული შემნახველი მსოფლიოში მომხმარებლებს (მათ შორის, ამერიკის 22 შტატიდან) საშუალებას აძლევს, თავად განკარგონ Bitcoin-ის, Bitcoin Cash-ისა და Ether-ის პირადი გასაღებები.
ლეგიტიმაცია: 23 მილიონზე მეტი შემნახველი.
დაფინანსება: $70 მილიონი.
Cadre ნიუ-იორკი
ონლაინპლატფორმა მაღალი შემოსავლის მქონე ინდივიდებსა და ინსტიტუციურ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, კომერციული უძრავი ქონებები და საცხოვრებელი კომპლექსები უფრო იაფად შეისყიდონ.
ლეგიტიმაცია: პლატფორმის საშუალებით, $1 მილიარდზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული.
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: რაიან უილიამსი, Forbes-ის 30 30-წლამდელთა წევრი.
დაფინანსება: $130 მილიონი; უკანასკნელად მისი ღირებულება $800 მილიონად იქნა შეფასებული.
Chain სან-ფრანცისკო
ფინანსურ ინსტიტუციებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას სთავაზობს, ხოლო ფინანსურ ტექნოლოგიასა და ელ-ვაჭრობას – პროგრამულ უზრუნველყოფას მომხმარებელთა საბანკო ანგარიშის ბალანსისათვის.
ლეგიტიმაცია: ბლოკჩეინ-პროექტების შექმნა Nasdaq-სა და Citigroup-თან ერთად.
დაფინანსება: $43.7 მილიონი.
Chainalysis ნიუ-იორკი
მისი ინსტრუმენტები კანონაღსრულებასა და სხვა ინსტიტუციებს ბლოკჩეინზე კონკრეტული ტრანზაქციებისთვის თვალის მიდევნების საშუალებას აძლევს.
ლეგიტიმაცია: მისი მომხმარებლები არიან IRS, FBI, DEA და Europol-ი.
დაფინანსება: $1.6 მილიონი.
CircleUp სან-ფრანცისკო
ეს კრაუდფანდინგის საიტი სამომხმარებლო პროდუქციის ანტრეპრენიორებს აკრედიტებულ ინვესტორებსა და საკრედიტო ლიმიტებთან აკავშირებს.
ლეგიტიმაცია: საიტის მეშვეობით, 255 სტარტაპს, სააქციო ინვესტიციების სახით, $390 მილიონი აქვს მოზიდული.
დაფინანსება: $53 მილიონი.
Coinbase სან-ფრანცისკო
10 მილიონზე მეტ მომხმარებელს სთავაზობს ციფრული ვალუტის შემნახველებს, Bitcoin-ში, Ethereum-ში, Bitcoin Cash-სა და Litecoin-ში ბირჟაზე ვაჭრობას და სავაჭრო ინსტრუმენტებს.
ლეგიტიმაცია: 2017 წელს შემოსავალმა $1 მილიარდი შეადგინა.
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: ბრაიან არმსტრონგი, 35 წლის
დაფინანსება: $217 მილონი; უკანასკნელად, ოფიციალურად, $1.6 მილიარდის ღირებულება მიენიჭა, თუმცა უდავოდ მეტი ღირს.
CommonBond ნიუ-იორკი
ონლაინ გამსესხებელი ბაკალავრებისა და უფრო მაღალი საფეხურის სტუდენტთა სესხების რეფინანსირებასა და დაფინანსებას ახდენს.
ლეგიტიმაცია: სესხების სახით, $1.5 მილიარდი გააკეთა; ამბობს, რომ სასესხო ვალდებულებები მხოლოდ ორმა სტუდენტმა დაარღვია.
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: დევიდ კლეინი, 37 წლის.
დაფინანსება: $86.2 მილიონი.
Credit Karma სან-ფრანცისკო
მომხმარებლების მონიტორინგს, კრედიტუნარიანობის შეფასებასა და საგადასახადო დეკლარაციის მომზადებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს, მერე მათ მონაცემებს ამა თუ იმ საკრედიტო ბარათებისა და სესხების შესათავაზებლად იყენებს, გამსესხებლებისგან კი რეფერალურ გადასახადებს კრეფს.
ლეგიტიმაცია: 75 მილიონი მომხმარებელი.
დაფინანსება: $368.5 მილიონი; უკანასკნელად $3.5 მილიარდის ღირებულება მიენიჭა.
Digital Reasoning ნეშვილი
მისი მანქანური სწავლების პროგრამული უზრუნველყოფა ყოველდღიური მეტყველებიდან მნიშვნელობებს ამოკრებს და, ამით, პროფესიული დანაშაულების აღმოჩენის მიზნით, ფინანსურ ფირმებს საშუალებას აძლევს, ი-მეილებისა და სხვა მიმოწერების მონიტორინგი აწარმოონ.
ლეგიტიმაცია: იყენებს Nasdaq-ი, Goldman Sachs-ი, UBS-ი და Point72.
დაფინანსება: $76 მილიონი.
Earnin პალო-ალტო, კალიფორნია
მობილური აპლიკაცია საათობრივ მომუშავეებს ხელფასამდე უკვე გამომუშავებული შემოსავლიდან $500-მდე თანხის ათვისების შესაძლებლობას აძლევს.
ლეგიტიმაცია: ის 50,000 კომპანიის, მათ რიცხვში, Walmart-ისა და Starbucks-ის, თანამშრომლებს გამოუყენებიათ.
დაფინანსება: $65 მილიონი.
Ellevest ნიუ-იორკი
რობოტო-მრჩეველი ქალების უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესა და დაბალ შემოსავლებზე მორგებულ ფინანსურ გეგმებსა და ბირჟაზე ბრუნვადი ფონდების პორტფოლიოებს გვთავაზობს.
ლეგიტიმაცია: არსებობის პირველ წელს 6,000 კლიენტზე მეტი შეიძინა.
დაფინანსება: $44.5 მილიონი.
Enigma ნიუ-იორკი
ხელოვნური ინტელექტისა და მეტყველების დამუშავების გამოყენებით, საჯარო მონაცემებიდან გარკვეული დასკვნები გამოაქვს. მას სადაზღვევო კომპანიები, ბანკები, ჰეჯ-ფონდები იყენებენ, რათა რისკები დროულად შენიშნონ და მეტოქეებზე უპირატესობა მოიპოვონ.
ლეგიტიმაცია: 100 ქვეყნის მასშტაბით, 100,000 მონაცემთა ნაკრებისთვის აქვს თავი მოყრილი.
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: ჰიჩამ ოუდღირი, 33 წლის; მუშაობდა მზის ენერგიის დაფინანსებაში.
დაფინანსება: $34.6 მილიონი.
Feedzai სან-მატეო, კალიფორნია
საკრედიტო ბარათებსა და გადახდებთან დაკავშირებული თაღლითობის აღმოჩენის მიზნით, ი-მეილებისა და სამომხმარებლო სერვისის სატელეფონო ჩანაწერების მსგავსი არასტრუქტურირებული მონაცემებისა და ტრანზაქციებიდან მოპოვებული სტრუქტურიზებული მონაცემების მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებულ ანალიზს იყენებს.
ლეგიტიმაცია: მომხმარებელთა შორისაა Capital One-ი, First Data და Citibank-ი.
დაფინანსება: $82 მილიონი; უკანასკნელად $575 მილიონის ღირებულება მიენიჭა.
Forter ნიუ-იორკი
მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული თაღლითობის პრევენციის ტექნოლოგია მონიტორინგს უწევს ათასობით ცალკეულ მონაცემს, მათ შორის, მყიდველის ქცევასა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობს, რათა გადაწყვიტოს, გააუქმოს თუ არა ონლაინგაყიდვა.
ლეგიტიმაცია: წელიწადში 1 მილიარდზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს.
დაფინანსება: $50 მილიონი.
Fundrise ვაშინგტონი
ქრაუდფანდინგის პლატფორმა სულ რაღაც $500-ის ტოლფას ინვესტიციას ხდის შესაძლებელს უძრავი ქონების დივერსიფიცირებულ პლატფორმებში.
ლეგიტიმაცია: საიტის მეშვეობით, განხორცილებულია $300 მილიონის ოდენობის 17,000 ცალკეული ინვესტიცია.
დაფინანსება: $50 მილიონი.
GreenSky ატლანტა
აპლიკაცია უზრუნველყოფს მყისიერ დაფინანსებას სახლის სარემონტო პროექტებისთვის; მარკეტინგს კონტრაქტორები ეწევიან, სესხებს კი ბანკები აფინანსებენ.
ლეგიტიმაცია: $10 მილიარდზე მეტი სესხების სახით.
დაფინანსება: $560 მილიონი; უკანასკნელად $4.5 მილიარდის ღირებულება მიენიჭა.
Guideline სან-მატეო, კალიფორნია
ავტომატურად ახდენს საპენსიო დანაზოგების გეგმის, ე.წ. 401 (k)-ს, ადმინისტრირებას მცირე ბიზნესებისთვის და პირდაპირ სახელფასო უწყისის პროვაიდერებთან არის ინტეგრირებული.
ლეგიტიმაცია: 3,000 თანამშრომელი.
დაფინანსება: $24 მილიონი.
Gusto სან-ფრანცისკო
უზრუნველყოფს cloud-ზე დაფუძნებულ სახელფასო დამუშავებას, ეხმარება 1-დან 100-თანამშრომლიან ფირმებს ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსებით და ამას უფრო იაფად აკეთებს, ვიდრე ADP ან Paychex-ი.
ლეგიტიმაცია: 40,000-ზე მეტი თანამშრომელი
დაფინანსება: $176 მილიონი; უკანასკნელად $1.1 მილიარდის ღირებულება მიენიჭა
iCapital ნიუ-იორკი
ონლაინპლატფორმა მაღალშემოსავლიან ინდივიდებს საშუალებას აძლევს, ვენჩურ-კაპიტალში, კერძო სააქციო კაპიტალში, უძრავ ქონებასა და ჰეჯ-ფონდებში სულ რაღაც $100,000 დააბანდონ (თითო სტრატეგიისთვის).
ლეგიტიმაცია: თითქმის 10,000 ანგარიშისთვის $5 მილიარდზე მეტს განკარგავს.
აღმასრულებელი დირექტორი: Goldman Sachs-ის ყოფილი თანამშრომელი ლოურენს კალკანო, 55 წლის.
დაფინანსება: $55 მილიონი.
IEX ნიუ-იორკი
საფონდო ბირჟა, ტექნოლოგიის გამოყენებით, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას ცდილობს მაღალი სიხშირის მოვაჭრეებისა და გრძელვადიანი ინვესტორებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ აქციების გაყიდვის ნებართვა მოიპოვა.
ლეგიტიმაცია: აშშ-ის სააქციო ვაჭრობაში 2.5%-იანი საბაზრო წილი აქვს.
დაფინანსება: $100 მილიონი.
Kabbage ატლანტა
გამსესხებელი პლატფორმა ლამის მყისიერ სესხებს სთავაზობს მცირე ბიზნესს.
ლეგიტიმაცია: $4 მილიარდზე მეტის ტოლფასი ინიციირებული სესხი 130,000 მცირე ბიზნესისათვის.
დაფინანსება: $500 მილიონი; უკანასკნელად $1.18 მილიარდის ღირებულება მიენიჭა.
Kensho კემბრიჯი, მასაჩუსეტსი
იყენებს უზარმაზარ ისტორიულ მონაცემთა ბაზას და მანქანურ სწავლებას, რათა გააანალიზოს, როგორ შეიძლება იმოქმედოს ბაზრებზე კონკრეტულმა მოვლენამ, დაწყებული ბუნებრივი კატასტროფით, არჩევნების შედეგებით დამთავრებული.
ლეგიტიმაცია: მომხმარებელთა რიცხვშია Goldman Sachs-ი, BofA, Merrill-ი და Citigroup-ი.
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: დენიელ ნედლერი, 34 წლის; დაწერილი აქვს თეზისი სუვერენულ საკრედიტო რისკზე.
დაფინანსება: $150 მილიონი; უკანასკნელად $650 მილიონის ღირებულება მიენიჭა.
Lemonade ნიუ-იორკი
დარეგისტრირებისა და გაუქმების ფუნქციით აღჭურვილი აპლიკაციის საშუალებით, მოიჯარეებს, თვეში სულ რაღაც $5-ად, დაზღვევას სთავაზობს. პრემიუმებიდან 20%-ს თავად იღებს, დანარჩენი სადაზღვევო უფლებებზე მიდის, ნამატი კი – ქველმოქმედებაში.
ლეგიტიმაცია: 2017-ში, შემოსავლის 10% ქველმოქმედებისთვის გაიღო.
დაფინანსება: $180 მილიონი; უკანასკნელად $600 მილიონის ღირებულება მიენიჭა.
LendingHome სან-ფრანცისკო
ონლაინ გამსესხებელი 25 შტატში იმ ინვესტორებს აძლევს მოკლევადიან სესხებს (ე.წ. ბრიჯ-სესხებს), რომლებიც სარემონტო სახლებს იაფად ყიდულობენ, არემონტებენ და მერე სარფიანად ყიდიან (სერვისებით მწირი ბაზარი). ამასთან, ამ სესხებისთვის, კომპანია აკრედიტებული ინდივიდუალური ინვესტორებისგან თანხებს იზიდავს.
ლეგიტიმაცია: $2 მილიარდი გაცემული სესხები.
დაფინანსება: $166 მილიონი.
Metromile სან-ფრანცისკო
დაბალ, ყოველთვიურ სტანდარტულ ფასად, შვიდ შტატში მანქანის დაზღვევას ყიდის და მომხმარებელს, დამატებით, მილების მიხედვითაც ართმევს გადასახადს, რაც მანქანის სიგნალის მეშვეობით იდენტიფიცირდება.
ლეგიტიმაცია: ამბობს, რომ მძღოლებს, წელიწადში, საშუალოდ $500-ს უზოგავს.
დაფინანსება: $205.5 მილიონი.
Plaid სან-ფრანცისკო
მის ინსტრუმენტებს სხვა ფინანსური ტექნოლოგიის ფირმები იყენებენ, რათა მომხმარებელთა საბანკო ანგარიშის ინფორმაციასთან ჰქონდეთ წვდომა.
ლეგიტიმაცია: Robinhood-ი, Betterment-ი, Venmo და Coinbase-ი მისი მომხმარებლები არიან.
დაფინანსება: $60 მილიონი.
Qapital ნიუ-იორკი
ეკონომისტ დენ არიელის დახმარებით შექმნილი, ინდივიდუალურ მომხმარებელზე ადაპტირებადი ქცევითი სტიმულების საშუალებით, საბანკო აპლიკაცია ახალი ათასწლეულის წევრებს მეტის დაზოგვისა და ინვესტირებისკენ წააქეზებს.
ლეგიტიმაცია: 387,000 მომხმარებელი.
დაფინანსება: $17.3 მილიონი.
Quandl ტორონტო
თვალს ადევნებს და ამოწმებს ათასობით ალტერნატიულ მონაცემთა ნაკრებს (მაგ., ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობათა ზრდა), რათა ის მონაცემები აღმოაჩინოს, რომლებიც კომპანიის ეფექტიანობისთვის გარკვეულ მინიშნებებს უზრუნველყოფს.
ლეგიტიმაცია: მისი 250,000 მომხმარებელი, მათ შორის, რაოდენობრივ ანალიზზე დაფუძნებული ათი უმსხვილესი ფონდიდან შვიდი, ყოველდღიურად 10 მილიონ მონაცემთა ნაკრებს ჩამოტვირთავენ.
დაფინანსება: $20 მილიონი.
Remitly სიეტლი
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ათ განვითარებად ქვეყანაში ინდივიდებს ფული გაუგზავნონ. თანხის მიმღებებს, რომელთაც საბანკო ანგარიში არა აქვთ, შეუძლიათ, ნაღდი ფული 200,000 პუნქტში აიღონ, მაგალითად, მექსიკის Walmart-ებსა და Elektra-ებში.
ლეგიტიმაცია: წელიწადში $4 მილიარდის ტოლფასი გაგზავნილი თანხები.
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: მეტ ოპენჰაიმერი; მუშაობდა Barclays-ისთვის კენიაში.
დაფინანსება: $200 მილიონი.
Ripple სან-ფრანცისკო
საზღვრებსშორისი გადახდებისთვის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას იყენებს. ტრანზაქციების განხორციელება XRP-მონეტებითაა შესაძლებელი.
ლეგიტიმაცია: 100-ზე მეტი საბანკო მომხმარებელი, მათ შორის, Santander-ი, UBS-ი
თანადამფუძნებელი: კრის ლარსენი, 57 წლის.
დაფინანსება: $93.6 მილიონი.
Robinhood პალო-ალტო, კალიფორნია
მობილური აპლიკაცია მომხმარებელს ძირითად სააქციო ვაჭრობას უფასოდ სთავაზობს, ხოლო უპროცენტო მარჟის სესხებს – თვეში $10-ის სანაცვლოდ. მალე უფასო ვაჭრობას Bitcoin-სა და Ethereum-ში შემოგვთავაზებს.
ლეგიტიმაცია: 3 მილიონი მომხმარებელი.
დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორები: ბაჯუ ბჰატი, 33 წლის, და ვლად ტენევი, 31 წლის (ზემოთ).
დაფინანსება: $176 მილიონი; უკანასკნელად $1.3 მილიარდის ღირებულება მიენიჭა.
Shapeshift ცუგი, შვეიცარია
ბირჟა მომხმარებლებს (რომელთა მეხუთედი აშშ-იდანაა) 70 კრიპტოვალუტას შორის ვაჭრობის განხორციელებას სთავაზობს ისე, რომ ანგარიშის ან შემნახველის შექმნა არაა საჭირო. კონფიდენციალურობა მაქსიმალურად რომ დაიცვას, კომპანია არც საბანკო ანგარიშებთან ამყარებს კავშირს და არც სტანდარტულ ვალუტებს იღებს.
ლეგიტიმაცია: როცა ბირჟა თანამშრომელმა დაჰაკა, არც ერთი კრიპტოვალუტა არ დაკარგულა, რადგანაც ის მომხმარებელთა ფონდებს არ ფლობს.
დაფინანსება: $12.2 მილიონი.
Stripe სან-ფრანცისკო
მისი ტექნოლოგია დიდ და პატარა ბიზნესებს ყველა მსხვილი სადებიტო და საკრედიტო ბარათის მიღების საშუალებას აძლევს 135 ვალუტაში.
ლეგიტიმაცია: ასიათასობით მომხმარებელი, მათ რიცხვში, Lyft-ი და Salesforce-ი.
დაფინანსება: $450 მილიონი; უკანასკნელად $9.2 მილიარდის ღირებულება მიენიჭა.
Symbiont ნიუ-იორკი
კაპიტალურ ბაზრებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით უზრუნველყოფს.
ლეგიტიმაცია: თანამშრომლობს Delaware-სთან, რათა ბლოკჩეინების გამოყენებით აქციათა გაცემისა და მფლობელობისთვის თვალის მიდევნება იყოს შესაძლებელი.
დაფინანსება: $15.4 მილიონი.
Symphony პალო-ალტო, კალიფორნია
პლატფორმა მოვაჭრეებსა და პორტფოლიოს მენეჯერებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთთან უსაფრთხო მიმოწერა ჰქონდეთ, გააზიარონ ეკრანები და სხვ. ისე, რომ წესების დარღვევა არ მოხდეს.
ლეგიტიმაცია: 270 ორგანიზაციაში, მათ შორის BlackRock-სა და დიდ ბანკებში, მას 303,000 თანამშრომელი იყენებს.
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: დევიდ გერლი, 51 წლის
დაფინანსება: $234 მილიონი; უკანასკნელად $1 მილიარდზე მეტის ღირებულება მიენიჭა.
Tala სანტა-მონიკა, კალიფორნია
განვითარებადი სამყაროს მსესხებლებს $10-დან $500-მდე მიკროსესხებს უმტკიცებს, რისთვისაც აპლიკანტის ჭკვიანი ტელეფონიდან მონაცემებს ამუშავებს.
ლეგიტიმაცია: 4.5 მილიონი გაცემული სესხი, რომელთა დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს აღემატება.
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: შივანი სიროია, 34 წლის.
დაფინანსება: $44 მილიონი.
TransferWise ლონდონი
საერთაშორისო ფულადი ტრანსფერების განხორციელების მიზნით, აპლიკაცია მომხმარებელთა დაუკავშირებელ შეკვეთებს ერთმანეთს უსაბამებს და, პარალელურად, შეზღუდვას აწესებს და ამოწმებს, თუ რამდენი ვალუტა გადაკვეთს რეალურად საზღვრებს, ამით კი ხარჯებს მკვეთრად ამცირებს.
ლეგიტიმაცია: მის პლატფორმაზე ყოველთვე $2 მილიარდის ტოლფასი ტრანსფერები ხორციელდება.
თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: ესტონელი კრისტო კაარმანი, 37 წლის.
დაფინანსება: $397 მილიონი; უკანასკნელად $1.6 მილიარდის ღირებულება მიენიჭა.
Trumid ნიუ-იორკი
ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა კორპორაციული ობლიგაციებისთვის მომხმარებელს ანონიმურ ლიკვიდურობას სთავაზობს.
ლეგიტიმაცია: 380 ინსტიტუციას პლატფორმაზე $19 მილიარდის ტოლფასი ობლიგაციებით აქვს ნავაჭრი.
დაფინანსება: $382 მილიონი.
Upstart სან-კარლოსი, კალიფორნია
ონლაინ გამსესხებელი ცალკეულ მონაცემებს იყენებს, რათა გასცეს სესხები, რომელთაგან 47%-ს ადამიანის ჩარევის გარეშე ამტკიცებს.
ლეგიტიმაცია: ინიციირებული აქვს $1.5 მილიარდის ტოლფასი სესხი 120,000 მსესხებლისათვის.
დაფინანსება: $110 მილიონი.
Veem სან-ფრანცისკო
საბანკო საკომისიოებს კვეცს, რადგან ფულად გზავნილებს მთელ მსოფლიოში უშუამავლოდ – ბიზნესიდან ბიზნესამდე – გზავნის, ზოგ მათგანს – ბლოკჩეინზე.
ლეგიტიმაცია: 40,000 მომხმარებელი 60 ქვეყანაში.
დაფინანსება: $40 მილიონი.
Xapo პალო-ალტო, კალიფორნია
ინდივიდუალურ ინვესტორებსა და საოჯახო კანტორებს უსაფრთხო ოფლაინ შემნახველ სერვისს სთავაზობს და მათ Bitcoin-ს ერთგვარი ოქროს სახით ინახავს. გარდა ამისა, მომხმარებლებს – მეტწილად, განვითარებადი სამყაროდან – Bitcoin-ის ჩვეულებრივ შემნახველებსაც სთავაზობს.
ლეგიტიმაცია: არის Bitcoin Investment Trust-ის Bitcoin-ების მეურვე.
დაფინანსება: $41 მილიონი.