Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა განცხადება ე.წ. რუსული კანონის ხელახლა მიღებასთან დაკავშირებით

Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა განცხადება ე.წ. რუსული კანონის ხელახლა მიღებასთან დაკავშირებით

2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კვლავ  მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. Forbes-ის 30-წლამდელები (Forbes 30 Under 30) ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს და ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კანონის ხელახლა ინიციირებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს.

ხშირად გვესმის, რომ საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნით. ჩვენმა უმრავლესობამ წარმატებას ხელოვნების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ფინანსების, ინოვაციებისა და სხვა სფეროებში სწორედ საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დახმარებით მიაღწია. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, შესაძლებლობა მოგვეცა, განათლება და გამოცდილება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მიგვეღო.

დაუშვებლად მივიჩნევთ, მომავალ თაობას  მსგავს რესურსებზე წვდომა შეეზღუდოს, ხოლო მათი მომწოდებლები შეურაცხმყოფელი და მოქალაქეობრივი ღირსების შემლახველი, უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლის სტატუსით მოიხსენიებოდნენ. ამ ხელშესახებ რისკს მკაფიოდ ხედავენ საქართველოს მეგობრებიც და პარტნიორებიც, რასაც ათეულობით საჯარო გამოხმაურებაც მოწმობს.

ვფიქრობთ, მსგავსი კანონები კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას – გამორჩეული ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ახალგაზრდების ინტენსიურ ემიგრაციას. ინოვაციურ ცოდნასა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობისთვის ისინი იძულებულნი გახდებიან, მასობრივად მიმართონ დასავლეთის ქვეყნებს და შემდგომში მათ განვითარებაში შეიტანონ წვლილი, ნაცვლად იმისა, რომ ცივილიზაციურ სიკეთეზე წვდომა საქართველოდანვე შეძლონ და საკუთარი სამშობლოს გაძლიერებასა და მსახურებაზე იფიქრონ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად შემაშფოთებელია კანონის მექანიზმის ქვეთავში არსებული ჩანაწერი, რომელიც ყოველგვარი წინასწარი გამოძიებისა და ორდერის გარეშე, დასმენის წერილის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს აძლევს ბერკეტს, მოკვლევის ფარგლებში ჰქონდეს წვდომა ნებისმიერი დასმენილი ორგანიზაციის თანამშრომლების პირად ინფორმაციაზე.

არცთუ შორეულ წარსულში, დიდი ადამიანური მსხვერპლის ფასად, საქართველომ უკან მოიტოვა ანონიმურ დასმენებზე დაფუძნებული საბჭოთა რეპრესიული სისტემა, რომლის ექოც მკაფიოდ ისმის ამ კანონპროექტში. ჩვენი რწმენით, საქართველოს განვითარების გზა არა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული ხმის დახშობაზე, არამედ თავისუფლებაზე გადის.

ჩვენი ევროპული მომავალი ქვეყნის ფუძემდებლურ დოკუმენტში, კონსტიტუციის 78-ე მუხლში ეროვნულ მიზნადაა დასახული. ამ მიზანს ემხრობა დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი. ამ მიზნისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომელთა თავგანწირვით საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ საქართველოს ისტორიული არჩევანი, მისი ევროპული მომავალი, რომელთანაც ეს კანონი სრულიად შეუთავსებელია.

Forbes Georgia-ს 30 წლამდელები:

  1. ნიკა გვაზავა
  2. სანდრო კანდელაკი
  3. თამარ გამყრელიძე
  4. მარიკა ხანთაძე
  5. დეა გოგიშვილი
  6. ნათია გამყრელიძე
  7. გვანცა სალუქვაძე
  8. რატი გველესიანი
  9. დიმიტრი გოდერძიშვილი
  10. ლუკა ჩხეტიანი
  11. ლელა სარიშვილი
  12. ქეთევან ვაჩიბერიძე
  13. ნუკა შევარდნაძე
  14. ბექა ჩოკოშვილი
  15. ნიკა ჩილინდრიშვილი
  16. მარიამ კუპატაძე
  17. ხვიჩა ფარსადანაშვილი
  18. ლიზა ჩხაიძე
  19. ნიკოლოზ ხატიაშვილი
  20. სალომე კუპრაშვილი
  21. გელა პატაშური
  22. მიშო ზღულაძე
  23. ლელა ოქრომელიძე
  24. ირაკლი ჭოლოკავა
  25. ანანია გაჩეჩილაძე
  26. ანანო ბაკურაძე
  27. მუსია ქებურია
  28. ანა ჩუბინიძე
  29. თათია ხოსროშვილი
  30. ლადო ლომიტაშვილი
  31. ნინო გოზალიშვილი
  32. ნინუცა ნანიტაშვილი
  33. ელლა კამლაძე
  34. ნანა ბაგალიშვილი