საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ და მისმა დაკავებამ არაერთი ცნობილი მედია გამოცემის ყურადღება მიიპყრო. გამონაკლისი არც Forbes აღმოჩნდა. მისმა ერთ-ერთმა კონტრიბუტორმა, მელიკ კაილანმა, აღნიშნულ მოვლენასა და მის სავარაუდო ეფექტებს სტატიაში მოუყარა თავი. კაილანის მოსაზრებით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს წარმოადგენს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილ მცირედ წვლილს მსოფლიოს მასშტაბით.
სტატიის ავტორი იხსენებს 8 წლის წინ მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუებს, Wall Street Journal-ისა და Newsweek-ისათვის. ამ დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე ბრალდებული იყო სასამართლოს მიერ რამდენიმე საქმეში, რასაც თავად სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად და ქვეყნის ახალი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესად მიიჩნევდა.
მელიკ კაილანი საკუთარ სტატიაში საუბრობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გავლენებზე დემოკრატიზაციის პროცესის მიმართ. იგი აღწერს ოფიციალური მოსკოვისა და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის მძიმე მმართველობას და იხსენებს კონკრეტულ მაგალითებს მოწამვლის, მკვლელობის, თავდასხმებისა და აუტოკრატიული რეჟიმების დახმარების კუთხით.
გარდა ამისა, სტატიაში განხილულია საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და მასში რუსეთის შესაძლო როლიც. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. აღნიშნული ცვლილების მთავარ ფიგურას კი ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი, წარმოადგენდა. სტატიაში საქართველოს 2012 წლის არჩევნები შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთანაა შედარებული და ავტორი ამ ორს შორის შესაძლო კავშირებზეც საუბრობს.
What Just Happened In Tbilisi Will Affect All Of You (forbes.com)