Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები წელს თითქმის $2 ტრილიონით უფრო ღარიბები არიან

Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები წელს თითქმის $2 ტრილიონით უფრო ღარიბები არიან

გასული ორი წლის განმავლობაში, კოლექტიური ქონებისთვის ტრილიონების შემატების შემდეგ, 2022 წელი არცთუ ისე მოგებიანი აღმოჩნდა პლანეტის უმდიდრესი ადამიანებისთვის. უკრაინაში მიმდინარე ომმა და ინფლაციამ გავლენა მათ შემოსავალზეც მოახდინა.

Forbes-ის შეფასებით, 2022 წელს მილიარდერებმა ჯამში $1.9 ტრილიონი დაკარგეს, რის შედეგადაც, ცხრა დეკემბრის მონაცემებით, მათი კოლექტიური ქონება $13.8 ტრილიონიდან $11.9 ტრილიონამდე შემცირდა. კლება შეინიშნება მილიარდერთა რაოდენობაშიც, მას შემდეგ რაც მათ რიგებს ისეთი ადამიანები გამოეთიშნენ, როგორებიც სემ ბენკმენ-ფრიდი, კანიე უესტი და Rivian-ის დამფუძნებელი რ.ჯ. სქერინგი არიან. საბოლოო ჯამში, Forbes-ის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოს 2,671-ის მაგივრად მხოლოდ 2,523 მილიარდერი ჰყავს.

თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებულები გასულ წელს ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერები აღმოჩნდნენ, რომელთაც კოლექტიურად $1 ტრილიონი დაკარგეს. Amazon-ის აქციების 50%-იანი ვარდნით, ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება $80 მილიარდით შემცირდა, Alphabet-ის აქციები კი 36%-ით დაეცა, რის გამოც კომპანიის თანადამფუძნებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინდივიდუალურად $40 მილიარდი იზარალეს.  27%-ით დაეცა ბილ გეიტსის Microsoft-ის აქციები, ხოლო Meta-ს აქციების 66%-იანი ვარდნის შედეგად, მარკ ცუკერბერგი წელს $78 მილიარდით უფრო ღარიბია.

ყველაზე მეტი კი, Forbes-ის კლასიფიცირებით, 2022 წელს ჯერჯერობით ილონ მასკმა იზარალა –  მილიარდერმა, რომლის ქონების უმეტესი ნაწილიც ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს უკავშირდება. მასკმა 2022 წელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდებით დაიწყო, თუმცა წლის განმავლობაში $115 მილიარდი დაკარგა. თუ 2022 წლის დასაწყისში მასკი მეორეადგილოსან ბერნარ არნოს $70 მილიარდით უსწრებდა, თვის დასაწყისში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში პირველობა დაკარგა და მისი ქონება კლებას კვლავაც განაგრძობს.

მილიარდერთა კოლექტიური ქონების შემცირებით, 2022 წელს პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკელი მილიარდერების კოლექტიური ქონება გასულ 12 თვეში ჯამურად $660 მილიარდით შემცირდა ისეთი ადამიანების დამსახურებით, როგორებიც უკვე ნახსენები ილონ მასკი, Nike-ის თანადამფუძნებელი ფილ ნაიტი (-$18.3 მილიარდი), Estee Lauder-ის ყოფილი უფროსი ლეონარდ ლაუდერი (-$9.8 მილიარდი) და Rocket Mortgage-ის დამფუძნებელი დენ გილბერტი (-$8.1 მილიარდი) არიან.

მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომელსაც მთელი წელი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან გამკლავება უწევდა. საერთო ჯამში, ჩინეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $620 მილიარდი დაკარგეს, მათ შორის მოხვდნენ Alibaba-ს თანადამფუძნებელი ჯეკ მა (-$13.1 მილიარდი), იანგ ჰუიანი (-$11.6 მილიარდი ) და ჭონგ შანშანი (-$11.3 მილიარდი). უკრაინის ომი კი გავლენას რუსეთის უმდიდრეს ადამიანებზე ახდენს, რომელთაც სანქციებისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, კოლექტიურად $150 მილიარდი იზარალეს.

თუმცა გასული წლით ყველა უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩენილა. გამოჩნდნენ ახალი მილიარდერებიც, ინვესტორი და სპორტული მაგნატი ტოდ ბოელი და დიზაინერი ტომ ფორდი. გასული თორმეტი თვე საუკეთესო იყო ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანისთვის, რომელმაც Adani Group-ის საშუალებით 2022 წელს თავის ქონებას $55.1 მილიარდი შესძინა და 2023 წლის დაწყებას მსოფლიოს მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანის რანგში გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *