მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო კლუბის, „ლივერპულის“ მფლობელებმა „ახალი აქციონერების შესაძლო დამატების“ შესახებ გააკეთეს განცხადება. Fenway Sports Group-ი (FSG), რომელმაც 2010 წელს „ლივერპული“ £300 მილიონად შეიძინა, The Athletic-ის ინფორმაციით, „ახალი შემოთავაზებების ძიებაშია“. „ლივერპული“ შესაძლოა, £4 მილიარდად შეფასდეს.
ამერიკული კომპანია FSG-ი, რომელიც Boston Red Sox-ის ბეისბოლის გუნდსაც ფლობს, აცხადებს, რომ „ჯგუფი რჩება „ლივერპულის“ წარმატების ერთგული როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ“. FSG-ის 12-წლიანი საკუთრების განმავლობაში, საფეხბურთო კლუბმა რვა ტიტულის მოპოვება შეძლო. 2015 წელს მწვრთნელად დანიშნულმა იურგენ კლოპმა „ლივერპულს“ 30 წლის შემდგომ 2019/2020 წლების ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოაპოვებინა. ამავე პერიოდში, „ლივერპულის“ ძვირად ღირებულ შენაძენებში იყვნენ ვირჯილ ვან დეიკი, ალისონ ბეკერი და მოჰამედ სალაჰი.
მიუხედავად იმისა, რომ £300 მილიონიდან უმეტესი ნაწილი კლუბის ყოფილი მმართველების, ჯორჯ ჯილეტისა და ტომ ჰიკსის საბანკო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს, „ლივერპულმა“ 2017-18 ფისკალური წლის დასასრულს რეკორდული £106-მილიონიანი მოგება ნახა.
მოედანზე წარმატებების მიუხედავად, ამ პერიოდში „ლივერპულს“ გარკვეული სირთულეებიც შეექმნა. მათ შორის არის 2016 წელს ბილეთების ფასების ზრდა, ხოლო კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არამოთამაშე პერსონალის იძულებით შვებულებაში გაშვება. ამასთან ერთად კი „ლივერპულის“ მცდელობა სავაჭრო ნიშნის მოსაპოვებლად, „ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა“ უარყო.
მართალია, გასულ სეზონში „ლივერპულმა“ „პრემიერ ლიგა“ მეორე ადგილით დაასრულა, მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ მერვე ადგილს სჯერდება. ამას ერთვის ფინანსური კონკურენცია კლუბებთან, რომელთაც მდიდარი ქვეყნების მხარდაჭერა აქვთ: „პარი სენ-ჟერმენი“ (კატარი), „მანჩესტერ სიტი“ (აბუ-დაბი), „ნიუკასლი“ (საუდის არაბეთი). კლოპი, ამ კლუბებთან მიმართებით, აცხადებდა, რომ მსოფლიოში სამი კლუბია, რომელთაც ფინანსურად იმის გაკეთება შეუძლიათ, რაც სურთ და ეს სამართლიანია, თუმცა აღიარებდა, რომ „ლივერპულისგან“ სატრანსფერო ბაზარზე უფრო მეტი რისკი სურდა.
რატომ იყიდება „ლივერპული“ ახლა?
ამჟამად „ლივერპულის“ შესაძლო გაყიდვა ნიშნავს, რომ მფლობელებს ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მსგავსი ინტერესი უკვე ჰქონდათ, თუმცა შესაძლოა, ახლა ბაზარზე პოტენციურად მოგებიანი დრო ნახეს. მაშინ, როდესაც „ჩელსის“ შესაძენადაც კი 200-ზე მეტი პრეტენდენტი გამოჩნდა, FSG-ი მიიჩნევს, რომ „ლივერპულის“ გაყიდვით მათ საწყის £300 მილიონზე მნიშვნელოვნად მეტი ანაზღაურება უნდა მიიღონ. BBC-ის ვარაუდით, მფლობელები ან სრულად გაყიდიან კლუბს, ან „ლივერპულისგან“ მომავალ წლებში უფრო მეტი თანხის გამომუშავებასა და კლუბის ღირებულების გაზრდას შეეცდებიან.
აღსანიშნავია FSG-ის უნარებიც „ლივერპულის“, როგორც ბრენდის, ჩამოყალიბების საქმეში. მაგალითად, ე.წ. Moneyball-ის დანერგვით, „ლივერპული“, ბოლო წლებში ნახევარი მილიარდით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე „მაჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“.
ვინ განიხილებიან პოტენციურ მყიდველებად?
„ლივერპულის უნივერსიტეტის“ საფეხბურთო ფინანსების ლექტორის, მაგუაიერის ვარაუდით, 60%-იანი შანსია, რომ კლუბი სეზონის დასრულებამდე გაიყიდება. „ინვესტორებს შორის ძირითადად ამერიკელები იქნებიან“, – აცხადებს მაგუაიერი და დასძენს, რომ სუსტი გირვანქა სტერლინგი უცხოელი ინვესტორებისთვის გარიგებას უფრო მიმზიდველს ხდის. ის შესაძლო ინვესტორებს შორის ჩინელებს გამორიცხავს და ამას ჩინეთის მთავრობის კორპორაციებისადმი მოწოდებით ხსნის, თავი აერიდებინათ ფეხბურთში ინვესტიციებისგან.
შეგახსენებთ, რომ „პრემიერ ლიგაში“ „ლივერპულის“ ერთ-ერთი მთავარი მეტოქე „ჩელსი“ მაისში £4.25 მილიარდად გაიყიდა. კლუბი შეიძინა კონსორციუმმა, რომელიც ამერიკელი ინვესტორის, ტოდ ბოელისა და კერძო საინვესტიციო კომპანია Clearlake Capital-ის ხელმძღვანელობით იმართება. მაგუაიერის განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ლივერპულს“ უფრო დიდი სტადიონი აქვს, უფრო დიდ შემოსავალიც და ხარჯების უკეთესი კონტროლიც, კლუბისადმი ინტერესის დონის შესაბამისად, მისი ღირებულება შესაძლოა £3.5 მილიარდიდან £4 მილიარდამდე შეფასდეს.