აშშ-ის ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, დიდი შვიდეული და ევროკავშირი უკრაინისათვის $50-მილიარდიანი სესხის გამოყოფასთან „ძალიან ახლოს“ არიან. აღნიშნული სესხის ნაწილი რუსეთისთვის დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში გაყინული აქტივებით იქნება გამყარებული, აშშ-ის კონტრიბუცია კი $20 მილიარდს შეადგენს.
რუსეთისთვის გაყინული აქტივების საკითხზე აშშ-ის სახაზინო მდივანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზეც ისაუბრა. ჯანეტ იელენმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია – რუსული აქტივების საკითხზე სტატუს-კვო შენარჩუნდება. ცნობისთვის, აქტივების გაყინვის შენარჩუნების საკითხს კენჭი ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა ეყაროს.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის $20-მილიარდიანი კონტრიბუცია სრულად რუსული აქტივების შემოსავლებისგან იქნება შემდგარი და ამ თანხის გადახდა ამერიკელ მოქალაქეებს არ დაეკისრება. აშშ ევროკავშირისაგან გარანტიას ითხოვს, რომ ბელგიაში Euroclear-ის მიერ დაკავებული რუსული აქტივები კვლავ გაყინული დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელი გახდება. აღნიშნული გარანტიის მიზანი კი იმაში დარწმუნებაა, რომ სესხის გადახდა აშშ-ის მოქალაქეებს არ მოუწევთ.