გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირა ავტოინდუსტრიისათვის ტრადიციულად დატვირთული აღმოჩნდა. ავტომწარმოებლები წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო დიდი შემართებით და ინტენსივობით გვთავაზობენ ბიზნესსიახლეებს. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი და მისი მახასიათებლები, Rolls-Royce-ის წარმატება ავიაწარმოების ინდუსტრიაში, Tesla-ს ელექტროსატვირთოების პირველი ეგზემპლარი, Honda-ს ამბიციური გეგმები თვითმართვადი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით, BYD-ის დომინაცია ჩინეთის ბაზარზე, ახალი Off-Road Lamborghini-ს ვიზუალი და შესაძლებლობები თუ სხვა.

მზის ენერგიაზე მომუშავე მსოფლიოში პირველი ავტომობილი წარმოების ეტაპზე გადავიდა

ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო – წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის წარმოება საბოლოოდ დაიწყო და ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს.

Lightyear 0

მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი ნამდვილად ტექნოლოგიურ გარდატეხას წარმოადგენს ავტოინდუსტრიაში. Lightyear-ი კი მომხმარებლებს იმ გადაწყვეტას სთავაზობს, რაც ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის სიმცირესთან და დამუხტვის დროსთანაა დაკავშირებული.

Lightyear-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განმარტებით, ბრენდის მიერ შექმნილი პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი დამტენ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული საერთოდ არ იქნება. ავტომობილი ელემენტების სრულად დამუხტვის შემთხვევაში 463 კილომეტრის გავლას შეძლებს. თუმცა მზის პანელების დახმარებით ავტომობილს ამ მანძილის 700 კილომეტრამდე გაზრდა შეეძლება. ბუნებრივია, მზის პანელებთან ერთად, Lighyear 0-ის დამუხტვა სადენის დახმარებითაც იქნება შესაძლებელი.

ჩვეულებრივ სარგებლობაში კი მომხმარებლები ამ მანძილს იშვიათად გადიან. შესაბამისად, ავტომწარმოებლის დათვლებით, ავტომობილით საშუალო სტატისტიკურად სარგებლობისას, მზის პანელების დახმარებით, Lightyear 0-ს დამუხტვა 2 თვეში ერთხელ დასჭირდება.

ავტომობილის საწარმოო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, Lightyear-ი ფინურ Valmet Automotive-თან ითანამშრომლებს. ამ უკანასკნელს ელექტრომობილების წარმოებაში უკვე 10-წლიანი გამოცდილება აქვს და ისეთ ბრენდებთან უთანამშრომლია, როგორიცაა: Mercedes-Benz-ი, Porsche და Saab-ი.

მსოფლიოში პირველად, Rolls-Royce-მა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა წარმატებით გამოცადა

ბრიტანული Rolls-Royce-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ წარმატებით გამოცადა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა. აღნიშნულ საწვავზე მომუშავე ძრავის წარმატებით გამოცდა პირველად მოხდა, რაც ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

Rolls-Royce

ბრიტანული ავტომწარმოებლის განცხადებით, გამოცდა წარმატებით Rolls-Royce-ის AE 2100-A თვითმფრინავის ძრავამ გაიარა, რომელიც ქარისა და ტალღის ენერგიით გამომუშავებულ წყალბადზე მუშაობდა.

ბრიტანულმა კომპანიამ აღნიშნული გამოცდა პარტნიორ easyJet-თან ერთად ჩაატარა. კომპანიების მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ წყალბადს აქვს შესაძლებლობა, იყოს უსაფრთხო და ეფექტიანი ენერგოჩამნაცვლებელი სამოქალაქო აეროძრავებისათვის.

Rolls-Royce-მა მომდევნო ტესტირების გეგმების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში წყალბადის ძრავით უშუალოდ ფრენების ტესტირებასაც გეგმავს.

ცნობისათვის, წყალბადი თანამედროვე ტექნოლოგიებიდან იმ ერთ-ერთ ალტერნატივას წარმოადგენს, რაც სამოქალაქო ავიაციას საკუთარი მიზნის მიღწევაში დაეხმარება – იყოს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ინდუსტრია 2050 წლისთვის.

შეგახსენებთ, რომ Rolls-Royce-ი წყალბადის საწვავზე მომუშავე ძრავის გარდა, თვითმფრინავებისათვის ელექტროძრავების განვითარებაზეც მუშაობს. ამ ტექნოლოგიის გამოყენება მოკლე მანძილის ფრენებისათვის იგეგმება. საავიაციო ტექნოლოგიების განვითარება Rolls-Royce-ის მიერ ბიზნესის დივერსიფიკაციის ნაწილია.

მასკმა Pepsi-ს Tesla-ს ელექტროსატვირთოების პირველი პარტია მიაწოდა

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილონ მასკმა Pepsi-ს Tesla-ს პირველი მძიმე დატვირთვის ელექტროსატვირთო მიაწოდა. თუმცა კომპანიას სატვირთოს მასობრივი წარმოების დაწყების პროგნოზების, მისი ღირებულებისა თუ ტვირთის ტევადობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კვლავ არ გაუვრცელებია. Pepsi-სათვის მიწოდებული პირველი ეგზემპლარი მეტწილად საჩვენებელ ხასიათს ატარებს და მარკეტინგული კამპანიის ნაწილია.

Tesla/Handout via REUTERS

სატვირთოს წარდგენის ღონისძიებაზე ილონ მასკმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ Tesla-ს ახალი მოდელი ტრადიციულ, დიზელზე მომუშავე სატვირთოებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, ჰაერის დაბინძურებას შეამცირებს და უფრო უსაფრთხოც იქნება.

ილონ მასკს ღონისძიებაზე Tesla Semi-ს ღირებულების შესახებაც არაფერი უთქვამს. Tesla-ს განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია საკუთარ ელექტროსატვირთოს ავტომობილების ნაწილების გადასაზიდად გამოიყენებს. ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელებული განცხადების თანახმად, 480-კილომეტრიანი Tesla Semi-ს ღირებულება 150,000 აშშ დოლარი იქნებოდა, 800-კილომეტრიანი სატვირთოსი კი – 180,000 აშშ დოლარი. თუმცა მოსალოდნელია, რომ ფასების ახალი პალიტრა სულ სხვაგვარი იქნება.

კომპანიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, წელს Tesla სავარაუდოდ 100 ერთეულ Semi-ს აწარმოებს. ილონ მასკის განმარტებით კი კომპანიის მიზანი 2024 წლისთვის 50,000 ერთეულის წარმოებაა. ცნობისათვის, PepsiCo-მ Tesla-ს 2017 წელს 100 ერთეული ასეთი სატვირთო შეუკვეთა.

Pepsi-მ მიწოდებული ელექტროსატვირთოს დახმარებით პირველი მგზავრობა უკვე შეასრულა და ნევადაში ღონისძიების დამსწრეებისათვის PepsiCo-ს პროდუქცია გადაზიდა.

Honda 2029 წლისთვის მესამე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგიის განვითარებას გეგმავს

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, Honda 2029 წლისთვის საკუთარ თვითმართვად ტექნოლოგიას შექმნის, რომელიც ავტომობილებს ნებისმიერი სიჩქარით სიარულის შესაძლებლობას მისცემს ნებადართულ ფარგლებში. ცნობისათვის, Honda Motor Co 2021 წლის მარტში მსოფლიოში პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომელმაც მესამე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგიის მქონე ავტომობილი გაყიდა.

REUTERS/Issei Kato/File Photo

ცნობისათვის, ამჟამად არსებული მესამე თაობის ტექნოლოგია თვითმართვადი მხოლოდ გარკვეულ გარემოებებშია. შესაბამისად, ტექნოლოგიას დახვეწა და განვითარება სჭირდება. ამჟამად სხვა აქტივობები დაკავება მხოლოდ შესაბამისი საფარის მქონე გზაზე, შეზღუდული სიჩქარით შეიძლება. Honda სწორედ აღნიშნულის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Honda Motor Co-ს ამჟამინდელი მესამე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგია მხოლოდ გზატკეცილებზე ფუნქციონირებს და 50 კმ/სთ სიჩქარის მიღწევისას ითიშება. ავტომწარმოებელს ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური მიზანი აქვს. Honda-ს სურს, რომ ამ ტექნოლოგიის დახმარებით 2050 წლისთვის საგზაო შემთხვევების ფატალურად დასრულების მაჩვენებელი 0-მდე შეამციროს.

ელექტრომობილების ბაზარზე კვლავ TESLA დომინირებს, თუმცა პოზიციას კარგავს

აშშ-ის მასშტაბით ელექტრომობილების ბაზარზე 65%-იანი წილით ისევ კომპანია Tesla დომინირებს, თუმცა ის დროთა განმავლობაში პოზიციას კარგავს, რადგან, შედარებისთვის, 2020 წელს ილონ მასკის კომპანია ბაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებდა.

Allison Dinner | Getty Images

S&P Global Mobility-ის უახლესი კვლევის თანახმად, Tesla-ს წილს ახლა უკვე სხვა კომპანიების საშუალოფასიანი ელექტრომობილები იკავებენ, მათ შორისაა: Hyundai Ioniq 5, Chevrolet Bolt, VW ID.4 და Mustang Mach-E.

ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს მომავალში Tesla ისევ გააგრძელებს ბაზარზე დომინირებას, თუმცა დროთა განმავლობაში მისი წილი შემცირდება და სხვა კომპანიების მის ჩანაცვლებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ელექტრომობილების ბაზარზე განსაკუთრებით მზარდი ტენდენცია ამერიკულ და კორეულ კომპანიებს აქვთ, იაპონური ავტომწარმოებლები კი პოზიციას კარგავენ.

მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილება ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული, პირველ რიგში ეს კონკურენციის გაძლიერებას უკავშირდება, რაც მოსალოდნელიც იყო, მეორე საკითხი კი უშუალოდ კომპანია Tesla-სთანაა დაკავშირებული, რომელიც დინამიკურ ბაზართან ადაპტირებას აგვიანებს და 30,000 დოლარზე იაფიანი ელექტრომობილის გამოშვებას აჭიანურებს, რაც Chevrolet-ის მსგავს კომპანიებს ბაზრის ამ სეგმენტის ათვისების საშუალებას აძლევს.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების ბაზარზე გერმანული კომპანიების (Mercedes, BMW, Audi, Porsche) წილი სტაბილურად იზრდება, ხოლო ჩინური კომპანიები, კერძოდ, BYD და Neo უახლოეს მომავალში აშშ-ის ბაზარზე ოფიციალურად შესვლისთვის ემზადებიან.

ნოემბერში, ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ბრენდი BYD-ი იყო – Tesla-ს მონაცემები იზრდება

გასულ კვირას გავრცელებული საბროკერო მონაცემების თანახმად, ნოემბრის პირველ ოთხ კვირაში ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ბრენდი BYD-ი გახლდათ. ადგილობრივმა მწარმოებელმა ნოემბერში გერმანული Volkswagen-ისათვის გადასწრება შეძლო და ჩინეთის ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

REUTERS/Toya Sarno Jordan/File Photo

საინტერესოა, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია Tesla-ს გაყიდვების მაჩვენებლებიც. ეს კი Tesla-ს მიერ Model 3-სა და Model Y-ზე გაკეთებული სპეციალური შეთავაზებების დამსახურებაა.

1 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე შუალედში ჩინეთში სულ 152,863 ერთეული BYD-ი გაიყიდა. ეს კი გასული წლის მონაცემებთან შედარებით 83%-იანი ზრდაა. ნოემბერში ჩინეთში მეორე ყველაზე გაყიდვადი ბრენდი 143,000 ერთეული ავტომობილით Volkswagen-ი, ხოლო მესამე ყველაზე გაყიდვადი ბრენდი 115,000 ერთეული ავტომობილით Toyota Motor Corp-ი გახდა.

Lamborghini-მ ლიმიტირებული რაოდენობის, 2023 წლის Off-Road Huracan Sterrato წარადგინა

იტალიური მდიდრული ავტომობილების მწარმოებლის, Lamborghini-ს მიერ 2019 წელს წარდგენილი Off-Road Huracan-ის საწარმოო ვერსია, როგორც იქნა, მზადაა. 4-წლიანი ლოდინის შემდეგ, ავტომოყვარულების წინაშე საკულტო მოდელის მაღალი გამავლობის ვერსია წარსდგა. იტალიური ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის Off-Road Huracan Sterrato შეზღუდული რაოდენობით, 1,500 ერთეული იწარმოება. მომხმარებლებისათვის მიწოდება კი მომდევნო წლიდან დაიწყება.

LAMBORGHINI

ავტომობილი საკულტო მნიშვნელობის ბევრი ფაქტორის გამოა. გარდა იმისა, რომ Lamborghini-სათვის ეს პირველი მაღალი გამავლობის სუპერქარია, Huracan Sterrato ის უკანასკნელი მოდელი იქნება, რომელშიც იტალიური ბრენდი საკუთარ ლეგენდარულ 10-ცილინდრიან (V10) ძრავს გამოიყენებს.

საინტერესოა, რომ ავტომობილის საწარმოო ვერსია მისი 2019 წლის კონცეპტისაგან დიდად არ განსხვავდება. Lamborghini-ს განცხადებით, ეს ინჟინრების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური ბრენდის გუნდი კონცეპტ ვერსიებს უდაბნოს პირობებში წლები ცდიდა. მათი განცხადებით, უმთავრესი გამოწვევა ძრავაში ჰაერის შეტანისას მტვრის ნაწილაკების მოხვედრის თავიდან აცილება გახლდათ, რასაც თავი საბოლოოდ მაინც გაართვეს.

თუმცა, ამ სისტემის გამართვამ, Huracan Sterrato-ს ძრავის შესაძლებლობები, მცირედით, მაგრამ მაინც შეამცირა. რეგულარულ Huracan-თან შედარებით, Sterrato 30-ით ნაკლები, 601 ცხენისძალის გამომუშავებას შეძლებს. Lamborghini-ს პროგნოზით, ავტომობილი 0-დან 100-მდე აჩქარებას 3.4 წამში შეძლებს, რაც შესანიშნავი შედეგია.

საინტერესოა, რომ იტალიურ ბრენდს ჯერჯერობით Sterrato-ს ინტერიერის ფოტოები არ გაუვრცელებია. თუმცა, მისი ექსტერიერიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერიერიც მაღალი გამავლობის, არაორდინალურ პირობებს იქნება მორგებული.

Lamborghini Huracan Sterrato-ს ღირებულება ევროპაში 270,000 აშშ დოლარი იქნება. ავტომობილი Huracan-თან ერთად გაიყიდება, მანამ სანამ ამ უკანასკნელის გაყიდვები შეწყდება.

Ferrari-მ მაღალი მოთხოვნის გამო Purosangue-ს შეკვეთების მიღება შეაჩერა

მდიდრული ავტომობილების იტალიური მწარმოებლის, Ferrari-ს მარკეტინგისა და კომერციული დირექტორის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრენდმა ახალ ავტომობილზე მაღალი მოთხოვნის გამო შეკვეთების მიღება დროებით შეაჩერა. საუბარია იტალიური ბრენდის ახალ, SUV მოდელზე, Purosangue-ზე, რომელზე მოთხოვნაც იმდენად მაღალია, რომ შეკვეთისთვის ლოდინის პერიოდი 2 წლამდე გაიზარდა.

REUTERS/Flavio Lo Scalzo/File Photo

შეგახსენებთ, რომ Ferrari-მ საკუთარი პირველი SUV-ი სექტემბერში წარადგინა. 12-ცილინდრიანმა, საწვავზე მომუშავე იტალიურმა სუპერქარმა ავტომოყვარულთა გულები მალევე დაიპყრო.

„საიდუმლო აღარ არის, რომ ახალი შეკვეთების მიღება შევაჩერეთ. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ჯერ არც ერთ მომხმარებელს არ მიუღია, მასზე რეკორდული მოთხოვნაა“ – განაცხადა Ferrari-ს მარკეტინგისა და კომერციულმა დირექტორმა.

ცნობისათვის, ჩვეულებრივ ახალი Ferrari-ს შეძენისას მოლოდინის პერიოდი 18 თვემდე გრძელდება. კომპანია უპირატესობას უკვე არსებულ მომხმარებლებს ანიჭებს. ახალი SUV-ის შემთხვევაში კი ეს პერიოდი უკვე 24 თვემდე გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს Ferrari Purosangue-სთვის შეკვეთების მიღებას.