პენტაგონმა Raytheon-ს უკრაინისათვის NASAMS-ების დამატებითი პარტია დაუკვეთა

პენტაგონმა Raytheon-ს უკრაინისათვის NASAMS-ების დამატებითი პარტია დაუკვეთა

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ამერიკულ სამხედრო კონტრაქტორ Raytheon-ს უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის გადასაცემად NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დამატებითი პარტია დაუკვეთა.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო კონტრაქტორს აშშ-ის არმიის კონტრაქტირების სარდლობამ 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გადასცა. შეთანხმების თანახმად, Raytheon Co.-მ უკრაინისათვის გადასაცემად NASAMS-ები, შესაბამისი აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები უნდა აწარმოოს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Raytheon-ისათვის გადაცემული შეკვეთა მზად დაახლოებით 2025 წლის 28 ნოემბრისთვის იქნება.

აშშ და სხვა პარტნიორი დასავლური სახელმწიფოები უკრაინას ჰსთ სისტემებსა თუ საჰაერო თავდაცვის სხვა საშუალებებს აქტიურად აწვდიან. რუსული რაკეტებისა და სამხედრო ავიაციისაგან თავდასაცავად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნული სახის შეიარაღება ესაჭიროება. უკრაინაში ამჟამად აშშ-ის მიერ გაგზავნილი ორი ერთეული NASAMS-ი საკმაოდ წარმატებით ოპერირებს.

ცნობისათვის, NASAMS-ი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და პოპულარული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა, რომელიც Raytheon-ისა და ნორვეგიული Kongsberg-ის ერთობლივ პროდუქტს წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *