გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას, გლობალურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მრავალმხრივი სიახლეებით გაგვანებივრეს: Meta-მ Facebook-ზე NFT-ფუნქციონალის ტესტირება დაიწყო და საკუთარი კრიპტოსაფულის, Novi-ს გათიშვის შესახებ განაცხადა. ამასთანავე, მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა FCC-ის კომისიის წევრმა, რომელმაც Google-სა და Apple-ს საკუთარი მარკეტფლეისებიდან TikTok-ის ამოღების შესახებ მოუწოდა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Meta Facebook-ზე NFT-ფუნქციონალს ტესტავს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს უდიდესმა სოციალურმა ქსელმა NFT-ფუნქციონალი სატესტო რეჟიმში გაუშვა – ამ ეტაპზე, საკუთარ პროფილზე NFT-ების განთავსების შესაძლებლობა ამერიკაში მცხოვრებ რამდენიმე კრეატორს აქვს. როგორც ირკვევა, Facebook-ის ეს ფუნქციონალი Instagram-ის იმ ანალოგიური ფუნქციონალის მსგავსი იქნება, რომელიც Meta-მ ჯერ კიდევ მაისში გაააქტიურა. იმ კრეატორებს, რომლებიც ტესტერთა მცირერიცხოვან ჯგუფში მოხვდებიან, საკუთარ პროფილზე „ციფრული საკოლექციო ნივთების“ განყოფილება გამოუჩნდებათ.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე ამგვარი ფუნქციონალის გაშვებას წინ უსწრებდა Meta-ს დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადება – ანტრეპრენიორმა განაცხადა, რომ მალე, Facebook-ზე NFT-ების განთავსება გახდებოდა შესაძლებელი. იმ დროს, ცუკერბერგმა ისიც აღნიშნა, რომ საკუთარი NFT-ების გაზიარებას მომხმარებლები ორთავე პლატფორმაზე, Facebook-ზე და Instagram-ზე შეძლებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფუნქციონალი ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი.

Facebook-ზე ახალი ფუნქციონალის სურათები პირველად Meta-ს პროდუქტის მენეჯერმა, ნავდიპ სინგმა Twitter-ზე გაავრცელა. როგორც სურათებიდან ირკვევა, მომხმარებლებს NFT-ების გაზიარება საკუთარ პროფილზე შეუძლიათ, ხოლო მათზე დაჭერით, ადამიანები ამ NFT-ის, მისი კოლექციისა და შემქმნელის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

თავის დროზე, როცა ანალოგიური ფუნქციონალი Instagram-ზე გამოჩნდა, მომხმარებლებს Etherium-ისა და Polygon-ის ბლოკჩეინებზე დამინტული NFT-ების გაზიარება შეეძლოთ, ახლა კი, პლატფორმის მესვეურები Solana-ს და Flow-ს ბლოკჩეინების დამატებაზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ Instagram-ისგან განსხვავებით, Facebook-თან ინტეგრაციისთვის ხელმისაწვდომი ბლოკჩეინების ჩამონათვალი Meta-ს ჯერჯერობით არ გაუზიარებია, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, რომ ჩამონათვალი განსხვავებული იყოს.

საინტერესოა, რომ Meta გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიით შექმნილი NFT-ების ფუნქციონალის მხარდაჭერასაც გეგმავს, რომელთა გაზიარებას მომხმარებლები Instagram-ზე კომპანიის AR-პლატფორმის, Spark AR-ის საშუალებით შეძლებენ. აქვე გეტყვით, რომ გასულ კვირას, მაისში დაწყებულმა ტესტირებამ გაცილებით უფრო მასშტაბური სახე მიიღო და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ფუნქციონალის სრულად გაშვებამდე არც თუ ისე დიდი დრო გვაშორებს.

როგორც ირკვევა, NFT-ების სოციალურ ქსელებში გაზიარებისთვის მომხმარებლებს დამატებითი გადასახადების გადახდა არ მოუწევთ. 

სექტემბერში Meta საკუთარ კრიპტოსაფულეს, Novi-ს საბოლოოდ გათიშავს

ისე კი, NFT-ფუნქციონალის დამატება ერთადერთი სიახლე არ არის, რომელიც Meta-მ გასულ კვირას დააანონსა: საქმე ისაა, რომ სექტემბრიდან, Meta საკუთარ კრიპტოსაფულე Novi-ს საბოლოოდ გათიშავს, რითაც ეს არც თუ ისე წარმატებული პროექტი, რომლის გამო მარკ ცუკერბერგს აშშ-ის კონგრესში მკვახედ შეხვდნენ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება.

სულ მალე, მომხმარებლები, ვერც Novi-ს აპლიკაციით და ვერც WhatsApp-ში ჩაშენებული ამ ფუნქციონალით შეძლებენ სარგებლობას, ხოლო 21 ივლისის შემდეგ, ციფრულ საფულეში თანხის შეტანასაც ვეღარ მოახერხებენ. მეტიც, Novi მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ საფულეში არსებული თანხები რაც შეიძლება მალე გაიტანონ. საინტერესოა ისიც, რომ საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ, მომხმარებლები ვერც ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

თუმცა, როგორც ჩანს, საკუთარი ციფრული საფულის ქონის Meta-სეული ამბიცია აქ არ სრულდება, რადგან ამგვარი გააქტიურება კომპანიას მეტავერსის პროექტში სურს. „Web3-ის მიმართულებით ჩვენგან კიდევ ბევრ სიახლეს უნდა ელოდოთ, რადგან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი იმის შესახებ, თუ რისი მოტანა შეუძლიათ ამ ტექნოლოგიებს მეტავერსში ჩართული ადამიანებისა და ბიზნესებისთვის“, – ვკითხულობთ Meta-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Novi-ს საპილოტე პროექტი Meta-მ წინა წლის ოქტომბერში დაიწყო, რომელიც, თავისთავად, რამდენიმე წლის წინ დაწყებული კრიპტოპროექტის, Diem-ის (მანამდე კი, Libra-ს) ერთგვარი გაგრძელება იყო. თუმცა, Novi-სთვის Meta-მ კრიპტოვალუტა დიემზე უარი თქვა და Paxos Trust Co-ს სტეიბლკოინი, USDP-ს გამოყენება დაიწყო, რომლითაც ამერიკასა და გვატემალაში მცხოვრებ ადამიანებს გარკვეული ტრანზაქციების განხორციელების საშუალება მისცა.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლების ყურადღების ცენტრში Facebook-ი მაშინვე მოექცა, როცა კომპანიამ საკუთარი კრიპტოვალუტის, ლიბრას გამოშვება დააანონსა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროექტისა და მისი რამდენიმე ვარიაციის წარუმატებლობა, დიდწილად, ამერიკელი კანონმდებლების მხრიდან შექმნილი წნეხის გამო ჩავარდა.

მეცნიერებმა კეანის ფსკერის თითქმის მეოთხედი რუკაზე დაიტანეს

საერთაშორისო ინიციატივაში, Seabed 2030-ში ჩართულმა მეცნიერებმა დედამიწაზე არსებული ზღვებისა და ოკეანეების ფსკერის 23.4% რუკაზე დაიტანეს, – ამის შესახებ BBC წერს. საინტერესოა, რომ ეს კვლევა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის, The Ocean Decade-ის ფარგლებში ხორციელდება, ძირითადად სახელმწიფოების, კომპანიებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ მოხალისეობრივი წესით მოწოდებულ ტოპოგრაფიულ მონაცემებს ეფუძნება.

Seabed 2030-ში ჩართულ მეცნიერებს ერთი მიზანი ამოძრავებთ – მათ სურთ, რომ 2030 წლისთვის დედამიწაზე არსებული ზღვებისა და ოკეანის ფსკერი რუკაზე სრულად დაიტანონ. აქვე უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ტექნოლოგიებისა და უკვე არსებული მონაცემების გამოყენებით, ეს მიზანი მიუღწეველი სულაც არ არის. ცნობისთვის გეტყვით, რომ მხოლოდ გასულ წელს, Seabead 2030-ის ფარგლებში მეცნიერებმა თითქმის 10 მილიონი კვადრატული კილომეტრი აღრიცხეს, რაც, რეალურად, ევროპის კონტინენტის ზომის ტერიტორიაა. თან, ამ შედეგს, მეცნიერებმა, უმეტესწილად არსებული არქივებით შესწავლით მიაღწიეს.

ფოტო: BBC

აღსანიშნავია, რომ ბათიმეტრიული მონაცემების შეგროვება მეცნიერებისთვის სხვა მიმართულებებითაც მნიშვნელოვანია – ამგვარი ინფორმაცია მათ კლიმატის ცვლილებისა და ოკეანის დაცვის მიმართულებით დაეხმარებათ. ამასთანავე, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერის რუკაზე დატანებით მეცნიერებს ცუნამისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების წინასწარ განჭვრეტა უკეთესად შეუძლიათ. „ზღვებისა და ოკეანეების ფსკერის სრული რუკა სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი დროის ყველაზე რთულ გარემოსდაცვით პრობლემებს, მათ შორის კლიმატის ცვლილებასა და საზღვაო დაბინძურებას გავუმკლავდეთ“, – ვკითხულობთ Seabed 2030-ის პრესრელიზში.

საინტერესოა, რომ ჰორიზონტზე Seabed 2030-ის გამოჩენამდე, ზღვისა და ოკეანის ფსკერის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი თითქმის არ იყო. თანაც, ბათიმეტრიული მონაცემები, უმეტესწილად, სატელიტური ალტიმეტრის დახმარებით მოიპოვება, რაც ზღვისა და ოკეანის ფსკერის შესახებ არც თუ ისე ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს. დროის გასვლასთან ერთად, ეს ტექნოლოგიებიც დაიხვეწება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Seabed 2030-ის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაცია საჯაროდაც განთავსდება, GEBCO-ს გლობალურ სქემაზე.

2024 წლიდან MLB-ის თამაშების ადამიანებთან ერთად რობოტი რეფერიც განსჯის

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბეისბოლის მსოფლიოს წამყვან ლიგას, ამერიკულ Major League Baseball-ს 2024 წლიდან ადამიანებთან ერთად რობოტი რეფერიც დააკვირდება, – ამის შესახებ MLB-ის კომისიის თავმჯდომარემ, რობ მენფრენდმა ESPN-თან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რობოტი რეფერი ბურთის მოძრაობას აკვირდება და მის შესახებ ინფორმაციას მთავარ რეფერის აწვდის – რობოტის გამოყენება შეიძლება, როგორც თამაშის მსვლელობისას, ასევე კონკრეტული მომენტების გამეორების დროს. თავისთავად ცხადია, რომ თამაშის მსვლელობისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მსაჯების ეფექტიანობას საგრძნობლად ზრდის.

ფოტო: Boston Globe via Getty Images

აღსანიშნავია, რომ თამაშის მსვლელობაში რობოტი რეფერების ჩართვის მოთხოვნა არახალია, მაგრამ ის განსაკუთრებულად აქტუალური ბოლო დროს ადამიანი რეფერების მიერ დაშვებული არაერთი მნიშვნელოვანი შეცდომის შემდეგ გახდა. საინტერესოა, რომ არც თავად ტექნოლოგია არის ახალი – ის ბეისბოლის დამოუკიდებელ პროფესიულ ლიგაში, Atlantic League-ში 2019 წლის შემდეგ იტესტება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბეისბოლში ამგვარი ტექნოლოგიების დანერგვა წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო აუცილებელი ხდება. საქმე ისაა, რომ დროის გასვლასთან ერთად იხვეწება არამხოლოდ ტექნოლოგია, არამედ სპორტსმენების სხვადასხვა ტიპის უნარებიც – ამგვარად, ადამიან რეფერის ძალიან უჭირს, რომ 160 კმ/სთ-ში სიჩქარით ნასროლ ბურთს ზედმიწევნით კარგად დააკვირდეს.

Waymo, Volvo, Uber-ი და სხვები კალიფორნიაში თვითმართვადი სატვირთოების დაშვებას ითხოვენ

კალიფორნიაში თვითმართვადი სატვირთო ავტომობილების საჯარო გზებზე მიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის არგაუქმების შემთხვევაში, შტატი ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანობას დაკარგავს, – ამ შინაარსის ღია წერილი, რომელსაც ავტონომიური ავტომობილების მწარმოებელი წამყვანი კომპანიები აწერენ ხელს, კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომს უკვე გადაეგზავნა.

ღია წერილის ხელმომწერი კომპანიები აღნიშნავენ, რომ დაწესებული მკაცრი რეგულაციების ფონზე, შტატის გზებზე თვითმართვადი სატვირთოების ტესტირება შეუძლებელი ხდება, რამაც შესაძლოა, მწარმოებლებს სხვა შტატში გადაბარგებისაკენ უბიძგოს. ისე კი, ამგვარი რეგულაცია უცნაურია, რადგან კალიფორნია თვითმართვადი ავტომობილების ტესტირების ნამდვილი ჰაბია – მსუბუქი თვითმართვადი ავტომობილების ტესტირება კალიფორნიაში ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო.

ფოტო: The Verge

„რეალურად, 2012 წელს მიღებული პირველი კანონის შემდეგ უკვე ათი წელი გავიდა და ამ დროს, თვითმართვადი სატვირთო ავტომობილების კუთხით რეგულაცია არ დაძრულა“, – ვკითხულობთ ღია წერილში. „ვთხოვთ თქვენს ადმინისტრაციას საფუძველი ჩაუყაროს საკანონმდებლო პროცესს, რომლის შედეგად თვითმართვად სატვირთოებს საშუალება მიეცემათ კალიფორნიისა და კალიფორნიელებისთვის იმუშაონ, რითაც ჩვენი შტატი იმ ტექნოლოგიის ჰაბად იქცევა, რომელიც ტრანსპორტირების მომავალს განაპირობებს“.

აღსანიშნავია, რომ კომპანიების ღია წერილს გამოეხმაურა კალიფორნიის ძრავიანი ავტომობილების დეპარტამენტი, რომელმაც განაცხადა, რომ საპატრულო სამსახურთან ერთად მძიმეწონიანი (>4536 კგ) თვითმართვადი სატვირთო ავტომობილებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე მუშაობს, მაგრამ ამ პროცესის დროის გრაფიკი – ჯერჯერობით უცნობია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი თვითმართვადი სატვირთო ავტომობილების მიერ ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების მასობრივი ჩანაცვლებაა. International Transport Fund-ის 2017 წლის კვლევის თანახმად, თვითმართვადი სატვირთოების შემოსვლით, 2030 წლისთვის, ამერიკასა და ევროპაში სატვირთოების მძღოლებზე მოთხოვნა 50-დან 70%-მდე შემცირდება, რაც რამდენიმე მილიონ სამუშაო ადგილს უდრის.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში არსებულ ამ შიშებს კიდევ უფრო ამძაფრებს ტექნოლოგიური ავტომწარმოებლების მიერ შემოთავაზებული ისეთი თვითმართვადი სატვირთოები, რომელთაც მძღოლის კაბინა საერთოდ არ აქვთ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დამკვიდრდება თუ არა ახლო მომავალში ასეთი სატვირთო მანქანები, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თვითმართვადი ტექნოლოგიის განვითარების საწყის ეტაპზე, მას ადამიანის ახლო ზედამხედველობა სჭირდება.

ფოტო: Einride
რაზილიაში USB-C ტიპის პორტის უნივერსალურ დასამუხტ პორტად შემოღებაზე მსჯელობენ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებლების შემდეგ, USB-C ტიპის პორტის უნივერსალურ დასამუხტ პორტად შემოღებაზე საჯარო დისკუსია ბრაზილიის ტელესაკომუნიკაციო მარეგულირებელმა, Anatel-მაც წამოიწყო. შეგახსენებთ, რომ უნივერსალური დასამუხტი პორტის შემოღებასთან დაკავშირებული კანონი ევროკავშირმა გასულ თვეს მიიღო – ის 2024 წლის ბოლოდან შევა ძალაში. მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივით, ცოტა ხნის წინ, დემოკრატი სენატორების ნაწილიც გამოვიდა.

ფოტო: WCCFTECH

„ვერკვევით რა საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციებში, Anatel-ის ტექნიკურმა  გუნდმა საკითხი შეისწავლა და ბრაზილიური ბაზრისთვის მსგავსი შემოთავაზება წარმოადგინა“, – ვკითხულობთ ბრაზილიური მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ ბლოგში.

როგორც ირკვევა, USB-C ტიპის პორტის უნივერსალურ დასამუხტ პორტად დასახელების მთავარ არგუმენტებად ბრაზილიის მარეგულირებელი ელექტრონული ნარჩენების მოცულობის შემცირებას და მომხმარებლებისთვის საქმის გამარტივებას ასახელებს. თუმცა, საინტერესოა, რომ Anatel-ი რეგულაციის უარყოფით მხარეებზეც საუბრობს და მთავარ კონტრარგუმენტებად კანონის შემოღების მაღალ ღირებულებას და ინოვაციის ჩახშობას ასახელებს.

FCC: Apple-მა და Google-მა საკუთარი მარკეტპლეისებიდან TikTok- უნდა წაშალონ

ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ერთ-ერთი წევრი, ბრენდან კარი Apple-სა და Google-ს მიმართავს და მათ საკუთარი მარკეტპლეისებიდან ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის წაშლისკენ მოუწოდებს. კომისიის წევრის აზრით, TikTok-ი ვიდეოების გასაზიარებელი პლატფორმა კი არ არის, არამედ ჩინეთის სახელისუფლებო თვალთვალის მანქანა.

ფოტო: Ascannio / Shutterstock

„გასულ კვირას შემაშფოთებელი ახალი რაპორტი გავრცელდა, რომელმაც ნათელი მოფინა იმ საფრთხეებს, რომელთაც TikTok-ი ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს… BuzzFeed News-ის მიერ გაჟონილ აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით მომზადებულმა ანგარიშმა გვაჩვენა, რომ ByteDance-ის ხელმძღვანელობამ TikTok-ის ამერიკელი მომხმარებლების სენსიტიური მონაცემები არაერთგზის გამოიყენა”, – ვკითხულობთ ბრენდან კარის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვაზე საუბარი პირველად 2020 წელს დაიწყო, როცა ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი აიკრძალებოდა, თუკი ის ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არ გადავიდოდა. მოგვიანებით, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს საპრეზიდენტო განკარგულება გააუქმა.

საინტერესოა, რომ ფედერალური კომისიის წევრის განცხადებას TikTok-ი მალევე გამოეხმაურა: „ვიცით, რომ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გულდასმით შესწავლილი კომპანია ვართ, რის გამოც ვცდილობთ, ამერიკელი მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაჩენილი შეკითხვები უპასუხოდ არ დავტოვოთ. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან ვთანამშრომლობთ, მუდმივად ვაახლებთ ჩვენს უსაფრთხოების სტანდარტებს და პროცესებში რესპექტაბელურ და მიუკერძოებელ მესამე პირებს ვრთავთ“, – ვკითხულობთ TikTok-ის განცხადებაში.