გასული კვირა ტექნოლოგიური სიახლეებით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა: სტრიმინგმა აშშ-ში საკაბელო ტელევიზიას მაყურებელთა რიცხვით პირველად გადაუსწრო, ხოლო Amazon-მა საკუთარ აპლიკაციაში TikTok-ის მსგავსი ფუნქციონალს ტესტირება დაიწყო. სიახლეებია საქართველოშიც, სადაც ქართულმა ფინტექ-სტარტაპმა, Payze-მ ონლაინგადახდების აპლიკაცია შექმნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
სტრიმინგმა საკაბელო ტელევიზიას მაყურებელთა რიცხვით პირველად გადაუსწრო
მიმდინარე წლის ივლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტრიმინგ-სერვისებმა საკაბელო ტელევიზიას მაყურებელთა რიცხვით ისტორიაში პირველად გადაუსწრო, – ამის შესახებ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის, Nielsen-ის ყოველთვიურ ანგარიშში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სტრიმინგ-სერვისების მაყურებელთა რიცხვმა 22.6%-ით იმატა და ბაზრის წილის 34.8% დაიკავა.
სტრიმინგ-სერვისების პოპულარობის ზრდა, Nielsen-ის ვარაუდით, უმეტესწილად, გასულ თვეს გამოშვებული მნიშვნელოვანი ექსკლუზიური ფილმებისა და სერიალების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. თუმცა, ამასთანავე, როგორც Nielsen-ის სტრატეგოსმა Forbes-ს განუცხადა, სტრიმინგ-სერვისების მაყურებელთა რიცხვის ზრდა, ნაწილობრივად მაინც, საკაბელო და სატელევიზიო არხებზე სპორტული კონტენტის ივლისისთვის დამახასიათებელმა ნაკლებობამ განაპირობა.
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ Nielsen-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიაზრებს, როცა ადამიანები კონტენტს ტელევიზორით ან ინტერნეტთან დაკავშირებულ ტელევიზორით უყურებენ და არა სმარტფონებითა და ლეპტოპებით. ამრიგად, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სტრიმინგ-სერვისების წილი საგრძნობლად უფრო მაღალია, ვიდრე გაცხადებული 34.8%.
აღსანიშნავია, რომ სტრიმინგ-სერვისების მაყურებელთა რიცხვის ზრდის პარალელურად საგრძნობლად შემცირდა ამერიკული საკაბელო და სატელევიზიო (ინგლ. Broadcast) არხების მოხმარება. საკაბელო არხების მაყურებელთა რიცხვი წლიდან წლამდე 8.9%-ით შემცირდა და 34.4% შეადგინა, რაც, თავისთავად, ერთი თვის ჭრილში დაფიქსირებული 2%-იანი კლებაა. სატელევიზიო არხების ყურების სიხშირე 9.8%-ით შემცირდა და 21.6% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტრიმინგ-კომპანიებისთვის სამაგალითო კიდევ ერთი მიზეზით აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ივლისში, მომხმარებლები სტრიმინგ-პლატფორმებზე არსებულ კონტენტს კვირაში საშუალოდ 190.9 მილიარდი წუთის განმავლობაში უყურებდნენ, რაც 7.9 მილიარდი წუთით აღემატება წინა რეკორდს, რომელიც 2021 წლის შობის კვირას დაფიქსირდა.
საინტერესოა, რომ Nielsen-ის მონაცემებით სტრიმინგ-სერვისებს შორის კვლავაც Netflix-ი დომინირებს, რომელმაც მომხმარებელთა საგრძნობი კლების მიუხედავად, სტრიმინგ-კომპანიების მთლიანი წილის 8% დაიკავა. Netflix-ის ივლისში დაფიქსირებული პოპულარობა, უმეტესწილად, პლატფორმის საკულტო სერიალის, Stranger Things-ის ახალი სეზონის გამოშვებამ გამოიწვია, რომელსაც ერთ თვეში თვრამეტი მილიარდი წუთის განმავლობაში უყურეს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მეორე ადგილზე YouTube-ი და YouTube TV გავიდნენ – ორთავე აპლიკაციამ, ჯამში, სტრიმინგ-ბაზრის წილის 7.3% დაიკავა, რაც ივნისის მაჩვენებელს 0.4%-ით აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, YouTube TV-მ კიდევ ერთ ნიშანსვეტს მიაღწია და ხუთი მილიონი გამომწერი მოაგროვა. ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ YouTube TV-ის საკუთარი წარმოების კონტენტი თითქმის არ აქვს, ის სატელევიზიო პროგრამების კარგი და უფრო იაფი ალტერნატივაა, რომელიც ყველა სატელევიზიო არხს აერთიანებს, თვეში $65-ად.
სტრიმინგ-კომპანიებს შორის მესამე ადგილზე, 3.6%-იანი წილით Hulu გავიდა, რაც, უმეტესწილად, Only Murders In The Building-ის ახალი სეზონისა და სრულიად ახალი სერიალის, The Bear-ის გამოშვებამ განაპირობა. მან სამი მილიარდი წუთი მოაგროვა.
რეიტინგის მეოთხე ადგილი დაიკავა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Amazon-ის Prime Video-მ, რომელმაც The Terminal List-ისა და The Boys-ის ახალი სეზონის გამოშვებით ბაზრის 3% მოიცვა და რვა მილიარდი წუთი მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო არხებთან მიმართებით, გასული თვის მონაცემები დიდად არ განსხვავდება არც ამ და არც გასული წლის ივნისთან, რადგან სტრიმინგ-სერვისი, როგორც წესი, სატელევიზიო არხებს სისტემატურად სჯობნის. თუმცა, მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირდა ისაა, რომ სტრიმინგ-სერვისებმა მაყურებელთა რიცხვით საკაბელო ტელევიზიას გადაუსწრეს, რაც ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა.
Apple Watch-ისა და MacBook-ის წარმოება Apple-ს ვიეტნამში გადააქვს
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, Apple-ი ორი საკუთარი პროდუქტის, Apple Watch-ისა და MacBook-ის წარმოებას ვიეტნამში გეგმავს, რითაც ჩინეთში არსებული საწარმოო ჯაჭვების დივერსიფიკაცია სურს, – ამის შესახებ Nikkei Asia რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვიეტნამში ოპერირება Apple-ის ორმა მომწოდებელმა – Luxshare Precision Industry-მ და Foxconn-მა უკვე დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ვიეტნამში არსებული საწარმოო ხაზის გაფართოება უცნაური და მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ჩინეთის შემდეგ, Apple-ის პროდუქტების უმეტესობა, მათ შორის iPad-ები და AirPods-ები ისედაც იქ იწყობა – ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ვიეტნამში HomePod-ის წარმოებაც დაიწყოს. თუმცა, ქვეყანაში Apple Watch-ის წარმოების დაწყება, რომელიც გაცილებით უფრო რთული პროდუქტია, რომლის აწყობა მაღალტექნოლოგიურ ცოდნას მოითხოვს, ვიეტნამისთვის დიდი გამარჯვებაა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2018 წლის შემდეგ, ქვეყანაში Apple-ის სულ მცირე რვა ახალი მომწოდებელი დარეგისტრირდა, რამაც ვიეტნამში საწარმოო ხაზების გახსნისაკენ სხვა ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის Google-ს, Dell-სა და Amazon-ს უბიძგა.
ფოტო: 9to5Mac.com
შეგახსენებთ, რომ ვიეტნამში Apple-ის წარმოების გადატანას აქვს, როგორც პრაქტიკული, ასევე უფრო ყოვლისმომცველი მიზეზები. პრაქტიკული მიზეზია ის, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ მკაცრი ანტიკოვიდური რეგულაციების გამო, ქვეყანაში ხშირად ცხადდება ლოკდაუნი, რაც კომპანიების მიწოდების ჯაჭვებს არღვევს. უფრო ფართო მიზეზი კი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობაა, რომელიც, ბოლო დროს, ტაივანის საკითხის გამო კიდევ უფრო მეტად დაიძაბა.
„AirPods-ები, Apple Watch-ები, HomePod-ები და კიდევ უამრავი რამ… ვიეტნამში Apple-ს დიდი გეგმები აქვს, რომლებიც მხოლოდ iPhone-ების წარმოებას არ უკავშირდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ Nikkei Asia-სთან საუბრისას. „MacBook-ებში გამოყენებული კომპონენტები სულ უფრო და უფრო მოდულარული ხდება, რაც ლეპტოპების ჩინეთის გარეთ წარმოებას ამარტივებს. თუმცა, [ვიეტნამური] წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა კიდევ ერთი დამატებითი დაბრკოლებაა“.
შეგახსენებთ, რომ ვიეტნამში საკუთარი პროდუქტების წარმოება Apple-მა 2020 წელს დაიწყო, როცა ქვეყანაში AirPods-ების საწარმოო ხაზი შექმნა. თავის დროზე, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწყებულმა სავაჭრო ომმა მიაღებინა. თუმცა, თავისთავად ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ Apple-ი, რომელიც საკუთარი პროდუქტების წარმოებისთვის ჩინეთზე დეკადების განმავლობაში იყო დამოკიდებული, მზად იყო საკუთარი საწარმოო პოლიტიკისთვის გადაეხედა.
„ჩინეთის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ქარხნის როლი, სავაჭრო ომისა და ანტიკოვიდური პოლიტიკის შემოღების შემდეგ საგრძნობლად დასუსტდა“, – ამბობს კვლევითი ორგანიზაციის, Isaiah Research-ის უფროსი მკვლევარი, ედი ჰანი. „ამგვარად, ვიეტნამი, რომელიც ჩინეთთან ახლოს მდებარეობს, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის იდეალურ მიმართულებად ყალიბდება“.
აღსანიშნავია, რომ ვიეტნამის გარდა, Apple-ი საკუთარი წარმოების გაზრდას ინდოეთშიც გეგმავს, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისში, კომპანიამ iPhone 13-ის აწყობა დაიწყო.
Amazon-ი საკუთარ აპლიკაციაში TikTok-ის მსგავს ფუნქციონალს ტესტავს
როგორც ჩანს, ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის გავლენა იმდენად დიდია, რომ კომპანიის მიერ შემოტანილი გარკვეული ფუნქციონალების დანერგვა მსოფლიოს უდიდეს ონლაინმაღაზიას, Amazon-საც სურს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Amazon-ი საკუთარ აპლიკაციაში ისეთ ფუნქციონალს ტესტავს, რომელიც მომხმარებლებს მერჩანტების მიერ გაზიარებული სურათებისა და ვიდეოების TikTok-ის სტილში დათვალიერების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ამგვარი ფუნქციონალით ახლა Amazon-ის რამდენიმე თანამშრომელი სარგებლობს.
როგორც ირკვევა, Amazon-ის ამ ფუნქციონალს Inspire-ი ჰქვია და ის აპლიკაციაში ბრილიანტის ფორმის ვიჯეტითაა გამოხატული. ამ ფუნქციონალის გააქტიურების შემდეგ, ონლაინმაღაზიის მომხმარებლები ისეთ გვერდზე გადადიან, რომელზეც სურათებისა და ვიდეოების უწყვეტი ნაკადი არის წარმოდგენილი – სწორედ ისე, როგორც ეს TikTok-ში ხდება. საინტერესოა, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, როგორც კონტენტის მოწონება და გაზიარება, ასევე გამოსახული პროდუქტების შეძენაც.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ი ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია არ გახლავთ, რომელიც TikTok-ის მსგავს ფუნქციონალს ამატებს: თავის დროზე, მსგავსი ფუნქციონალი დაამატა YouTube-მა, Instagram-მა და Facebook-მა. აღსანიშნავია, რომ TikTok-ის გავლენა სოციალურ ქსელებზე იმდენად მრავლისმომცველია, რომ ბაზარზე გამოჩენიდან მოკლე დროში, ის მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის, Facebook-ის პირდაპირი კონკურენტი გახდა და ამერიკული გიგანტის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად შეარყია. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინური სოციალური ქსელი 2021 წლის ყველაზე ხშირად გადმოწერილი აპლიკაციაა, რომელსაც ამერიკელ ტინეიჯერთა დაახლოებით 67% იყენებს.
Tencent-ის შემოსავალი 2004 წლის შემდეგ პირველად შემცირდა
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Tencent-ის შემოსავალი პირველად შემცირდა 2004 წლის შემდეგ, როცა კომპანიამ საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე პირველად განათავსა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. როგორც ირკვევა, აპრილიდან ივნისამდე, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, Tencent-ის შემოსავალი 3%-ით შემცირდა და $20 მილიარდი შეადგინა, რაც გამოწვეულია, როგორც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებით, ასევე ონლაინ სარეკლამო ბაზრის შეკუმშვით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ტექნოლოგიური კომპანიებისთვის დაწესებული მკაცრი რეგულაციებითა და მომხმარებელთა შემცირებული დანახარჯებით.
აღსანიშნავია, რომ Tencent-ი ერთადერთი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი არ გახლავთ, რომლის შემოსავალი შემცირდა – ამავე კვარტალში, 0.1%-ით შემცირდა ჩინეთის უდიდესი ონლაინმაღაზიის მფლობელი კომპანიის, Alibaba Group-ის შემოსავალიც. საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდამდე, ორთავე კომპანიის შემოსავლები საგრძნობლად იზრდებოდა, ხოლო კლება გასული წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში დაიწყო – ამ დრომდე კი, Tencent-ის შემოსავლები ორნიშნა და ზოგჯერ სამნიშნა მაჩვენებლითაც იზრდებოდა.
ჩინური კომპანიების შემოსავლის კლების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შენელება, რომელიც განსაკუთრებით დააწვა მხრებზე რეგულაციებით ისედაც დამძიმებულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პანდემიასთან ბრძოლის მკაცრი პოლიტიკის ფონზე, რომელმაც ბიზნესების პარალიზება გამოიწვია, ჩინეთის ეკონომიკამ გასული ორი წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე ნელი ტემპი – წლიური 0.4% დააფიქსირა.
თუმცა, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების გარდა, Tencent-ის შემოსავლების შემცირება ვიდეოთამაშების ბიზნესის 1%-იანმა კლებამაც გამოიწვია. ამ მიმართულებით, ტენდენცია ასეთია: ერთი მხრივ, დასასრულს უახლოვდება პანდემიის დროს ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში დაწყებული ბუმი, ხოლო მეორე მხრივ, ინფლაცია მომხმარებლებს აიძულებს, ბიუჯეტი მეტად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებისკენ მიმართონ.
ამასთანავე, ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციების ფონზე, Tencent-ს პრობლემები ექმნება ახალი თამაშების გამოშვებასთან დაკავშირებით – შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ახალი კანონი მიიღო, რომლითაც ახალგაზრდებს ვიდეოთამაშებისთვის სათამაშო დროის ლიმიტები დაუწესა. აქვე უნდა ითქვას, რომ იმ კომპანიებს, რომელთაც სურთ, ვიდეოთამაშების მომხმარებლებისგან შემოსავალი მიიღონ, სახელმწიფოსგან დასტური უნდა აიღონ ამა თუ იმ თამაშის გამოშვებასთან დაკავშირებით – ეს პროცესი რვა თვის განმავლობაში იყო გაჩერებული და მიმდინარე წლის აპრილში განახლდა, მაგრამ მას მერე, ლიცენზია Tencent-ის არც ერთ თამაშს არ მიუღია.
თუმცა ყველაზე დიდი დარტყმა Tencent-მა მაინც ონლაინ სარეკლამო ბიზნესისგან მიიღო, რომელიც ზედიზედ მესამე კვარტალია, რაც იკლებს – მიმდინარე კვარტალში, Tencent-ის შემოსავალი ამ ბიზნესიდან 18%-ით შემცირდა და $2.7 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ შემცირებული შემოსავლების ფონზე, ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა რამდენიმე არაპროფილური ბიზნესი გაყიდა და დანახარჯების შემცირება გადაწყვიტა – ამასთანავე, კომპანია ეფექტიანობის გაზრდასაც გეგმავს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ივნისის ბოლოსთვის, Tencent-მა 5500 თანამშრომელი გაათავისუფლა, რაც თავისთავად, თანამშრომლების რიცხვის პირველი კვარტალური კლებაა 2014 წლის შემდეგ.
ქართულმა ფინტექ–სტარტაპმა, Payze-მ ონლაინგადახდების აპლიკაცია შექმნა
ონლაინგადახდების ინდუსტრიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართულმა სტარტაპმა, Payze-მ საკუთარი მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებლებს რეალურ დროში საკუთარი გაყიდვების სტატისტიკისა და ანალიტიკის მონიტორინგის საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ Payze-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ. Payze-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც Android-ის, ასევე iOS-ის სისტემებზე.
ფოტო: Payze
„რეალურად, ვცდილობთ ბიზნესს გვერდში მაქსიმალურად ამოვუდგეთ და ჩვენი პროდუქტები შესაბამისად განვავითაროთ. ეს აპლიკაცია ბიზნესის მმართველებს, ბუღალტრებსა და სხვა სუბიექტებს მობილურ წვდომას აძლევს, როგორც ვაჭრობის პროცესზე, ასევე ტრანზაქციებსა და სტატისტიკაზე“, – ამბობს Payze-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი გეგა წურწუმია Forbes Georgia-სთან საუბრისას და დასძენს, რომ მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, წლის ბოლომდე, აპლიკაცია კიდევ უფრო დაიხვეწება.
შეგახსენებთ, რომ Payze-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც დაარსებიდან მოკლე დროში 500 Startups-ისა და VISA-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში გაიმარჯვა. ამასთანავე, Payze-ი პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, სილიკონ-ველზე არსებული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა.
American Airlines-მა Boom Supersonic-ს ოცი ზებგერითი თვითმფრინავი დაუკვეთა
მსოფლიოს უმსხვილესმა ავიაკომპანიამ, American Airlines-მა Boom Supersonic-ს ოცი ზებგერითი თვითმფრინავი დაუკვეთა, – ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ. ამ გარიგებით, რომელიც დამატებით ორმოცი თვითმფრინავის შეძენის საშუალებასაც ითვალისწინებს, American Airlines-ი რიგით მეორე ავიაკომპანია გახდა, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ულტრასწრაფი საჰაერო მიმოსვლის გლობალურ ტრენდად დაბრუნების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
ფოტო: Boom Supersonic
მხარეებს შორის შემდგარი გარიგების ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ, როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, American Airlines-ის მიერ პირველი ოცი თვითმფრინავისთვის გადახდილი დეპოზიტი დაბრუნებას არ ექვემდებარება. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული შეთანხმება საბოლოო არ არის და ის American-ის მიერ უსაფრთხოების შემოწმების წარმატებით გავლაზე და Boom-ის მიერ საკუთარი ვალდებულებების პირნათლად შესრულებაზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ამ დრომდე, Boom Supersonic-ს არცერთი სრულმასშტაბიანი ზებგერითი თვითმფრინავი არ შეუქმნია.
„Overture-ების ჩაბარებამდე, Boom-მა ინდუსტრიაში დამკვიდრებული საოპერაციო, საექსპლუატაციო და უსაფრთხოების სტანდარტები და American-ის მიერ წამოყენებული სხვა პირობები უნდა დააკმაყოფილოს“, – ვკითხულობთ ამერიკული ავიაკომპანიის პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ Boom-ის მიერ წარმოებული Overture-ის მოდელის თვითმფრინავები ყველა ტექნიკურ დათვალიერებას გაივლის, ბაზარზე ისინი 2025 წელს გამოჩნდება, ჰაერში კი – 2026 წელს. ამ გრაფიკს თუ დავეყრდნობით, კომერციულ ფრენებს Boom Supersonic-ის თვითმფრინავები 2029 წელს დაიწყებენ. როგორც Boom-ში განმარტავენ, 2029 წლისთვის, მათი თვითმფრინავები ნიუ-იორკიდან ლონდონამდე 3.5 საათში ჩაფრინდებიან, ხოლო ლოს-ანჯელესიდან სიდნეიმდე 6 საათსა და 45 წუთში. მოსალოდნელია, რომ ამგვარ ფრენაზე ბილეთის ფასი $5000-იდან დაიწყოს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Boom Supersonic-ი ამერიკის შტატ კოლორადოში დაფუძნებული სტარტაპია, რომლის მთავარ მიზანს ზებგერითი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ ავიაინდუსტრიის ეს მიმართულება ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაეცა, როცა Concorde-მა, რომელიც ბგერის სიჩქარეზე ორჯერ უფრო სწრაფად დაფრინავდა, საკუთარი დანაპირები ვერ შეასრულა და ბიზნესიდან გავიდა.
საყურადღებოა, რომ American Airlines-ის გარდა, Boom Supersonic-ს კონტრაქტი აკავშირებს United Airlines-თანაც – კომპანიები თხუთმეტი ზებგერითი თვითმფრინავის შესყიდვაზე არიან შეთანხმებულები, მაგრამ გარიგება დამატებით ოცდათხუთმეტი თვითმფრინავის შეძენის საშუალებასაც ითვალისწინებს. ზემოხსენებული ამერიკული კომპანიების გარდა, Boom Supersonic-ი Japan Airlines-თან და Virgin Group-თან თანამშრომლობს – ეს უკანასკნელი, საკუთარ ზებგერით თვითმფრინავებსაც ქმნის. ამასთანავე, Boom Supersonic-ი ურთიერთგაგების მემორანდუმებითაა დაკავშირებული Rolls-Royce-თან და ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებთან. საერთო ჯამში, სტარტაპს $270 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული.
გასულ ივლისს, Boom-მა საკუთარი თვითმფრინავის განახლებული დიზაინი წარმოადგინა – ზებგერით თვითმფრინავს დამატებითი ძრავა, მეტად კონტურირებული კორპუსი და თოლიისებრი ფრთები აქვს. მოსალოდნელია, რომ Boom-ის ზებგერითი თვითმფრინავის საბოლოო მოდელი, სამოცდაორი მეტრის სიგრძისა იქნება და დედამიწის ზედაპირიდან თვრამეტი კილომეტრის სიმაღლეზე იფრენს, 2027 კმ/სთ სიჩქარით.
Boom Supersonic-ში აცხადებენ, რომ მათი თვითმფრინავები ნახშირბადნეიტრალური იქნება და 100%-ით მდგრად საავიაციო საწვავს გამოიყენებს, მაგრამ ამ მიზნების განხორციელების კონკრეტული გეგმები, ჯერჯერობით, უცნობია. შეგახსენებთ, რომ გლობალური ავიაინდუსტრია ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნახშირორჟანგის ემისიების დაახლოებით 2%-ზე არის პასუხისმგებელი.