გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას ტექნოლოგიურ სამყაროში განსაკუთრებით ბევრი სიახლე კოსმოსის ათვისების მიმართულებიდან შემოვიდა: Starlink-მა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მათი სწრაფი სატელიტური ინტერნეტი თვითმფრინავებშიც იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო „როსკოსმოსმა“ დედამიწის ორბიტაზე პირველი ინტერნეტ-სატელიტები განათავსა. ამაღელვებელი ახალი ამბავი გაავრცელა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამაც – როგორც გაირკვა, Apple-ის წამყვანი ინდუსტრიული დიზაინერი, ევანს ჰენკი თანამდებობას ტოვებს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

მომავალი წლიდან Starlink-ის ინტერნეტი თვითმფრინავებშიც იქნება ხელმისაწვდომი

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი თვითმფრინავის ბორტებზეც იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული ინიციატივა Starlink Aviation-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და პირველ ეტაპზე ფუნქციონალი რამდენიმე ტიპის თვითმფრინავზე გაიტესტება, – ამის შესახებ SpaceX-ის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, Starlink-ის ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე 350 მეგაბაიტი-წამში იქნება, რაც საკმარისია როგორც ვიდეოზარებისთვის, ასევე სათამაშოდ და სხვა ინტერნეტ-ინტენსიური დავალებების შესასრულებლად.

აღნიშნული სიჩქარე, რომელსაც Starlink-ი საკუთარ მომხმარებლებს ჰპირდება, მართლაც კოლოსალურია. საქმე ისაა, რომ დედამიწის ზედაპირზე არსებულ გადამცემ ბოძებთან დაკავშირებული Wi-Fi-სისტემები, რომლებიც თანამედროვე თვითმფრინავების უმეტესობაში გამოიყენება, მომხმარებლებს, როგორც წესი, 10 მბ/წამში სიჩქარეს სთავაზობენ – თანაც ინტერნეტი მხოლოდ მაშინ იჭერს, როცა თვითმფრინავი მიწის ზემოთ მიფრინავს. საინტერესოა, რომ Starlink-ის მიერ შემოთავაზებული სიჩქარე თანამედროვე სატელიტური სისტემების მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარესაც უსწრებს – ისინი, როგორც წესი, 30 მბ/წმ-დან 100 მბ/წმ-მდე შუალედში მერყეობს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აღნიშნული რიცხვები ინტერნეტის საერთო ტრაფიკს გულისხმობს, ასე რომ ინტერნეტის რეალური ინდივიდუალური სიჩქარე გაცილებით ნაკლებია.

როგორც SpaceX-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს აღნიშნული შეზღუდვები არა აქვს და ის იჭერს როგორც აფრენამდე, ასევე აფრენისას, მიწისა და წყლის ზემოთ ფრენისას და დაფრენისას – ამასთანავე, მინიმალურია დაგვიანების დრო, ანუ ლატენტურობა, რომელიც 20 მილიწამის ტოლფასია. „Starlink Aviation-ი გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი“, – ვკითხულობთ Starlink-ის ხშირად დასმული შეკითხვების გრაფაში. „გამომდინარე იქიდან, რომ სატელიტები დედამიწის დაბალ ორბიტაზე არის განთავსებული, თქვენ ზემოთ ან ახლოს ყოველთვის არის სატელიტი, რომელსაც სიმაღლეებზე და პოლარულ რეგიონებში მძლავრი სიგნალის მიწოდება შეუძლია – გეოსტაციონარული სატელიტების შემთხვევაში, ეს ასე არ არის“.

საინტერესოა, რომ Starlink-ის აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენება უკვე არაერთ ავიაკომპანიას სურს: ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამის შესახებ განაცხადა, ამერიკული JSX-ი იყო, რომელმაც Starlink Aviation-ის ინტერნეტი ჯერ კიდევ აპრილში გამოცადა – იმ დროს ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე 100 მბ/წმ-ში იყო. JSX-ის გარდა, Starlink-თან თანამშრომლობა დააანონსა Hawaiian Airlines-მაც, რომელიც თვითმფრინავებში სატელიტური ინტერნეტის მიმღებების დამონტაჟებას მომავალი წლიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ Starlink-ის სერვისების თვითმფრინავებისთვის მიწოდების იდეა არახალია, მასზე კომპანიის დამფუძნებელი, ილონ მასკი დიდი ხანია, რაც საუბრობს. 2021 წლის მარტში SpaceX-მა აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას მიმართა და ინტერნეტის „მოძრავ პლატფორმებზე“ გამოყენების ავტორიზაცია მოითხოვა – აღნიშნული მოთხოვნა ეხება თვითმფრინავებს, გემებს, დიდი ზომის ტრაილერებსა და სახლი-ბორბლებზე-ტიპის (RV) მანქანებს. ამ ტექნოლოგიის გამოყენება Starlink-მა მალევე დაიწყო როგორც გემებზე, ასევე RV-ტიპის ავტომობილებზე.

„როსკოსმოსმა“ დედამიწის ორბიტაზე პირველი ინტერნეტ-სატელიტები განათავსა

საინტერესოა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი და მისი დანაყოფი Starlink-ი ერთადერთი არ იყო, რომელიც გასულ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ რუსულმა კოსმოსურმა სააგენტომ, „როსკოსმოსმა“ დედამიწის ორბიტაზე რუსეთში წარმოებული პირველი ინტერნეტ-სატელიტები, Гонец-М და Скиф-Д განათავსა, – ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.

როგორც ირკვევა, სატელიტი, სახელწოდებით Скиф-Д სადემონსტრაციო ნიმუშია – ის 160 კილოგრამს იწონის, 250 ვატს მოიხმარს და სამი წლის განმავლობაში მუშაობს. რუსული გამოცემის, „კომერსანტის“ ინფორმაციით, აღნიშნული სატელიტი ერთ-ერთია იმ მრავალ სატელიტთაგან, რომელთა გაყვანასაც რუსეთის ხელისუფლება დედამიწის ორბიტაზე გეგმავს – პროექტს, რომლის ფარგლებში ორბიტაზე 600-ზე მეტი სატელიტი განთავსდება, „სფერო“ ჰქვია და ის რუსეთის ფედერაციას 14 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით $227 მილიონი უჯდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პროექტი „სფერო“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა. მოსალოდნელი იყო, რომ 2022-2025 წლებში აღნიშნულ პროექტზე 58.5 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით $950 მილიონი დაიხარჯებოდა. თავის დროზე, 2020 წელს, აღნიშნული პროექტის ღირებულება 1.5 ტრილიონ რუბლად, ანუ $24.3 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ ერთ წელიწადში „როსკოსმოსის“ იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა ეს შეფასება თითქმის გაანახევრა და 800 მილიარდ რუბლამდე, ანუ $12.9 მილიარდამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოში, სატელიტური ინტერნეტის პროექტი „ეთერი“, რომელიც „სფეროს“ ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო, არასაკმარისი ფინანსირების გამო ციფრული ეკონომიკის სახელმწიფო პროგრამიდან ამოიღეს – პროექტ „ეთერის“ ფარგლებში, დედამიწის ორბიტაზე 288 სატელიტის განთავსება იყო დაგეგმილი. ამასთანავე, მას სხვა დატვირთვაც ჰქონდა, რადგან ამ პროექტს ამერიკული SpaceX-ისა და ევროპული OneWeb-ისთვის უნდა გაეწია კონკურენცია.

მოგვიანებით „როსკოსმოსის“ ახალმა ხელმძღვანელმა, იური ბორისოვმა განაცხადა, რომ „სფერო“ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო.

Apple-ის წამყვანი ინდუსტრიული დიზაინერი, ევანს ჰენკი თანამდებობას ტოვებს

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Apple-ის მთავარი დიზაინერი, ევანს ჰენკი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური გიგანტის მიერ წარმოებული მოწყობილობების დიზაინს ქმნიდა, ექვს თვეში თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ პირველად Bloomberg-ის ანალიტიკოსმა, მარკ გარმენმა დაწერა.

ფოტო: Moses Berkson / Courtesy of Evans Hankey

შეგახსენებთ, რომ ევანს ჰენკი Apple-ის ინდუსტრიული დიზაინის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტად ჯერ კიდევ 2019 წელს, მას მერე დაინიშნა, რაც კომპანია ლეგენდარულმა დიზაინერმა, ჯონი აივიმ დატოვა. ევანს ჰენკი მანამდეც Apple-ში მუშაობდა და სწორედ აივის ექვემდებარებოდა, მაგრამ მთავარ დიზაინერად დანიშვნის შემდეგ, მისი უშუალო უფროსი Apple-ის საოპერაციო დირექტორი, ჯეფ უილიამსი გახდა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ევანს ჰენკიმ კუპერტინოში მდებარე ოფისში, დახურულ კარს მიღმა განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია Apple-მაც დაადასტურა.

„Apple-ის დიზაინის გუნდში გაერთიანებულნი არიან მსოფლიოს ყველაზე შემოქმედებითი და მრავალმხრივად განვითარებული ადამიანები, რომლებიც Apple-სთვის დამახასიათებელ უნიკალურ პროდუქტებს ქმნიან“, – ვკითხულობთ ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ წერილში. „დიზაინის გუნდის მაღალ მენეჯმენტში ათწლეულების  განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების მქონე ლიდერები არიან. გარდამავალ პერიოდში ევანსი ჩვენთან დარჩენას გეგმავს და გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მისი ლიდერობისა და წვლილისთვის“.

აღსანიშნავია, რომ ევანს ჰენკის კომპანიიდან წასვლა ერთგვარად უნიკალური მოვლენაა: საქმე ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევაა სტივ ჯობსის მიერ გვიან 90-იან წლებში Apple-ის მართვის სადავეების ხელახლა გადმობარებისა და მთავარ დიზაინერად ჯონი აივის დანიშვნის შემდეგ, როცა კომპანიას დე-ფაქტო მთავარი დიზაინერი არ ეყოლება. ისე კი, აღნიშნული ფაქტი ფრიად შემაშფოთებელიცაა, რადგან Apple-სთვის მთავარი დიზაინერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციაა, რომელმაც 90-იან წლებში კომპანია გაბანკროტებას გადაარჩინა და რეალურად ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად აქცია, რომელიც, ანალიტიკოსების ვარაუდით, წელს $400 მილიარდის შემოსავალს მიიღებს.

აღნიშნული ფინანსური შედეგების ფონზე, Apple-ი ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც მიმდინარე წლის „დათვის ბაზარს“ შედარებით კარგად შეხვდა – 2022 წელს Apple-ის აქციები 22%-ით გაუფასურდა, მაშინ როცა Nasdaq-ის კომპოზიტური ინდექსის მაჩვენებელი, რომელშიც ბევრი ტექნოლოგიური კომპანია არის კონცენტრირებული, 31%-ით შემცირდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების აზრით, კომპანიიდან ჰენკის წასვლით Apple-ში ჯერ კიდევ ჯონი აივის წასვლის შემდეგ შექმნილი ხვრელი კიდევ უფრო გაღრმავდება. უცნობი და ბუნდოვანია ისიც, თუ რა მიმართულებით განვითარდება Apple-ის მოწყობილობების დიზაინი, განსაკუთრებითი იმის ფონზე, რომ უახლოეს მომავალში კომპანია არაერთი მნიშვნელოვანი მოწყობილობის, მათ შორის შერეული რეალობის სათვალისა და ელექტრომანქანის გამოშვებას გეგმავს.

Glovo-ს „თიბისის“ პროდუქტებისა და სერვისების შეძენის ფუნქციონალი დაემატა

საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეები არც საქართველოს მოაკლდა – ყველაფრის მიტანის აპლიკაციას, Glovo-ს „თიბისის“ პროდუქტებისა და სერვისების შეძენის ფუნქციონალი დაემატა, – ამის შესახებ „თიბისის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. ამ ეტაპზე Glovo-ს აპლიკაციაში ჩაშენებული სერვისები სამ კატეგორიას მოიცავს: „თიბისი ნაკრები“, „თიბისი კონცეპტი“ და „თიბისი კრედიტი“ – აღნიშნული სივრცეების გამოყენებით, მომხმარებლებს ბარათებისა და საბარათე ნაკრებების გააქტიურება შეუძლიათ.

აღნიშნული თანამშრომლობა ძალზე საინტერესოა ორთავე კომპანიისთვის. საქმე ისაა, რომ „თიბისისთვის“, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიად პოზიციონირებს, ყველაფრის მიტანის აპლიკაციაში გამოჩენა მომსახურების არეალის გაფართოებას და ახალ კლიენტებზე გასვლას ნიშნავს – თანაც ეს გადაწყვეტა საკმაოდ ინოვაციურია. რაც შეეხება Glovo-ს, რომელსაც სურს, რომ ყველას ყველაფერზე მარტივი წვდომა მისცეს იმ ქალაქში, სადაც არიან, აღნიშნული თანამშრომლობა უნიკალურია, რადგან ასე, ის საკუთარ პორტფელში არსებული პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალს კიდევ უფრო გააფართოებს.

ფოტო: თიბისი

„Glovo-ს აპლიკაციაში „თიბისის“ სერვისების ინტეგრირება „თიბისის“ მომსახურებაზე წვდომის არეალს კიდევ უფრო ზრდის. სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე წვდომის უზრუნველყოფით, ჩვენი თანამშრომლობა მომხმარებლებისთვის ბრენდის საუკეთესო გამოცდილების შექმნას გულისხმობს. Glovo-სთან თანამშრომლობა და ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე ერთობლივად ზრუნვა „თიბისისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

თუმცა ეს ყველაფერი როდია, რადგან, როგორც ჩანს, ორ კომპანიას შორის გაჩაღებული თანამშრომლობა აპლიკაციაში აღნიშნული სერვისებით არ შემოიფარგლება. როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, „თიბისის“ მომხმარებლებს Glovo-ს აპლიკაციაში სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები, წამახალისებელი აქტივობები და საერთო მარკეტინგული პროექტები დახვდებათ.

BMW სამხრეთ კაროლინაში ელექტრობატარეების $1.7-მილიარდიან ქარხნებს ააშენებს

ავტომობილების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და გავლენიანი ბრენდი, გერმანული BMW იმ ავტომწარმოებლების რიცხვს შეუერთდა, რომლებიც ელექტრომობილებზე დიდ ფსონს ჩამოდიან, რისთვისაც კომპანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, სამხრეთ კაროლინაში, ელექტრობატარეების $1.7-მილიარდიანი ქარხნების აშენების შესახებ განაცხადა, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

როგორც ირკვევა, აღნიშნული თანხა ორ ქარხანას მოხმარდება: $1 მილიარდი BMW-ს სპარტანბურგში მდებარე ქარხნის განახლებისთვის გამოიყოფა, ხოლო $700 მილიონი – ქალაქ ვუდრაფთან ელექტრობატარეების ასაწყობი ქარხნის ასაშენებლად. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც BMW ელექტრობატარეების წარმოებას გეგმავს – მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, გერმანული კომპანია ქარხნებს ევროპასა და ჩინეთშიც ააშენებს.

BMW-ს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან კომპანიას განზრახული აქვს, რომ 2030 წლისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელექტრომობილების სულ მცირე ექვსი მოდელი ააწყოს. ამასთანავე, სამხრეთ კაროლინაში ახალი ქარხნის აშენებით, BMW-ს შემდეგი თაობის პლაგ-ინ-ავტომობილებისთვის, კომპანია საგადასახადო შეღავათებსაც მიიღებს.

როგორც ირკვევა, სამხრეთ კაროლინაში გერმანული ავტოკონცერნი Envision AESC-სთან გეგმავს თანამშრომლობას – იაპონური ენერგოკომპანია ლითიუმ-იონურ ბატარეებს BMW-ს შემდეგი თაობის ელექტრომობილებისთვის მოამზადებს. მოსალოდნელია, რომ დასრულების შემდეგ ახალი ქარხნის წლიური გამომუშავება 30 გიგავატ-საათი იქნება.

ფოტო: REUTERS

თამამად შეიძლება ითქვას, რომ BMW-ს ეს გადაწყვეტილებაც, ისევე როგორც სხვა ავტომწარმოებლების მიერ ელექტრობატარეების ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოტანა, ქვეყნის მიერ გატარებულ ახალ საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში წარმოების წახალისებისკენაა მიმართული. აღნიშნული ქარხნების უმეტესობა ქვეყნის სამხრეთში აშენდება – ტერიტორიაზე, რომელსაც ე.წ. „ბატარეების სარტყელს“ უწოდებენ. ერთ-ერთი შეღავათი, რომელსაც კომპანიები წარმოების ამერიკაში გადმოტანით იღებენ, $7500-იანი საგადასახადო შეღავათია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე აწყობილ თითოეულ ელექტრომობილზე ვრცელდება. თავდაპირველად, აღნიშნულ პოლიტიკას არაამერიკული კომპანიები მკვახედ შეხვდნენ, მაგრამ მალე წარმოების აშშ-ში გადმოტანა არჩიეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ BMW-ს გარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების გაფართოების ან გადმოტანის შესახებ თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა განაცხადა. თანაც აღნიშნული ქარხნები აშკარად დიდი ზომისაა: Ford-ის უახლესი სამი ქარხნის წლიური გამომუშავება, მაგალითად, 129 გიგავატ-საათი იქნება, ხოლო General Motors-ისა და LG Chem-ის ქარხნები წელიწადში 140 გიგავატ-საათის მოცულობის ელექტრობატარეების წარმოებას შეძლებენ. მსგავსი, მაგრამ გაცილებით უფრო ამბიციური გეგმები აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავტომწარმოებელს, გერმანულ Volkswagen-ს, რომელიც 2030 წლისთვის ევროპაში ელექტრობატარეების ექვსი ქარხნის ამუშავებას გეგმავს, რომელთა ჯამური წლიური გამომუშავება 240 გიგავატ-საათი იქნება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ GlobalData-ს მონაცემებზე დაყრდნობით, 2020-დან 2024 წლამდე პერიოდში, ელექტრობატარეების გლობალური წარმოება 95.3 გიგავატ-საათიდან კოლოსალურ 410 გიგავატ-საათამდე გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილებზე მასობრივი გადასვლის ფონზე, ეს რიცხვი კიდევ და კიდევ გაიზრდება.

Apple-მა უდიდესი რუსული სოციალური ქსელი Vkontakte – App Store-ში დააბრუნა

თითქმის ერთთვიანი აკრძალვის შემდეგ, Apple-მა საკუთარ მარკეტპლეისზე, App Store-ზე უდიდესი რუსული სოციალური ქსელი, Vkontakte დააბრუნა, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. როგორც ირკვევა, Apple-მა Vkontakte იმის შემდეგ დააბრუნა, რაც რუსეთის ერთ-ერთმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, VK-მ დაამტკიცა, რომ „მისი საკონტროლო პაკეტი სანქცირებულ პირს ან სუბიექტს არ ეკუთვნის და არც მისი კონტროლის ქვეშ არის“.

„აღნიშნული დეველოპერის აპლიკაციები App Store-დან კანონის შესაბამისად, დეველოპერისადმი რამდენიმე მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ წაიშალა, რომლებშიც ვითხოვდით დოკუმენტაციას, რომ ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების კანონთან წინააღმდეგობაში არ იყო“, – ვკითხულობთ Apple-ის წარმომადგენლის, პიტერ აჟემიანის განცხადებაში. „წაშლის შემდეგ დეველოპერმა წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია და დაადასტურა, რომ „მისი საკონტროლო პაკეტი სანქცირებულ პირს ან სუბიექტს არ ეკუთვნის და არც მისი კონტროლის ქვეშ არის. ამგვარად, აპლიკაციები App Store-ზე აღდგა“.

ცნობისთვის გეტყვით, რომ VK ერთგვარი ტექნოლოგიური კონგლომერატია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სოციალური ქსელს, ასევე ელექტრონულ ფოსტას, საკვების მიტანის სერვისს და ონლაინგადახდების ფუნქციონალს. კომპანიის მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელს, VKontakte-ს 97 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს გარშემო, ხოლო კომპანიის ელექტრონულ ფოსტას, Mail.ru-ს, მხოლოდ რუსეთში 46 მილიონი ადამიანი იყენებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Apple-მა რუსულ ბაზარზე ახალი პროდუქტების გაყიდვა შეწყვიტა, ქვეყანაში Apple Pay-ის სერვისი გათიშა და რუსეთს გარეთ მყოფი მომხმარებლებისთვის პროპაგანდისტული რუსული მედიასაშუალებები, RT და Sputnik-ი აკრძალა.