თამამად შეიძლება ითქვას, რომ საახალწლო ჟრიამულის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველი კვირა გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის მეტად საინტერესოდ და საქმიანად დაიწყო. ტაივანურმა HTC-მ $1099-იანი VR/AR-სათვალის, Vive XR Elite-ის წინასწარი გაყიდვები დაიწყო, ხოლო Samsung-მა ახალი დისპლეი წარმოადგინა, რომელიც იკეცება და ფართოვდება. ამასთანავე, გასულ კვირას საინტერესო სიახლეები გაჟღერდა Twitter-თან დაკავშირებით, რომელსაც კომერციული ფართების მესაკუთრეები სასამართლოში უჩივიან. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Meta-მ ჭკვიანი შუშების მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია, Luxexcel-ი შეიძინა
მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის, Facebook-ის მფლობელმა კომპანიამ, Meta, რომელიც რა ხანია, მეტავერსულ კომპანიად პოზიციონირებს და ამ მიმართულებით ყოველწლიურად განვითარებისთვის მილიარდობით დოლარს ხარჯავს, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სათვალეების ბიზნესში კიდევ უფრო ღრმად შევიდა და ჭკვიანი შუშების მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია, Luxexcel-ი შეიძინა, – ამის შესახებ პირველად ნიდერლანდურმა გამოცემამ, De Tijd-მა დაწერა.
„მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ Luxexcel-ის გუნდი Meta-ს შეუერთდა, რითაც ორ კომპანიას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდა“, – ვკითხულობთ Meta-ს ფინანსური კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რაიან მურის განცხადებაში. საინტერესოა, რომ აღნიშნული განცხადება და გარიგება, რომელსაც ის ეხება, ნათლად ეხმიანება Meta-ს ტექნოლოგიური დირექტორის და მარკ ცუკერბერგის მარჯვენა ხელის, ენდრიუ ბოზუორთის ბლოგს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მეტავერსის განვითარებაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ნახევარი გაფართოებულ რეალობას, ნახევარი კი – ვირტუალურ რეალობას დაეთმობა.
აღსანიშნავია, რომ Meta-ს უახლესი პორტფელური კომპანია მეტად სპეციფიკურ ბაზარზე ოპერირებს – კომპანია 3D-პრინტერის გამოყენებით ექიმის მიერ გამოწერილი სათვალის შუშებს ქმნის, რომლებშიც გაფართოებული რეალობის სხვადასხვა ფუნქციონალის ინტეგრირება არის შესაძლებელი. ორი წლის წინ ნიდერლანდური კომპანია ამერიკულ WaveOptics-ის პარტნიორი გახდა – ეს უკანასკნელი ის კომპანიაა, რომელმაც Snap-ის ჭკვიანი სათვალისთვის, Spectacles-ისთვის დისპლეი შექმნა. ცნობისთვის გეტყვით, რომ Luxexcel-ი 2009 წელს ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში დაფუძნდა.
თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გარიგება, ამ ეტაპზე, დიდად არაფერს ცვლის – ის, რომ Meta გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს, საიდუმლო სულაც არ არის, მაგრამ, როგორც ენდრიუ ბოზუორთი ამბობს, საჯარო მოხმარების საგნად გადასაქცევად ამ ტექნოლოგიას წლები დასჭირდება. ისე კი, Meta-ს გაფართოებული რეალობის სათვალის მუშა ვარიანტის გამოჩენას უახლოეს რამდენიმე წელიწადში უნდა ველოდოთ, მაგრამ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავდაპირველად ამ პროდუქტზე წვდომა მხოლოდ კომპანიის დეველოპერებს ექნებათ, როგორც ეს Snap-ის Spectacles-ის შემთხვევაში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მეტავერსზე დაფუძნებული ახალი ხედვა ამერიკული გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს წარმოადგინა – იმ დროს Facebook-ი Meta-დ გადაკეთდა, რებრენდინგი განიცადა და, შეიძლება ითქვას, დანიშნულებაც შეიცვალა. მას მერე ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Ray-Ban-თან კოლაბორაციით შექმნილი ჭკვიანი სათვალე, Ray-Ban Stories-ი და ფლაგმანი AR/VR-სათვალე, Meta Quest Pro წარმოადგინა.
თუმცა, როგორც ჩანს, ყველა ეს სიახლე კომპანიაზე არცთუ ისე კარგად აისახება – საქმე ისაა, რომ რებრენდინგის შემდეგ დღემდე, Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 60%-ითაა შემცირებული. ამასთანავე, გასული წლის ბოლოს, კომპანია ვირტუალური რეალობის ერთ-ერთმა პიონერმა, ლეგენდარულმა ჯონ კარმაკმა დატოვა – როგორც მოგვიანებით გაირკვა, კარმაკი და Meta-ს მესვეურები კომპანიაში ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ.
კომერციული ფართის მესაკუთრე Twitter-ს ქირის გადაუხდელობის გამო უჩივის
როგორც ჩანს, ამერიკული სოციალური ქსელის, Twitter-ის გარშემო არსებული აჟიოტაჟი, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა კომპანიის შესყიდვა იმ დროს პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა გადაწყვიტა, ჯერჯერობით დაუსრულებელია. საქმე ისაა, რომ Twitter-ის სან-ფრანცისკოს ოფისის კომერციული ფართის მესაკუთრე კომპანიას ქირის გადაუხდელობის გამო სასამართლოში უჩივის, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ქირის გადაუხდელობის შესახებ კალიფორნიაში რეგისტრირებულმა California Reit-მა Twitter-ს გასული წლის 16 დეკემბერს შეატყობინა და ბალანსის გამოსასწორებლად ხუთდღიანი ვადა მისცა, რომელიც ამერიკულმა სოციალურმა ქსელმა არ დააკმაყოფილა – შესაბამისად, საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.
კალიფორნიული ოფისის შემთხვევაში, Twitter-ის მიერ დაფიქსირებული ვადაგადაცილება $136 ათასს ოდნავ აღემატება, რაც $44 მილიარდად შეფასებული კომპანიისთვის, წესით და რიგით, არცთუ ისე ბევრი უნდა იყოს, მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვანაირადაა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე კვირაა, რაც Twitter-მა საკუთარი სათავო ოფისისა და სხვა ოფისების ქირის გადახდა მიატოვა – ამის შესახებ ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ, The New York Times-მა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაწერა. ოფისის მეპატრონეების გარდა, Twitter-ს ავიახაზებიც უჩივიან, ორი ჩარტერული ფრენის გადაუხდელობისთვის.
HTC-მ $1099-იანი VR/AR-სათვალის, Vive XR Elite-ის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
გასულ კვირას ტაივანურმა HTC-მ ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ახალი სათვალის, Vive XR Elite-ის წინასწარი გაყიდვები დაიწყო, – ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ. ტაივანური კომპანიის მიერ წარმოებული უახლესი სათვალე პრემიულ კატეგორიას მიეკუთვნება და ბაზარზე არსებული მსგავსი მოწყობილობების, მათ შორის Meta Quest Pro-ს და Apple-ის AR/VR-სათვალის პირდაპირ კონკურენტად მოიაზრება. ცხადია, პროდუქტის პრემიალურობა აისახება როგორც მოწყობილობის ხარისხსა და ფუნქციონალზე, ასევე მის ფასზე – Vive XR Elite-ი $1099 ღირს.
რეალურად, ტაივანური კომპანიის მიერ წარმოდგენილი XR-სათვალე ტექნოლოგიურად საკმაოდ დახვეწილია, რაც, თავისთავად, პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ Vive XR Elite-ი რევოლუციური მოწყობილობა არ არის. HTC-ის უახლეს სათვალეს 90-ჰერციანი დისპლეი აქვს, რომელიც მომხმარებელს თითოეულ თვალზე ორიათასპიქსელიან გარჩევადობას და 110-გრადუსიან გაშლის კუთხეს სთავაზობს. ამასთანავე, მოწყობილობა Snapdragon XR2-ის ტიპის პროცესორითაა აღჭურვილი – ეს ის პროცესორია, რომელსაც Meta Quest 2-ში ვხვდებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Vive XR Elite-ი შეიქმნა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც უყვართ ვიდეოთამაშები და ჭკვიან სათვალეს სამსახურისთვის იყენებენ. ცხადია, ეს აისახება მოწყობილობის წონაზეც – ის 625 გრამს იწონის, რაც 722-გრამიან Meta Quest Pro-ზე საგრძნობლად ნაკლებია.
თუმცა ყველასთვის კარგად ნაცნობი და მოსალოდნელი ფუნქციონალის გარდა, HTC-ის უახლეს XR-სათვალეს დამატებითი ფუნქციონალიც აქვს: სათვალეში დიოპტრი არის ინტეგრირებული, რომელიც მხედველობის პრობლემების მქონე მომხმარებლებს ჭკვიანი სათვალის თავისუფლად ტარების საშუალებას მისცემს. ამასთანავე, Vive XR Elite-ი საკმაოდ გამძლეა – ცვლადი ელემენტების დამსახურებით, ჭკვიანი სათვალის გამოყენებას დაახლოებით ათი საათის განმავლობაში შეძლებთ.
აღსანიშნავია, რომ HTC-ის უახლესი მოწყობილობის გამოყენება ჭკვიანი სათვალის მსგავსადაც შეიძლება, რაც XR-სათვალის წონას საგრძნობლად ამცირებს. თავდაპირველად, Vive XR Elite-ი ვირტუალური რეალობის სათვალის ფორმაში იყიდება, ანუ მომხმარებელი მას თავზე იკეთებს, სპეციალური ზონრის საშუალებით. თუმცა, თუ მომხმარებელს მოწყობილობის გამარტივება სურს, ის ზონარს და მასზე დამონტაჟებულ ელემენტს მოხსნის და ჭკვიან სათვალეს ჩვეულებრივი სათვალის ფორმას მისცემს, რომელიც ყურებზე მაგრდება – ამგვარად, მოწყობილობის წონა 240 გრამამდე შემცირდება.
Samsung-მა ახალი დისპლეი წარმოადგინა, რომელიც იკეცება და ფართოვდება
კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა უახლესი მოწყობილობის, Flex Hybrid-ის პროტოტიპი წარმოადგინა, რომელიც განსაკუთრებული დისპლეითაა აღჭურვილი – გადაკეცვის გარდა, რაც ბოლო წლებში აღარავის უკვირს, მომხმარებლებს მისი გაფართოებაც შეუძლიათ. ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია, რომ 10.5-დუიმიანი 4:3-ზე გამოსახულების ფორმატის მქონე დისპლეი გაზარდოს და ის 12.4-დუიმიან 16:10-ზე გამოსახულების ფორმატის მქონე დისპლეიდ აქციოს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ტექნოლოგიები, ცალ-ცალკე, არცთუ ისე ახალია – წლებია, რაც Samsung-ი ამ ორი მიმართულებით პროტოტიპებს ქმნის. თუმცა ორთავე ტექნოლოგიის ერთ მოწყობილობაში გამოყენების შემთხვევა ამ დრომდე ნამდვილად არ დაფიქსირებულა.
აღსანიშნავია, რომ Flex Hybrid-თან ერთად, Samsung-მა გაფართოების ფუნქციონალის მქონე მეტად საინტერესო დისპლეები წარმოადგინა: განსაკუთრებულ მოწყობილობებს შორისაა ლეპტოპისთვის განკუთვნილი 17-დუიმიანი დისპლეი და 13-დუიმიანი Slidable Flex Duet-ი, რომელიც ორთავე მხრიდან, საერთო ჯამში 17.3-დუიმამდე ფართოვდება. ამ ყველაფერთან ერთად, Samsung-მა თვითმართვადი ავტომობილებისთვის განკუთვნილი ორი პანელი წარმოადგინა, მაგრამ გამოიყენებენ თუ არა ამ მოწყობილობას ავტომწარმოებლები და თუ კი, როდის – ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ Samsung-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ტექნოლოგიურად დახვეწილ დისპლეებზე მუშაობს – მსგავსი ბიზნესი აქვს კიდევ ერთ კორეულ გიგანტს, LG Display-ს, რომელმაც გასული წლის ნოემბერში წელვადი დისპლეის პროტოტიპი შექმნა – ის კანზე, ტანსაცმელსა და ავეჯზე მაგრდება.
Apple-ი ახალი თაობის iPhone SE-ს აღარ გამოუშვებს – მინგ-ჩი კუო
როგორც ჩანს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი ახალი თაობის ბიუჯეტური სმარტფონის, iPhone SE-ის გამოშვებას აღარ აპირებს, – ამის შესახებ Apple-ის ავტორიტეტული ანალიტიკოსი, მინგ-ჩი კუო წერს. ანალიტიკოსის შეფასებით, რომელიც საკუთარ ვარაუდებს Apple-ის კონტრაქტორ კომპანიებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით აყალიბებს, ბიუჯეტური სმარტფონის წარმოება ამერიკულმა გიგანტმა არასახარბიელო მოთხოვნის გამო გადაწყვიტა. ამასთანავე, გლობალური მიწოდების ჯაჭვებში არსებული შეფერხებების ფონზე, Apple-ის სმარტფონები ძვირდება და, ცხადია, ეს შეეხება კომპანიის მიერ წარმოებულ ბიუჯეტურ მოდელსაც, რომელიც, გაძვირების შემთხვევაში, ხიბლსა და კონკურენტუნარიანობას დაკარგავს.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მინგ-ჩი კუოს პროგნოზი გამართლდება, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, Apple-ის ამ გადაწყვეტილებას მოულოდნელს მაინც ვერ ვუწოდებთ. საქმე ისაა, რომ ამერიკული კომპანიის მიერ ბიუჯეტური სმარტფონების წარმოების 20%-ით შემცირების შესახებ მინგ-ჩი კუო და Nikkei Asia ჯერ კიდევ გასული წლის მარტში წერდნენ, ანუ სმარტფონის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში. ამასთანავე, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კონკრეტული მოდელების წარმოება Apple-ს ამ დრომდეც შეუჩერებია, ასე რომ iPhone SE-ის წარმოებიდან ამოღებით, ნეგატიური პრეცედენტი ნამდვილად არ შეიქმნება.
აქვე უნდა ითქვას, რომ Apple-ის მიერ ბიუჯეტური სმარტფონების ხაზის წარმოებიდან ამოღებით ერთი კომპანია განსაკუთრებით იხეირებს – საუბარია ამერიკულ Qualcomm-ზე, რომელიც თანამედროვე iPhone-ებისთვის 5G-მოდემებს ქმნის. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში, ამ მოდემების წარმოება Apple-მა თავადაც დაიწყო და უახლესი თაობის iPhone SE სწორედ ის სმარტფონი უნდა ყოფილიყო, რომელშიც ეს მოწყობილობა პირველად გამოცდას გაივლიდა. მინგ-ჩი კუოს შეფასებით, Apple-ის მიერ წარმოებული მოდემები Qualcomm-ის მოწყობილობებზე ნაკლებად ეფექტიანია, ასე რომ მოსალოდნელია, რომ 2024 წლის iPhone 16 სწორედ Qualcomm-ის მიერ წარმოებული მოდემით იქნება აღჭურვილი. აღნიშნული ფაქტი გამყარებულია Qualcomm-ის პროგნოზებითაც – კომპანიის შეფასებით, ამერიკული Apple-ი მისი შემოსავლის მთავარ წყაროდ 2025 წლამდე დარჩება.
შეცდომაში შემყვანი რეკლამის გამო, კორეულმა მარეგულირებელმა Tesla $2.2 მილიონით დაჯარიმდა
სამხრეთ კორეის თავისუფალი ვაჭრობის კომისიამ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი, ამერიკული Tesla $2.2 მილიონით დააჯარიმა, – ამის შესახებ პირველად Electrek-მა დაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გასულ წელს დაწყებული გამოძიების შედეგია, ამერიკული კომპანიის მიერ რეკლამის გავრცელებას უკავშირდება, რომელშიც Tesla-მ არ აღნიშნა, რომ მანძილი, რომელსაც ავტომობილი სტანდარტულად გადის, ცივ გარემოში საგრძნობლად მცირდება, რითაც, მარეგულირებლის შეფასებით, კომპანიას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.
კორეული მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას ამერიკული კომპანია ვებგვერდზე შესაბამისი შენიშვნის გამოქვეყნებით გამოეხმაურა. „ავტომობილის მოდელების მახასიათებლები განსხვავდება. გამოსახული გასავლელი მანძილი შეიძლება დამოკიდებული იყოს გარეშე ფაქტორებზე, მათ შორის სისწრაფეზე, ამინდსა და გზაზე“.
ის, რომ ცივ ამინდში ელექტრომობილების დატვირთვა იზრდება და შესაბამისად მათ მიერ ელემენტის ერთი სრული დამუხტვით გასავლელი მანძილი მცირდება – საიდუმლო არავისთვისაა, რაც კორეული მარეგულირებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამართლიანს ხდის. საქმე ისაა, რომ ცივი ამინდის დროს, ავტომობილი მეტ ენერგიას ხარჯავს ელექტრობატარეებისა და კაბინის გასათბობად და შესაბამისად, ნაკლები ენერგია რჩება მანძილის დასაფარად.
საინტერესოა ისიც, რომ სამხრეთ კორეის თავისუფალი ვაჭრობის კომისიის ამ გადაწყვეტილებამ ინტერნეტში ავტომობილების მახასიათებლების დახასიათების თაობაზე დისკუსია გამოიწვია – ავტომოყვარულების შეფასებით, ავტომწარმოებლებმა მახასიათებლები სხვადასხვა ტემპერატურის შესაბამისად უნდა ჩამოწერონ, რადგან მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ასე შეიძლება.