გავლენის მოთამაშე

გავლენის მოთამაშე

ვენჩურული კაპიტალის ფირმა FOUNDERS FUND-ი პოპულარული აზრების საწინააღმდეგო მიდგომითაა განთქმული, ეს მიდგომა კი მის პოლარიზებულ დამფუძნებელ პარტნიორში, პიტერტილშია განსხეულებული. ბრაინ სინგერმენს, ფონდის PAYPAL-ის მაფია-საწყისებისგან თავისუფალ თამაშების ენთუზიასტს, ფირმა ახალ სიმაღლეებზე აჰყავს… ცხადია, თუ გზად ტილის სკანდალური პოლიტიკა არ გადაეღობება. 

2014 წლის მარტის მიწურული იდგა. დაძაბული დღის ბოლოს, ღამის თორმეტს წუთები რომ გადასცდა, ბრენდან ირიბმა ცხელ გულზე ცხელი ი-მეილი გაუგზავნა თავის უახლოეს მრჩევლებს. Oculus VR-ის თანადამფუძნებელსა და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, 37 წლის ირიბს, ის-ისაა, დაესრულებინა სატელეფონო საუბარი მარკ ცუკერბერგთან – Facebook-ის 32 წლის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან. ეს ახალგაზრდა ანტრეპრენიორები ბლოკბასტერ-გარიგების გაჩარხვის პირას იყვნენ – გარიგებისა, რომელიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიას შოკში ჩააგდებდა. მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი მსოფლიოში ყველაზე მაგარ ვირტუალური რეალობის სტარტაპს შეიძენდა. მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, Facebook-ის აქციათა ღირებულებიდან გამომდინარე, ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა წარმოეჩინათ შესყიდვის ფასი. ირიბს დაჟინებული ჰქონდა, $2-მილიარდიან შესყიდვად მოვიხსენიოთო, მაგრამ მათემატიკა, რომელიც Facebook-ის აქციათა დროებით დავარდნილ ფასზე იყო მიბმული, მთლად ამის საშუალებას ვერ იძლეოდა. გარიგება უცებ ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზე გადავიდა.

Oculus-ი და მისი ვირტუალური რეალობის აღჭურვილობა, Rift-ი, უკვე ტექნოლოგიური სამყაროს მარგალიტად ქცეულიყვნენ, ირიბი კი ინდუსტრიის დიდ სახელებთან ცდილობდა გამალებით დაკავშირებას. მარკ ანდრეესენი საბჭოში ჰყავდა, ხოლო პიტერ ტილის მიერ თანადაფუძნებული Founders Fund-ი ინვესტორი იყო. მაგრამ არც ერთ მათგანს არ უპასუხია ირიბის ზარისთვის, სამაგიეროდ, უპასუხა ტილის კოლეგამ, ბრაიან სინგერმენმა, 40 წლის პროგრამისტმა და ფირმის ერთ-ერთმა უახლესმა პარტნიორმა. ღამის პირველი საათისთვის, სინგერმენის დახმარებით, ირიბმა ისეთი განცხადება გამოაცხო, Oculus-ის გუნდს რომ გაახარებდა და ამავე დროს, არც Facebook-ს გახდიდა ვალდებულს, პირობებთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებები დაეწყო. რამდენიმე საათის შემდეგ, პრესრელიზში Facebook-მა განაცხადა, რომ Oculus-ს ყიდულობდა – „დაახლოებით $2 მილიარდად“, ნაღდი ფულისა და აქციების სახით, და $300 მილიონად – თანამშრომელთა ე.წ. გამომუშავებების სახით. ორი წლის სტარტაპის ინვესტორებისთვის ეს ბრწყინვალე ამბავი იყო, მაგრამ სინგერმენი, რომელსაც გარიგება ეხსნა, ნანობდა. „პირველი ინვესტორი ვიყავი, ვინც მათთან ერთგულად დააბანდა, – ამბობს ის. – მაგრამ გაცილებით მეტის მიღება შეგვეძლო“.

სწორედ ასეთმა აზროვნებამ აქცია სინგერმენი ყველაზე წარმატებულ ინვესტორად ქვეყნის ყველაზე ნერდულ და პოპულარულ აზრებთან ყველაზე დიდ კონფლიქტში მყოფ ვენჩურულ ფირმაში. დღეს ის ამერიკის წამყვან ვენჩურულ კაპიტალისტთა „მიდასის რეიტინგში“ მე-5 ადგილს იკავებს. მისი აღზევება ერთობ დროულად მოხდა. მას მერე, რაც 2005-ში Founders Fund-ი დაფუძნდა, ფირმას სალაპარაკო ენაზე პიტერ ტილის ფირმად მოიხსენიებენ. ტრამპის არჩევასთან ერთად, ტილი, პრეზიდენტის აქტიური თანამშრომელი და მისი ახლო მრჩეველი, მარცხნივ გადახრილ სილიკონის ხეობაში განსხვავებული აზრის მატარებელ ყველაზე დიდ პერსონად ჩამოყალიბდა, ერთგვარ თეთრ ყვავად და გარიყულად. მას ენერგიულად კიცხავენ იმ ადმინისტრაციის „ნორმალიზებისთვის“, რომლის პოლიტიკა ბევრს ინდუსტრიის ინტერესებისა და ღირებულებებისთვის ანათემად მიაჩნია. კითხვის ნიშნები ჩნდება Facebook-ის საბჭოში მის ყოფნასთან დაკავშირებით (თუმცა, არა ცუკერბერგის მხრიდან). ზოგი ანტრეპრენიორი კერძო საუბრებში ლუღლუღებს, რომ მისგან ფულს არ აიღებს, ზოგი ვენჩურ-კაპიტალისტი კი იფიცება, მას ახლოც არ გავეკარებიო. სინგერმენს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ამ ყველაფერზე მაღლა დადგეს. „ჩვენ უმეტესად აპოლიტიკურები ვართ“, – ამბობს ის ფირმის შესახებ.

სკანდალები Founders Fund-ისთვის უცხო არაა. ჯერ კიდევ დასაწყისში მან საკუთარი თავი ვენჩურული კაპიტალის ფირმად შერაცხა იმ ანტრეპრენიორებისთვის, რომელთაც სხვა ვენჩურული კაპიტალის ფირმები არ მოსწონდათ. პარტნიორებმა თავშესაფარი გოლდენ-გეიტ-ბრიჯთან ახლო, სან-ფრანცისკოს პრეზიდიოში გახსნეს – ადგილას, რომელიც ტექნოლოგიური ინვესტირების ტრადიციული გავლენიანი კორიდორის ჩრდილოეთით, 35 მილის მოშორებით მდებარეობს (მენლო-პარკის გარეუბანი, კერძოდ, სენდ-ჰილ-როუდი გვაქვს მხედველობაში). 2011-ში მათ მანიფესტი გამოაქვეყნეს, რაც სასიყვარულო წერილი იყო ინოვაციური აზროვნებისადმი და კოლეგა ვენჩურ-კაპიტალისტების ქილიკი: „მფრინავი მანქანები გვინდოდა, ნაცვლად ამისა, 140 ასო-სიმბოლო მივიღეთ“.

Founders Fund-ი ფსონს ხშირად ისეთ პროექტებზე დებდა, მათი მეტოქეები ზედმეტად რისკიანად რომ მიიჩნევდნენ. თუმცა ამის წყალობით მათი პორტფოლიო, ფირმათა უმეტესობისგან განსხვავებით, სულ სხვა ორბიტაზეა. მათ პირველ ფონდში დაბანდებულ ყოველ დოლარზე (მათ შორის, Facebook-ისთვისაც), შინ შვიდი დოლარი მიჰქონდათ. მეორე ფონდს, შესაძლოა, ამაზე უკეთესადაც წაუვიდეს საქმე, რისთვისაც ისეთ წარმატებულ წამოწყებებზე დადებულ ფსონს უნდა უმადლოდნენ, როგორიც გახლავთ Spotify, Palantir-ი და SpaceX-ი. უფრო ახალი ფონდების ღირებულება კი უკვე გაოთხმაგებულია, ყოველ შემთხვევაში, ფურცელზე, რაც Airbnb-ს, Lyft-ისა და Wish-ის მსგავს ვარსკვლავებში დაბანდებული კაპიტალის დამსახურებაა. ფირმა, რომელიც 2005-ში $50-მილიონიანი ფონდით გაიხსნა, $9.5 მილიარდზე მეტი საინვესტიციო მოგების მიღების გზას ადგას.

Founders Fund-ის ერთ-ერთი ხრიკი: დააფინანსე საკუთარი მეგობრები. რეიდ ჰოფმანსა და ილონ მასკთან ერთად, პიტერ ტილი ე.წ. PayPal-ის მაფიის კიდევ ერთი განთქმული წევრია – ანტრეპრენიორთა ჯგუფისა, რომელიც გადახდების საიტზე ერთად მუშაობდა და გამდიდრდა, როცა ეს საიტი 2002-ში eBay-ს მიეყიდა. ტილმა PayPal-ის ერთ-ერთი პიონერის, დევიდ საკსის Yammer-ში განახორციელა ინვესტიცია და მასკის SpaceX-შიც. ოჯახის წევრია Palantir-იც (რომლის დაბადებასაც ტილმა შეუწყო ხელი) და ასევეა მაქს ლევჩინის Affirm-ი. კლანის ვიტო კორლეონესავით, ტილი მუდამ ფირმის სწორუპოვარი სახე იყო.

მაგრამ გავლენის მოთამაშის როლში სინგერმენის გამოჩენამ ეს ყველაფერი შეცვალა. ის ფირმის ერთადერთი არადამფუძნებელი პარტნიორია, რომელსაც ბოლო ხუთ წელიწადში იმაზე მეტი საინვესტიციო წილი აქვს გაყიდული, ვიდრე მის ნებისმიერ კოლეგას, მათ შორის – ტილს და სწორედ სინგერმენი მუშაობდა ბეჯითად, რათა 2012 წელს კოლეგები ბიოტექნოლოგიაში შეეტყუებინა – ინდუსტრიაში, რომლის შესახებაც მათ ბევრი არაფერი იცოდნენ. დღეს ამას არც ერთი არ ნანობს. მისმა თამამმა, $300-მილიონიანმა ფსონმა Stemcentrx-ზე – სიმსივნის ზრდაზე პასუხისმგებელ უჯრედოვან ღეროებზე თავდამსხმელი წამლის მწარმოებელზე – მაშინ მოისხა ნაყოფი, როცა 2016 წლის აპრილში მწარმოებელი ფარმაცევტიკის გიგანტმა AbbVie-მ შეიძინა. ინვესტიციამ, ერთი ხელის მოსმით, $1.4 მილიარდის მოგება დაწერა.

 

დიდი ანონიმური საოფისე შენობის ბოლო სართულზე, პრეზიდიოს შესასვლელთან ახლო რომ მდებარეობს, Founders Fund-ის სამი პარტნიორი მარტის დასაწყისში ჩატარებულ სტარტაპთა კონკურსის აუტოფსიას ატარებენ. სინგერმენი მაგიდასთან დგას, შეხვედრას სწორედ ის უძღვება, სკოტ ნოლანი და საიან ბანისტერი კი ამბობენ, რომ სტარტაპის დამფუძნებელი გუნდი ძლიერი და გამოცდილია, მათ ჭკვიანური სტრატეგია აქვთ, სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგია რომ გამოიყენონ. თუმცა, ბანისტერი იმასაც ამბობს, რომ რამდენიმე ასეთ კომპანიას უკვე იცნობს. დაახლოებით 15 წუთში ტრიო თანხმდება, რომ უნდა მოიცადოს, ვიდრე გამარჯვებული მკაფიოდ არ გამოიკვეთება, რათა თამამად გაიღოს უფრო დიდი ჩეკი.

Founders Fund-მა ვენჩურული კაპიტალის უმაღლეს ეშელონს არცთუ ბევრ კომპანიაზე დადებული კონცენტრირებული ფსონებით მიაღწია: პირველ რიგში, ის ბაზრის ლიდერს ამჩნევს და შემდეგ, სპონსორული რაუნდებით, მისი მასშტაბების კვლევას აგრძელებს. ეს კარგად გათვლილი და, თავისი არსით, რისკიანი მიდგომაა. და მიუხედავად ამისა, Founders Fund-ს ცუდი გარიგების დროს $10 მილიონზე მეტი არ ჩამოუწერია. „სწორედ ამიტომ აწერ ხელს, – ამბობს Founders Fund-ის ინვესტორი დენ ფედერი, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის შეწირულებების გარკვეულ ნაწილს აკონტროლებს. – ძალიან ცოტა ვენჩურ-კაპიტალის ფირმას აქვს უნარი, ამოიცნოს და უხვად დააბანდოს ფული იმაში, რაც შემდეგ მაგარ კომპანიად მოგვევლინება“.

ვენჩურული კაპიტალის რეცეპტების წიგნის განახლება დაფუძნებიდანვე Founder Fund-ის მიდგომას წარმოადგენს. ტილი და თანადამფუძნებლები, კენ ჰოვერი და ლუკ ნოსეკი, PayPal-ის შექმნის პერიოდში ათობით ინვესტორს შეხვედრიან, თუმცა მოხიბლული ნამდვილად არ დარჩენილან. ერთ-ერთმა მათგანმა მეტოქის დაარსებას შეუწყო ხელი, მეორე მენეჯმენტის ძველი გუნდით ცდილობდა დამფუძნებლის ჩანაცვლებას. როცა 2002-ში PayPal-ი eBay-მ შეისყიდა, ნაღდი ფულით გაძეძგილი ტრიო უკვე მეგობრების სტარტაპებში აბანდებდა კაპიტალს და ტილს პატარა პერსონალური ფონდის მართვაში ეხმარებოდა. „მთელი წელი ერთი შეკითხვის დასმაში გავატარეთ: როგორ უნდა შევქმნათ ვენჩურული კაპიტალის ფირმა, რომელიც რეალურად მოგვეწონება?“ – ამბობს ნოსეკი.

ვენჩურ-კაპიტალის ფირმის მათეული ვერსია, რომელსაც ნოსეკის შერჩეული სახელი ერქვა, ცოცხლობდა, თუმცა სტარტაპის დამფუძნებლების ხელით კვდებოდა. კომპანიების დახმარება შეეძლო, თუმცა მნიშვნელოვანი როლი არ უთამაშია. დაფინანსების რაუნდისთვის ვეტო არ დაუდვია, კომპანიების გაყიდვებისთვის არ გარჯილა და არც რომელიმე საბჭოში მოუთხოვია ადგილი. ჰოდა, როცა სტარტაპი წაბორძიკდებოდა, Founders Fund-ი მისი დამფუძნებლების გაძევებას არ დაიჟინებდა. ,,დღეს ეს ყველაფერი ფუნდამენტური უფლებებია, მაგრამ ათი წლის წინ საკმაოდ რადიკალურად გამოიყურებოდა“, – ამბობს კევინ ჰარცი, Eventbrite-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ასევეტილის კოლეჯის მეგობარი, რომელიც ფირმას გასულ შემოდგომას შეუერთდა.

მაგრამ Founders Fund-ის გარღვევა, Facebook-თან კავშირების წყალობით, ადრევე მოხდა. ტილი, ფირმის საწყისი $50-მილიონიანი ფონდით, ცუკერბერგის სოციალური ქსელის პირველ ინვესტორად მოგვევლინა და რაღაც მომენტში, $8 მილიონი $376 მილიონად აქცია. მალევე, გენერალური პარტნიორის რანგში, ფირმას Facebook-ის პრეზიდენტი, შონ პარკერი შეუერთდა. წარმატებული ფსონების სერიათა შედეგად, Founders Fund-მა სან-ფრანცისკოს ყურის ოლქს ცხვირი აუბზუა. ეს 2008-ში მოხდა, როცა თანხა მასკის მიერ დაფუძნებულ კოსმოსური ხომალდების სტარტაპ SpaceX-ში დააბანდა. „არავინ იცოდა, აქედან გამოვიდოდა რაიმე თუ არა, – ამბობს ჰოვერი. – ყველა ხომალდი ფეთქდებოდა“. ერთი პოტენციური ინვესტორი გავიდა თამაშიდან. მეორემ შემთხვევით დაუკოპირა პარტნიორებს ი-მეილზე, რომ ჭკუიდან შეშლილიყვნენ. მართალია, SpaceX-ის მომავალი კვლავაც არაა ნათელი – ამჟამად ის $12 მილიარდად არის შეფასებული, საიდანაც 8% Founders Fund-ს ეკუთვნის.

ფონდების ზრდასთან ერთად – ჯერ $225 მილიონამდე, მერე $250 მილიონამდე და ბოლოს $625 მილიონამდე – ფირმა, „მჭლე სტარტაპის“ ავტორის, ერიკ რაისის სიტყვებით, „პიტერისა და შონის შოუდ“ რჩებოდა. ვითარებამ მაშინ დაიწყო შეცვლა, როცა 2008-ში უფროს თანაშემწედ დაქირავებული სინგერმენი 2011-ში პარტნიორად დაწინაურდა და ეფექტიანად ჩაანაცვლა პარკერი, რომელსაც სხვა იდეების განხორციელებისთვის მიეყო ხელი და დიდწილად აღარ აქტიურობდა. ამ წლებში Founders Fund-ს ისევ ოქროს ხანა დაუდგა, რაც 2014-ში Google-ის მიერ $500 მილიონად შეძენილ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ DeepMind-ს უკავშირდება და კიდევ – The Climate Corporation-ს, რომელიც მოსავლის გაუმჯობესების მიზნით, ამინდის, მიწისა და მინდვრის პირობების მონიტორინგს ახდენს, ამ საქმისთვის კი სენსორებს იყენებს, და რომელიც 2013-ში, $1 მილიარდად, Monsanto-მ იყიდა. ფირმის $150-მილიონიანი ინვესტიცია Airbnb-ში დღეს $1.4 მილიარდი ღირს, ხოლო Stripe-ში ჩადებული $100 მილიონის ღირებულება დღეს პრაქტიკულად გაოთხმაგებულია. თუმცა, ასე იყო თუ ისე, ფირმის ყველაზე დიდი ინვესტიცია ეტაპობრივად, 2012 და 2015 წლებს შორის განხორციელდა. ეს სინგერმენის უდავოდ თამამი ფსონი იყო: იმ $300 მილიონს ვგულისხმობთ, Stemcentrx-ში რომ დააბანდა. აპრილში ეს უკანასკნელი AbbVie-მ თითქმის $10.2 მილიარდად იყიდა. დაახლოებით 16% Founders Fund-ისა იყო.

 

სრულიად შესაძლებელია, სინგერმენი პროფესიონალი გეიმერი გამოსულიყო და არა ვენჩურ-კაპიტალისტი, ინდუსტრია რამდენიმე წლით ადრე რომ მომწიფებულიყო. ექიმისა და მასწავლებლის ვაჟი, სინგერმენი, ლოს-ანჯელესში გაიზარდა. კომპიუტერული პროგრამირების მიმართ ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა ვნება და გაუჩნდა ერთგვარი აკვიატება თამაშებისადმიც, იქნებოდა ეს ციფრული თუ ანალოგური თამაშები. 1990-იანებში პოპულარული სტრატეგიული სამაგიდო თამაშის, Settlers of Catan-ის, ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვა. სტენფორდში სწავლისას, ერთი ზაფხული ევროპაში გაატარა – ნაწილობრივ იმიტომ, რომ როლური ონლაინთამაში, EverQuest-ი გადაეგდო, რომელზე უფრო მეტ დროს ხარჯავდა, ვიდრე კომპიუტერული მეცნიერების ლექციებზე.

ჩაფლავებულ სტარტაპში მუშაობის შემდეგ, 2004-ში, სინგერმენმა Google-ს მიაშურა, სადაც პერსონალიზებული მთავარი გვერდის, iGoogle-ის, შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მალე ხმა გავარდა, 2002 წლის საბრძოლო ვიდეოთამაშის, SoulCalibur II-ის ჩემპიონი მოთამაშეაო. როცა კოლეგებმა შეჯიბრში გამოიწვიეს, სინგერმენი ერთი პირობით დათანხმდა: ფულზე ვითამაშოთო. Google-ს პირველადი საჯარო შეთავაზების წინა პერიოდი ედგა და სინგერმენის ბევრ კოლეგას ნაღდი ფული უჭირდა. „სამაგიეროდ,უამრავი სააქციო კაპიტალი ჰქონდათ“, – დღეს სიცილით იხსენებს სინგერმენი. მისმა გამარჯვებებმა ე.წ. სავალო ხელწერილების სახე მიიღო, რაც მისმა კონკურენტებმა Google-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ პირნათლად აუნაზღაურეს – ანუ მაშინ, როცა საკუთარი აქციების გაყიდვა შეძლეს.

სინგერმენმა სტარტაპებში ინვესტირებას მიჰყო ხელი და $1-მილიონიანი ფონდი დააარსა, სახელად XGYC (რაც შემოკლებით „ex-Google, Y Combinator“-ს ნიშნავს – იმ აქსელერატორის პატივსაცემად, სადაც მისი გარიგებების უმეტესობა შედგა). საწყისი საინვესტიციო ფაზის გარიგებებისას, მენტორობა ორ განთქმულ ინვესტორს სთხოვა: რონ ქონვეის (წლევანდელ „მიდასის რეიტინგში“ 43-ე ადგილს იკავებს) და სტივ ანდერსონს (მე-4 ნომერს), რომლებიც მას Heroku-ში პირველი სერიოზული მოგების მიღებაში დაეხმარნენ, Heroku კი 2010-ში, $212 მილიონად Salesforce-მა იყიდა.

სინგერმენმა პარკერის ყურადღებაც მიიპყრო; ამ უკანასკნელმა მასში დაინახა საშუალება, Googler-ების ქსელი Founders Fund-ის გარიგებათა უხვ ნაკადზე მიება – გარიგებათა ნაკადზე, რომლებიც PayPal-ისა და Facebook-ის საგრძნობ გავლენას განიცდიდა. 2008-ში პარკერმა სინგერმენი დაარწმუნა, ხანმოკლე საცდელი ვადით მის ფირმაში ემუშავა. როგორც ორი უმცროსი ინვესტორიდან ერთ-ერთმა, სინგერმენმა პირველივე წელს იქ 1,000-ზე მეტი კომპანია გაიცნო.

ხუთშაბათი ღამეა, არცთუ დიდი ხნის წინ. სინგერმენის მოთამაშის უნარ-ჩვევები სააშკარაოზე გამოდის: მეგობართა ჯგუფს სამაგიდო თამაშ Scythe-ში სასტიკად ამარცხებს. ამ თამაშს პირველად თამაშობენ და სწორედ ესაა მთავარი: სინგერმენს მოსწონს, ახალ თამაშებს რომ უგებს გემოს მეგობრებთან ერთად და თან ამოწმებს, ვინ ეუფლება წესებს ყველაზე სწრაფად და ვის როგორი თამაშის სტილი აქვს. შესაძლოა, წინა ღამე გაეთენებინა კიდეც – YouTube-ზე ისეთი სასწავლო ვიდეობის ყურებაში, თამაშის სტრატეგიულ ნიუანსებს რომ გაცნობთ.

სხვა რამეებთან ერთად, სინგერმენს ინვესტირებაში ათვისების კარგი უნარი და მეთოდურობაც დაეხმარა. Oculus-ში დაბინავება ყველას დაასწრო, მიხვდა თუ არა, რომ ამ კომპანიის ვირტუალური რეალობის აღჭურვილობა ოდესმე მეტი გახდებოდა, ვიდრე გეიმერული ხელსაწყო. მასიური უპირატესობა დაინახა Airbnb-ს პოტენციალში, გაქირავებათა შემავსებელ სერვისებში გაფართოებულიყო. და ისეთ მრავალფეროვან სფეროებში გამოიყენა საკუთარი უნარები, როგორიც „ჩაცმადი“ ელექტრონიკა (Misfit-ი) და საკლასო ოთახის ტექნოლოგიაა (AltSchool-ი). ის ჯანდაცვის კვლევით იყო გატაცებული და ჯერ კიდევ მანამ, სანამ მარიო შლოსერს გაიცნობდა – Oscar Health-ის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც დაბალხარჯიან ჯანმრთელობის დაზღვევაზეა ფოკუსირებული. “ნახევარ საათში თავის პარტნიორ კენს დაურეკა, ახლავე მოდი და ნახეო”, – ამბობს კუშნერი. შლოსერმა და თანადამფუძნებელმა ჯოშ კუშნერმa, რომლებიც ნიუ-იორკში მუშაობენ, გადაწყვიტეს, სან-ფრანცისკოში კიდევ ერთ დღეს დარჩენილიყვნენ, ღამის უმეტესი ნაწილი კი სინგერმენსა და მის გუნდთან ერთად, ლუდის თანხლებით, Oscar-ზე საუბარში გაატარეს. მოგვიანებით Founders Fund-ი Oscar-ის პირველ უმსხვილეს გარე ინვესტორად იქცა.

Oculus-იდან ჯანსაღი მოგებების მიუხედავად, სინგერმენი ნანობს, რომ თავის დროზე არ იზრუნა და უფრო დიდ წილს არ ფლობს. სწორედ ამ პირადმა იმედგაცრუებამ შეატანინა მას ცვლილებები თავის საინვესტიციო მიდგომაში. AltSchool-ში ის რამდენიმე რაუნდის თანაწამყვანად მოგვევლინა. Climate Corporation-ში Series C-მდე გაძვრა მას მერე, რაც ვერ შეძლო წინა რაუნდებში მოხვედრა და საბოლოოდ, საკუთარი პოზიციის მაქსიმალურად გასამყარებლად, კომპანიის შიდა ხალხისგან მეტი წილი იყიდა; ეს მისი ახალი სტრატეგიაა, რასაც მუდმივად იყენებს.

თუმცა არც ერთი გარიგება არ განასახიერებს მის გაორმაგებაზე მიმართულ მიდგომას ისე, როგორც Stemcentrx-თან დაკავშირებული გარიგება. როცა 2011-ის ბოლოს, თავის სახლთან ახლო, საყავეში თანადამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ბრაიან სლინგერლენდს შეხვდა, სინგერმენს უკვე დაწყებული ჰქონდა კიბოს სხვადასხვა ფორმის შემაკავებელი ბიოტექნოლოგიური მცდელობების შესწავლა. ხანმოკლე საუბრის შემდეგ ის დაჟინებით სთხოვდა სლინგერლენდს, ყველაფერი მიეტოვებინა და იმ ღამეს ტილის სახლში წვეულებაზე მისულიყო. სლინგერლენდმა იყოყმანა – ქორწინების პირველი წლისთავი ჰქონდა, მაგრამ მალე გადაწყვიტა, რომ ჯობდა, ეს შესაძლებლობა არ გაეშვა ხელიდან. ნაცვლად იმისა, ცოლი რომანტიკულ სადილზე წაეყვანა, მთელი საღამო სინგერმენთან, ტილსა და სხვა პარტნიორებთან ერთად კიბოს ღეროვან უჯრედებზე ლაპარაკში გაატარა.

თუკი რაიმე ეჭვი ჰქონდა სინგერმენს Stemcentrx-თან დაკავშირებით, უმალ გაეფანტა, როცა კომპანიის შესაფასებლად გაგზავნილმა ექსპერტებმა უთხრეს, ჩვენც გვინდა ინვესტირებაო. როცა მეგობრებს გაანდო, რომ ბიოტექნოლოგიაში დიდი თანხების ჩაღვრას აპირებდა, მათ ეს ნაბიჯი Founders Fund-ის მორიგ ახირებად ჩათვალეს. „შენ კრეკს ხომ არ ეწევი-მეთქი, ვუთხარი”, – იხსენებს ჰოლივუდის ყოფილი აგენტი მაიკლ ოვიცი, რომელიც ხეობაში ანდრეესენისა და ტილის მსგავს ვენჩურულ კაპიტალისტებს დაუახლოვდა, ბოლოს კი ფირმასთან ერთად, მანაც დააბანდა ფული Stemcentrx-ში.

საკუთარი პოზიციის გაძლიერებისთვის მოწადინებულმა სინგერმენმა ისეთ მანევრებს მიმართა, რომ Stemcentrx-ის მომდევნო რაუნდს თავად გაუძღვა. ეს 2014-ში იყო, როცა კომპანიის წამლებმა პერსპექტიულობა გამოავლინეს. კომპანიის შიდა თანამშრომლების მეშვეობით, მან დამატებითი წილებიც შეისყიდა… ყველაფერი, რაც კი რამ შეეძლო. AbbVie-სთან მოლაპარაკების დროისთვის სინგერმენი უკვე მთლიანად ამ საქმეებით იყო მოცული და გვარიანად გადაღლილიც. სლინგერლენდს იმდენჯერ ურეკავდა, რომ მათი მსგავსი სახელების გამო, მეგობრები ფიქრობდნენ, თავის თავს ელაპარაკებაო. ღამეებსა და შაბათ-კვირებს სამხრეთ სან-ფრანცისკოში, ბიოტექნოლოგიური კომპანიის სათავო ოფისში ატარებდა – თითქმის სულ Stemcentrx-ის მაისურში გამოწყობილი, რომელიც, ბოლოს, ზედმეტი ხმარებისგან, იღლიებქვეშ გაიცრიცა. როცა დამფუძნებლები ბჭობდნენ, უნდა გაეყიდათ თუ არა კომპანია, სინგერმენი, მისთვის ჩვეულ სტილში, დაჟინებით არც ერთ პოზიციას არ ემხრობოდა. „უამრავი სხვადასხვა ალტერნატივის განხილვაში დაგვეხმარა, მერე კი გვითხრა, თქვენ ხართ დამფუძნებლებიო“, – იხსენებს სლინგერლენდი. სიტყვას სინგერმენი აწყვეტინებს: “აბა, რა უნდა მეთქვა? კიბო უფრო სწრაფად განკურნეთ-მეთქი?“

 

არჩევნების ღამეს, Facebook-ის მილიარდერი თანადამფუძნებლის, დასტინ მოსკოვიცის სახლში, რომელსაც ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად $35 მილიონი გაეღო, სინგერმენი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას ადევნებდა თვალს. იქ შეკრებილთაგან ტრამპისთვის არავის მიუცია ხმა. მეორე დღეს სინგერმენი სამუშაოს დაუბრუნდა. მის პარტნიორს, ტილს, ნიუ-იორკში გამგზავრება გადაეწყვიტა, ტრამპის ტრანზიციის გუნდში გავლენის ბროკერად რომ ქცეულიყო. როცა ტექნოლოგიური სამყაროს ლიდერები, მაგალითად, Alphabet-ის, Amazon-ისა და Apple-ის აღმასრულებელი დირექტორები, დეკემბერში ტრამპის ექსტრავაგანტურ სათავო ოფისში მივიდნენ, ტილი არჩეული პრეზიდენტის მარცხნივ იჯდა.

ტილის აქტიურობა პოლიტიკაში მისი კოლეგებისთვის კლასიკური ტილია – ახალი პროექტი, რომელიც ჰეჯ-ფონდის, საოჯახო ოფისის, არაკომერციული ფონდისა და წიგნის გასტროლების გვერდით იარსებებს. „მის ცხოვრებაში სულ ათასი რამ ხდება“, – ამბობს ჰოვერი. მაგრამ მზარდად პოლიტიზებული სილიკონის ხეობაში ბევრმა ეს სხვაგვარად აღიქვა. იანვარში გამართულ კონფერენციაზე, Founders Fund-ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სტარტაპის, Flexport-ის, აღმასრულებელმა დირექტორმა რაიან პიტერსენმა ეგოისტურად განუცხადა შეკრებილ საზოგადოებას, რომ „სავარაუდოდ აღარ“ გამოართმევდა ტილს ფულს – მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო. არჩევნების ღამეს, პოპულარული ვებაპლიკაციის კარკასის, Ruby on Rails-ის დანიელმა შემქმნელმა და ბესტსელერმა ავტორმა დევიდ ჰაინემაიერ ჰენსონმა თავის 200,000 მიმდევარს Twitter-ზე ამცნო, რომ Y Combinator-ს (სადაც ტილი მრჩეველია), შესაძლოა, თავის მომდევნო კომპანიათა ჯგუფი დეპორტაციის აპლიკაციაზე ემუშავებინა და ტვიტს მრავლისმეტყველი ჰეშტეგი – #foundersfund – მოაყოლა.

ამას მოჰყვა ზარები Facebook-სა და Y Combinator-ში, რათა მათ ტილთან გაეწყვიტათ კავშირები. ცუკერბერგმაც და Y Combinator-ის დირექტორმაც, სემ ალტმენმა, ამაზე უარი თქვეს. აურზაურიც მალევე ჩაწყნარდა. კერძო საუბრებში რამდენიმე ინვესტორმა Forbes-ს უთხრა, რომ, მათი ცნობებით, სტარტაპის დამფუძნებლები, ტილის გამო, კომპანიაში შეხვედრებზე არ მისულიყვნენ. Upfront Ventures-ის მარკ სასტერის თქმით, მას აწუხებს ტრამპის დამოკიდებულება ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა რასა, LGBTQ თემის უფლებები და ჯანდაცვა. „სიამოვნებით მეცოდინებოდა, რას ფიქრობს [ტილი] ამ თემაზე, ვიდრე მასთან თანაინვესტირებას დავიწყებდე“, – ამბობს სასტერი. სხვა ვენჩურ-კაპიტალისტებიც ახმოვანებენ ამ მოსაზრებებს კერძო საუბრებში. „ვფიქრობ, ამან, შესაძლოა, მათი მარგინალიზაცია გამოიწვიოს. მიჭირს სხვაგვარად წარმოდგენა“, – ამბობს კომპანიასთან დაახლოებული კიდევ ერთი ინვესტორი. ნაგულისხმევი აზრი ესაა: ტილის კავშირები ტრამპთან არაფერში გამოდგება, მაგრამ Founders Fund-ი ხელიდან არ გაუშვებს პატარა გარიგებების შანსს.

ტრამპთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა შიგნითაც გამოიწვია გარკვეული პრობლემები. ერთი პარტნიორი, მაგალითად, ტრაი სტივენსი, ტილს ტრანზიციის გუნდში შეუერთდა, ხოლო მეორემ, ჯეფ ლუიზმა, ინტერნეტში ფიცხი გზავნილი გამოაქვეყნა: „სამყარო, სადაც პრეზიდენტი ტრამპი ვინმესთვის გასაგები ფენომენია, არაა ის სამყარო, რომელიც მინდა, ჩემმა შვილიშვილებმა მემკვიდრეობად მიიღონ“. ლუიზმა მათზეც დაწერა ტვიტი, ვინც ტრანზიციის გუნდს უერთდებოდა: „რა სწრაფად იყიდება პრინციპები სულ რაღაც ერთი კამათლისთვის, ჯერ არგამომცხვარ კლეპტოკრატიულ რულეტზე რომ გორავს“ (მოგვიანებით, მთელი თავისი Twitter-ის ისტორია წაშალა და ახლა ამბობს, რომ პლატფორმა ზედმეტად ტოქსიკური გახდა).

მოსწონთ ეს თუ არა, სინგერმენი და მისი კოლეგები თემას თავს ვერ აარიდებენ. თებერვალში ნოლანი, სტივენსი და სინგერმენი თავზარდაცემულები ჩანდნენ, როცა ოფისში მისულმა დამფუძნებელმა მათ ჰკითხა, მოახდენდა თუ არა პოლიტიკა, კერძოდ, ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა, გავლენას მათ ინვესტიციებზე. „ეს კითხვა აქამდე ჩვენთვის არავის დაუსვამს“, – ამბობს ნოლანი. მოგვიანებით, ლიმონიანი წყლის წრუპვისას, სინგერმენი კვლაც ცდილობს, გულგრილად შეხედოს იდეას, თითქოს ფირმას საჯარო პოზიციების დაკავება სჭირდება საკითხზე, რომელიც, მისი აზრით, პირადი პოლიტიკური შეხედულებებია. „ამწუთას ქვეყანაში საკმაოდ საშიში პერიოდი დგას – ყველა ფიქრობს, რომ აბსოლუტურად მართალია, – ამბობს ის. – არადა, სიმართლე, როგორც წესი, არაა ასეთი შავ-თეთრი“.

ბოლო თვეებში ტილი სიფრთხილეს ავლენს. თებერვალსა და მარტში ის სხვა პარტნიორებს შეუერთდა, რასაც უმეტესად პერიოდული სახე აქვს და დისკუსიები სატელეფონო ან ვიდეოზარებით იმართება რამდენიმე მსხვილი (და საიდუმლო) გარიგების ირგვლივ. როცა, ბოლოს და ბოლოს, Forbes-ი ევროპაში ტილის კვალს დაადგა (თუმცა ფიზიკურად მას არ შეხვედრია), მან განაცხადა, რომ რადგანაც ფირმა ყოველ წელს „რამდენიმე მნიშვნელოვან ინვესტიციას“ ახორციელებს, მას თავისი მრავალფეროვანი ინტერესები დაეხმარა, „უკეთ გაეაზრებინა მთლიანი სურათი“. ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ მის პოლიტიკას არავითარი კავშირი არა აქვს კომპანიასთან. „ჩემი როლი Founders Fund-ში ინვესტორობაა. წერტილი“, – ამბობს ის.

საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, რუზრუზი ტილისა და ტრამპის ფლირტზე ოდნავ მეტი აღმოჩნდება, ვიდრე ხმაური, რადგანაც ფული და სიხარბე პოლიტიკასა და პრინციპებს აჯობებს. ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანი, ვინც საჯაროდ დააბრუნა ტილის ფული, არა მის პორტფოლიოში შემავალი რომელიმე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, არამედ 21 წლის „ტილის შეგირდი“ (Thiel Fellow), რომელმაც ტილის ქველმოქმედების წყალობით $100,000 მიიღო; ის საქველმოქმედო ინიციატივა გვაქვს მხედველობაში, რომელიც სტუდენტებს კოლეჯის მიტოვებისა და კომპანიის წამოწყებისკენ მოუწოდებს. ამასობაში, Flexport-ის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერსენი, რომელსაც ნათქვამი აქვს, აღარ ავიღებ ტილის ფულსო, ამბობს, რომ პარტნიორებთან, მათ რიცხვში, ტილთან, ღია და კონსტრუქციული დიალოგი აქვს პოლიტიკის ირგვლივ. და მაინც, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? „ვნანობ, რაც ვთქვი და შესაძლებლობა რომ მომეცეს, სიამოვნებით მივიღებდი დამატებით ინვესტიციას Founders Fund-ისგან“, – აცხადებს ახლა პიტერსენი.