„ღვინის ქარხანა N1“ ფართოვდება – გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე, ღია ტიპის რესტორან „შადრევანში“ 30 000 ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა.
როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ქრისტი ჭანიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, „შადრევანის“ განახლება ესპანური სამზარეულოს დამატებასა და სტუმრების ყველა სეზონზე მიღებას გულისხმობს. მისივე თქმით, კომპანიამ HACCP-ის სტანდარტებისთვის ყველა საჭირო ნორმაზე მუშაობაც დაიწყო, რაც „ღვინის ქარხანა N1“-ის ყველა რესტორანზე გავრცელდება.
„შადრევანის“ სარემონტო სამუშაოები ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება.
„პროექტი „შადრევანი“ „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარეობს და ის პირველად ორი წლის წინ გაიხსნა და მასში საწყის ეტაპზე 10-ჯერ მეტი თანხა ინვესტირდა. თუმცა, რადგან სეზონურია, რამდენჯერმე მოუწია დახურვა. ახლა, პანდემიის პირობებში, გავხსენით, ამიტომ ამჯერად ასეთი მცირე ინვესტიცია განხორცილდა, თუმცა პროექტი უფრო მასშტაბურია“, – აღნიშნა ქრისტი ჭანიშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიის მიზანია, რომ „შადრევანმა“ სტუმრებს წელიწადის ნებისმიერ დროს უმასპინძლოს. პროექტის ავტორებს აქვთ გეგმები, რომელთა განსახორციელებლად დამატებითი ინვესტიციებია საჭირო.
კერძოდ, „ღვინის ქარხანა N1“-ის ტერიტორიაზე იგეგმება სტეიკ-ჰაუსის გახსნა და ღვინოსთან დაკავშირებით ახალი პროექტის განხორციელებაც, რომელიც, ქრისტი ჭანიშვილის თქმით, მასშტაბურობით გამოირჩევა, თუმცა კომპანიის ფინანსური დირექტორი დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
ცნობისთვის, ისტორიული ძეგლი „ღვინის ქარხანა N1“ სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს, ესენია: ქართული რესტორანი „ვერიკო“, კოქტეილ-ბარი „ქიქოძე“, ვეგეტარიანული რესტორანი „თბილი სიო“, კოქტეილ-ბარი Cocktail factory, მექსიკური რესტორანი Taqueria Teko’s Tacos, კაფე-ბარი Candy, ქართული რესტორანი „შუშაბანდი“, აზიური რესტორანი Suzie Wong-ი, გრილ-ბარი Black Dog Bar-ი, იტალიური რესტორანი Pizzeria di Karkhana, ბარბექიუ და ლუდის ბარი Number 8 BBQ House-ი, კულინარიული სკოლა Cullinarium Cooking School-ი, ქართველი დიზაინერების მაღაზია IERI Store და ყვავილების მაღაზია Flower factory.