Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი სამხედრო დრონების საიდუმლო პროექტზე მუშაობს. ინფორმაციას, რომელიც ჯერჯერობით საჯაროდ არსად გაცხადებულა, ამერიკული Forbes-ი შმიდტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საიდუმლო პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად, ჩინური დრონების ამერიკული ალტერნატივების წარმოება და უპილოტო საფრენი სისტემების განვითარება იგეგმება. წყაროთა ცნობით, შმიდტის საქმიანობაზე გავლენას უკრაინაში მისი ბოლოდროინდელი ვიზიტები ახდენს, სადაც მილიარდერი, გასული წლის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხედრო ლიდერებს შეხვდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პროექტში Google-ის X-ლაბორატორიის თანადამფუძნებელი სებასტიან თრანიც მონაწილეობს.
კიევიდან დაბრუნების შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში დრონების მნიშვნელობაზე შმიდტმა თავისი აზრი Wall Street Journal-თან საუბრისას ღიად დააფიქსირა: „ომის მომავალს დრონები წარმართავენ“. Washington Post-თან საუბრისას კი, ამ წლის დასაწყისში, შმიდტმა განაცხადა, რომ მან, რამდენიმე ინვესტორთან ერთად, უკრაინული სტარტაპ-აქსელერატორ D3-ისთვის, რომელიც სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაზეა ორიენტირებული, $10 მილიონი გაიღო.
შმიდტმა Google-ის CEO-ს თანამდებობა 2017 წელს დატოვა. აშშ-ში შმიდტი სამხედრო სააგენტოებისთვის ტექნოლოგიური ინვესტიციების გაზრდის მომხრეა, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რადგან მიიჩნევს, რომ მას წამყვანი როლი უკავია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებში.
შმიდტი თავდაცვის დეპარტამენტის ინოვაციური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა, ასევე იყო ხელოვნური ინტელექტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის კომისიონერი.