Google-ზე სწრაფი

Google-ზე სწრაფი

ისრაელური Mobileye აპირებს, ტექნოლოგიის გიგანტს გადაუსწროს და თვითმავალი ავტომობილები ფართო საზოგადოებას შესთავაზოს.

ყოველ დილით ამნონ შაშუა თავის იერუსალიმის ოფისამდე მისვლას 20 წუთს ანდომებს. ეს არც ისე დამღლელი გზაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საქმისთვის ძირითადად მისი Audi A7 ირჯება. „საჭეს ხელს ვუშვებ და მანქანას თავისით მივყავარ, – ამბობს 56 წლის შაშუა. – ძალიან სახალისოა“. სახალისო, მაგრამ, ცოტა არ იყოს, – სახიფათო. „მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყო“, – დასძენს ის.

Mobileye, მართვის დამხმარე პროგრამის ერთ-ერთი მოწინავე პროვაიდერი, შაშუამ 57 წლის ზივ ავირამთან ერთად დააფუძნა. შაშუამ ძალიან კარგად იცის, რომ თვითმავალ ავტომობილებს ჯერ კიდევ დახვეწა სჭირდება. გზატკეცილებსა და გარკვეულ საგზაო პირობებს ასეთი მანქანები უკვე უმკლავდებიან. Tesla Motors-მა თავისი Autopilot-ის სისტემით, რომელიც, Audi-სა და Cadillac-ისგან განსხვავებით, Mobileye-ს კამერაზე დაფუძნებულ პროგრამას ეყრდნობა, ეს უკვე დაამტკიცა. ქალაქის ქუჩებში საქმე უფრო რთულადაა, მაგალითად, წრეზე მოძრაობისას. ასეთ შემთხვევებში ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება, რომელიც უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ამას ავტოინდუსტრიაში ელოდნენ. მაგრამ მაინც სავარაუდოა, რომ კიდევ ათი წელი იქნება საჭირო, სანამ მანქანები ისეთი ჭკვიანები გახდებიან, რომ საკუთარი თავის მართვა ნებისმიერ სიტუაციაში, ადამიანის დახმარების გარეშე შეძლონ.

$890-მილიონიანი პირველადი საჯარო შეთავაზებიდან ორი წლის თავზე Mobileye-ს ინდუსტრიის განვითარების აჩქარების ჭკვიანური გეგმა აქვს, რომელიც Alphabet-ის გეგმისაგან საკმაოდ განსხვავდება, ეს უკანასკნელი კი Google-ის მშობელი კომპანიაა და Mobileye-ს ყველაზე დიდი მეტოქე თვითმავალი მომავლისთვის წარმართულ რბოლაში. Mobileye-ს მიერ დაპროგრამებულ ჩიპს, EyeQ-ს, მსოფლიოს ავტომწარმოებელთა 90%-ზე მეტი იყენებს. ჩიპი მანქანებს ეხმარება, საკუთარ ზოლში დარჩნენ, ხოლო გაუთვალისწინებელ შემთხვევებში – დაამუხრუჭონ. კომპანია ახლა უკვე სამ უდიდეს ავტომწარმოებელთან თანამშრომლობს და რუკების მაღალხარისხიანი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ჩიპების დახმარებით მძღოლებისგან რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას და შეძლებს, დაადგინოს მანქანის ადგილმდებარეობა საგზაო ნიშნებთან, ზოლის საზღვრებთან და სხვა ობიექტებთან მიმართებით. კამერების, რადარის მსგავსი სხვა სენსორებისა და მუდმივად განახლებადი რუკების წყალობით, გაჩნდება ინფორმაციის კიდევ ერთი წყარო და Mobileye-ც, წესით, თვითმავალი მართვის ფუნქციებით უფრო მეტი ავტომობილის უფრო სწრაფად აღჭურვას შეძლებს.

„რუკები თვითმავალი მანქანებისთვის სტანდარტებს დასწევს მანამდე, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი სათანადოდ არ დაიხვეწება“, – ამბობს შაშუა. OnStar-თან კავშირის გამო, ტექნოლოგიას ჯერ General Motors-ი მიიღებს, შემდეგ, 2018-ში – Volkswagen-ი და Renault-Nissan-ი. ერთად ეს სამი ავტომწარმოებელი მსოფლიოს მანქანების 30%-ს ყიდის, რაც Mobileye-ს რუკებისთვის საკმარისი რაოდენობის მონაცემების მოგროვების საშუალებას აძლევს. შაშუას თქმით, ახალი ტექნოლოგიის შემოღება სხვა საერთაშორისო ავტომწარმოებლებსაც უნდათ.

Mobileye-ს გზა წარმატებისკენ Google-ის სუპერამბიციური და სუპერინოვაციური (ე.წ. moonshot) სტრატეგიისაგან განსხვავებული და, სავარაუდოდ, უფრო სწრაფიც იქნება. Google-ს პირდაპირ თვითმავალი ავტომობილების ეპოქაში გადახტომა სურს და ისეთ პროტოტიპებსაც კი ამზადებს, რომელთაც საჭე და პედალები არ გააჩნია. ტექნოლოგიის დასახვეწად, ამ და სპეციალურად დამზადებულ ავტომობილებს დამოუკიდებლად უკვე 1.5 მილიონ მილზე მეტი აქვთ გავლილი.

ეს ტესტები მაუნტინ-ვიუში (კალიფორნია), Google-ის სათავო ოფისის მახლობლად და სამ სხვა ქალაქში ხორციელდება. ეს რუკები გაცილებით დეტალურია, ვიდრე დღევანდელი მანქანებისა და ჭკვიანი ტელეფონებისთვის შექმნილი GPS-ნავიგაციის სისტემები. მაშინ, როცა GPS-ის რუკები დაახლოებით 10 მეტრის რადიუსში ზუსტად მუშაობს, მაღალხარისხიანი (HD) რუკები დეტალებს რამდენიმე სანტიმეტრის რადიუსში ზომავს, იწერს ყველაფერს – ბორდიურის სიმაღლისა და გზაჯვარედინის სიგანით დაწყებული, გაჩერების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნის ზუსტი ადგილმდებარეობით დამთავრებული – და მანქანის მიმდებარე ტერიტორიების 3D პორტრეტს ქმნის. Google-ის ავტომობილები საკუთარ თავს სხვადასხვა სენსორიდან, მათ შორის, სახურავზე მობზრიალე ლაზერული სკანერიდან მიღებული მონაცემებით მართავს. ლაზერზე დაფუძნებული რადარული სისტემები, „ლიდარები“, მოცულობით საკმაოდ დიდია და ძვირად ღირებულიც, მაგრამ ზომასა და ფასში ნელ-ნელა იკლებს.

ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ ქუჩების დეტალური სკანირება საკმაოდ დიდ გამტარუნარიანობას მოითხოვს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსის, როდ ლაშის თქმით, ერთი საათის განმავლობაში 3D მონაცემების შეგროვებას იმდენივე რესურსი სჭირდება, რამდენიც სმარტფონის მოხმარებას 20 წლის მანძილზე. მართალია, Google-ის კარტოგრაფიული შესაძლებლობები „გასაოცარია“, ამბობს ლაში, მაგრამ მასშტაბების გადმოტანა საკმაოდ რთული საქმეა. „ამერიკის გზები სიგრძით ჯამში 4 მილიონ მილს უტოლდება. მათი ერთი მესამედი მოკირწყლულიც კი არაა“, – ამბობს ის, – როგორ შეძლებს Google-ი, ან საერთოდ ვინმე, ყოველი მათგანის სკანირებას?” ეს რომ შეძლონ კიდევაც, რუკების მუდმივი განახლება არანაკლებ რთული იქნება.

Google-ი თითქოს დიდად არ ნერვიულობს. „ჩვენ მთელი მსოფლიოს რუკა შევადგინეთ. ორჯერ“, – ამბობს მათი წარმომადგენელი. ის Google Maps-სა და Street View-ს ფუნქციას გულისხმობს. ყველა მონაცემი, რაც Google-ის სატესტო ავტომობილებს სანავიგაციოდ სჭირდება, მანქანაში არსებულ კომპიუტერზე ინახება, მაგრამ შეიძლება, ესეც შეიცვალოს. Google-ის მიზანი, ამწუთას ისაა, რომ ტექნოლოგია გამართულად მუშაობდეს, ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

Mobileye-ს მთავარი ინოვაციური მიღწევა ის გახლდათ, რომ შეძლო და 3D რუკები კამერაზე დაფუძნებული ჩიპების გამოყენებით შექმნა, რომლებიც უკვე მილიონობით მანქანაშია დამონტაჟებული. მის Road Experience Management-პროგრამას შეუძლია, ობიექტები და სხვა საგზაო ინფორმაცია საოცრად დაბალი გამტარუნარიანობით (დაახლოებით 10 კბ გავლილ კილომეტრზე) ამოიცნოს. ამას ის იმიტომ ახერხებს, რომ, Google-ისგან განსხვავებით, ყოველი დეტალის ყოველ პაწაწინა კომპონენტს არ იწერს. მართალია, Mobileye-ს პროგრამა Google-ის 3D რუკებივით ზუსტი არ არის, მაგრამ კამერის ფოტოებისა და სხვა სენსორების დახმარებით, შეუძლია, ავტომობილის ადგილმდებარეობა 10 სანტიმეტრის რადიუსის სიზუსტით დაადგინოს და, შედეგად, მანქანამ დამოუკიდებლად იმოძრაოს.

1999 წელს დაფუძნებული Mobileye-ს წარმატებას ორი ტენდენცია უწყობს ხელს. რამდენიმე წელიწადში თითქმის ყველა ავტომობილის წინ კამერა იქნება დამონტაჟებული. ავტოინდუსტრია თანახმაა, აშშ-ის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ყველა მანქანაში ავტომატური სამუხრუჭე სისტემები დანერგოს. ასეთ სისტემებს, როგორც წესი, კამერები სჭირდება.

ამას გარდა, ავტომწარმოებლებს სურთ, მანქანებში უკაბელო პროგრამული განახლების სისტემები დანერგონ – ისეთი, როგორსაც კომპიუტერები და სმარტფონები იყენებენ. IHS Automotive-ის თანახმად, 2022 წლისთვის აშშ-ში ახალი ავტომობილების 98% cloud-თან იქნება დაკავშირებული. Mobileye-ს რუკებისთვის საჭირო ინფორმაცია ასე უფრო მარტივად მიეწოდება. „საქმეს ის აადვილებს, რომ მანქანაში საკომუნიკაციო სისტემებისა და კამერების დაყენების მოტივაცია ისედაც არსებობს“, – ამბობს შაშუა.

Mobileye-ს პოტენციურად მოწინავე პოზიციებს თვითმავალი მანქანების მომავალში ორი რამ განაპირობებს: მართვის დამხმარე სისტემების ბაზარზე კომპანია დაახლოებით 90%-იან წილს და ისეთ ინოვაციებს ფლობს, როგორიც 3D კარტოგრაფიაა. ისრაელურ კომპანიას არასდროს მიუღია ისეთი მსხვილი საჯარო შეთავაზება, როგორიც 2014 წლის ივლისში მიიღო. უკვე 2015 წელს მისი შემოსავლები 68%-ით გაიზარდა და $241 მილიონს მიაღწია, წმინდა მოგებამ – $68.5 მილიონს, ხოლო თავისუფალი ფულადი ბრუნვა თითქმის გაორმაგდა და $96 მილიონი შეადგინა.

მიუხედავად ამისა, კომპანიის თითო აქცია ახლა თითქმის $40 ღირს მას მერე, რაც გასულ ზაფხულს აქციის ფასმა პიკს – $64-ს – მიაღწია. ინვესტორები მზარდ კონკურენციაზე ღელავენ ისეთი მეტოქეებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ნახევარგამტარების მწარმოებელი Nvidia, რომელმაც ამასწინათ ხელოვნური ინტელექტის თვისებების მქონე ჩიპები წარმოადგინა.

ლაშის აზრით, ასეთი სკეპტიციზმი უსაფუძვლოა. “ტექნოლოგიის სამყაროში ჩვეულებრივი ამბავია, რომ კონკურენტები უცბად წამოგეწიონ, – ამბობს ის. – ავტოინდუსტრიაში საქმე უფრო რთულადაა. მგონი, ადამიანებს ბოლომდე არ ესმით, რას მიაღწია Mobileye-მ”.

რაც უნდა ირონიული მოგეჩვენოთ, Google-ისაგან მოახლოებული საფრთხე შეიძლება, Mobileye-ს, როგორც ბაზარზე დამკვიდრებული ავტომწარმოებლების პარტნიორის, წარმატებას ხელს უწყობდეს კიდეც. ზოგს ეშინია, რომ Google-ს ადამიანთა ციფრული ცხოვრების გაკონტროლება უნდა როგორც სახლში, ისე მათ მობილურებსა და მანქანებში. ავტომწარმოებლებს კი არა აქვთ სურვილი, მომხმარებლებს ამგვარი ურთიერთობები შესთავაზონ.

“ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ავტომწარმოებლები არა ყველაზე დაბალ ფასს, არამედ ლიდერს ეძებენ, – ამბობს ლაში. – შთაბეჭდილება მრჩება, რომ Mobileye მათი თავდაცვის სტრატეგიის ნაწილია“. საუკეთესო თავდასხმა ხომ, მართლაც, კარგი თავდაცვაა.