Gotcha ჰამო ვეთუნცისა და ანა გევორგიანის მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ქცევითი მეცნიერების კვლევისა და სახის მიმიკების ანალიზის მეშვეობით ადამიანის მიკროემოციებს ამოიცნობს.
ეს საინტერესო მისიის მქონე სტარტაპი ცოტა ხნის წინ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. როგორ ახერხებს Gotcha ამ მისიის შესრულებას? ამ და სხვა საკითხებზე ანა გევორგიანი გვესაუბრა:
საიდან გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ სტარტაპი, რომელიც ადამიანის ემოციებს დააკვირდებოდა?
თავიდან გვინდოდა, შეგვექმნა ფსიქოლოგიური ჩატ-ბოტი, რომელიც ხალხს დეპრესიისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა. ერთთვიანი კვლევის შემდეგ, ამ იდეაზე ფიქრი შევწყვიტეთ და მოვინდომეთ, გვეპოვა ემოციების გამოვლენის საშუალება, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ბაზრის ზრდის მიუხედავად, ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კომპანია ოპერირებს.
მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ისიც, რომ ამ სფეროში პოლიგრაფის აღმოჩენის შემდეგ, ახალი მიღწევა თითქმის არ არსებობს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ტექნოლოგია, რომელიც ადამიანების მიმიკებზე დაფუძნებით მოახდენდა სიცრუის გამოვლენას.
იმისთვის, რომ შექმნა მსგავსი სტარტაპი, ალბათ, რელევანტური ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. ვინ არიან Gotcha-ს დამფუძნებლები და რა გამოცდილება აქვთ მათ?
თანადამფუძნებლები ვართ მე და ჰამო ვეთუნცი. ჩვენ გვაქვს დივერსიფიცირებული სამუშაო გამოცდილება – ვმუშაობდით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის გაყიდვებში, ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და სხვა. ამას გარდა, 3 წლის წინ ავიღე მიკროემოციების ამოცნობის და სახის პროფილირების 7 სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიცირებული ორგანოსგან).
გვიამბეთ Gotcha-ს მისიისა და მოდელის შესახებ…
ჩვენს პროდუქტს აქვს ორი მოდელი – საგამოძიებო და შეფასებითი.
შეფასებითი მოდელი მიზნად ისახავს, შეაფასოს თანამშრომლის (მომხმარებელთა მომსახურების ოფიცრების) მუშაობის ხარისხი კლიენტების ემოციების და მომხმარებლის კმაყოფილების დონის ანალიზზე დაყრდნობით. თუმცა, ამ მოდელის გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ HR თანამშრომლის მუშაობის შეფასებით და შეიძლება, საკმაოდ დივერსიფიცირებულიც იყოს, მაგალითად მისი გამოყენება შესაძლებელია რეკრუტირების პროცესში, მომხმარებელთა კმაყოფილების გასაზომად, დისტანციური შეხვედრის მონაწილეების ემოციების ანალიზისთვის და სხვა.
საგამოძიებო მოდელი კი მიზნად ისახავს, ინტერვიუების დროს ადამიანის სახეზე გამოვლენილი ფარული მიკროემოციების ანალიზის შედეგად გამოავლინოს თაღლითობა (საწარმოს დონეზე) და დანაშაული (სარჩელის მენეჯმენტსა და იურიდიულ სამსახურებში). ამ მოდელის ემოციების ბიბლიოთეკა მოიცავს (ძირითადი ემოციების გარდა) იმ ემოციებს, რომლებიც შეიძლება განიმარტოს, როგორც „მოტყუების შესაძლო შემთხვევები“.
საჩივრის მენეჯმენტისა და იურიდიული სერვისების გარდა, აღნიშნული მოდელის გამოყენება შესაძლებელია რისკისა და შესაბამისობის მენეჯმენტის მიმართულებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში – ნარკოტიკული აშლილობების გამოსავლენად, დაზღვევისთვის და სხვა.
რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
თავდაპირველად, ჩვენ გავიარეთ ტრენინგები საერთაშორისო სერტიფიცირებულ ორგანოში მიკროემოციების, ფარული ემოციების, მოტყუების შესაძლო შემთხვევების გამოვლენის და სახის პროფილირების კუთხით.
ჩავატარეთ ბაზრის კვლევა. AU კოდირების მეშვეობით შევქმენით სახის კუნთოვანი მოქმედებების მატრიცა და დავიწყეთ დეველოპერების ძებნა, რათა ჩვენ მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევა AI ტექნოლოგიაში აგვესახა.
შემდეგ დავიწყეთ ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის შემოწმება და ალფა ტესტირება. ვატარებდით ბეტა ტესტირებებს, ვმუშაობდით ემოციების აღქმის გაუმჯობესებაზე, პარალელურად, ვახორციელებდით მომხმარებელთა კვლევას და მათ უკუკავშირზე დაფუძნებით ვამატებდით ახალ ფუნქციებს და ვაუმჯობესებდით არსებულ ტექნოლოგიას.
ალბათ ამ პროცესში ბევრ სირთულესაც წააწყდით..
ძალიან რთული აღმოჩნდა დეველოპერების პოვნა. ასევე, ბევრ სირთულეს გადავაწყდით ტექნოლოგიის გაწვრთნისა და მაღალი სიზუსტის მიღწევის პროცესში, რაც შესაძლებლობას მისცემდა ჩვენ მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს, სწორად ამოეცნო ემოციები ყველა ტიპის ადამიანის სახეზე.
რა ეტაპზეა ამჟამად სტარტაპი?
ჩვენ უკვე შევქმენით 2 მოდელის MVP და ღრუბელზე დაფუძნებული პროდუქტები. ამჟამად კი SAP-ის SuccessFactors-თან ინტეგრაციის პროცესში ვართ.
გიცდიათ თუ არა ბედი სხვა ტიპის აქსელერატორში აქამდე?
ჩვენ გავიარეთ სხვადასხვა აქსელერატორის პროგრამა, მათ შორის იყო: SAP Startup Factory by BANA, Microsoft Startup Hub და NVIDIA Inception.
რატომ მოგინდათ 500Georgia-ს აპლიკაციის შევსება?
500Georgia-ში მონაწილეობა გვინდოდა რამდენიმე მიზეზის გამო: ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროგრამა დაგვეხმარება ჩვენი სამიზნე აუდიტორიის უკეთ გაცნობაში, საჭირო კავშირების დამყარებასა და ბრენდისადმი კეთილგანწყობის მოპოვებაში, ასევე, ალტერნატიული ინვესტორებისა თუ სფეროს ექსპერტების დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვაში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენ ამბიციური მიზანი გვამოძრავებს, გვინდა, რომ გავხდეთ UNICORN კომპანია!