საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მრავალფეროვნების წახალისებისა და ქალთა როლის წარმოჩენის მიზნით, გრეის ჰოპერის სახელობის 2022 წლის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება 8 აპრილიდან დაიწყო. გრეის ჰოპერი ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტი იყო, ხოლო მისი სახელობის ჯილდო საქართველოში გასულ წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დააარსა. პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ადამიანებს, სტარტაპებს, ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნებაში.
“გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგიასთან. თიბისისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. მოხარულები ვართ, რომ პროექტი თიბისის პარტნიორობით გრძელდება და წელსაც გამოავლენს საინტერესო ადამიანებსა თუ ინიციატივებს, ამასთან — წარმოაჩენს მისაბაძ მაგალითებს ICT დარგში”, — აცხადებს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი.
“USAID მხარს უჭერს გრეის ჰოპერის ჯილდოს, რადგან ადმირალ ჰოპერის მოღვაწეობის შემდეგ ათწლეულების მიუხედავად, ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილი STEM სფეროებში, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT). ქალებს ICT-ში არამარტო განსაკუთრებული ნიჭი აქვთ, არამედ ხშირად განსხვავებული პერსპექტივები, რომლებსაც შეუძლიათ ინოვაციებისა, ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარება. STEM და ICT სფეროში მეტი ახალგაზრდა ქალის ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის გლობალურ ბაზარზე’’, — ამბობს მარიკა ოლსენი USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა. ესენია: მომავლის ლიდერი ქალი, ICT სფეროს ჩემპიონი, ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელი კატეგორიაში “ტექნოლოგიური სტარტაპი” გასულ წელს Phubber გახდა. “ჩვენ ამ ჯილდომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და ენთუზიაზმი გაგვიჩინა. გარდა ამისა, თიბისის მხარდაჭერით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ Phubber-ის პროექტები და განვახორციელეთ ახალი ინიციატივები. თიბისის გუნდი სრულად იზიარებდა ჩვენს მიზნებს და აკეთებდა მაქსიმუმს, რომ საუკეთესო შედეგი მიგვეღო. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გრძნობ, რომ სხვები გიჭერენ მხარს. ამასთან, შეუფასებელია ის კავშირები და ცნობადობა, რასაც ეს დაჯილდოება გაძლევს” , — ამბობს ანანო დოლაბერიძე.
გარდა აღიარებისა, თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები ღონისძიების პარტნიორებისა და მხარდამჭერებისგან სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. ესენია თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UTG და Majorel Georgia.
თიბისი, გასული წლის მსგავსად, ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს დაუჭერს მხარს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე, საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, ასევე შესაძლებელია წარადგინოთ სხვა ადამიანები, სტარტაპები, ორგანიზაციები თუ პროგრამები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ დარგის მრავალფეროვნებაში. ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებგვერდს www.ictwomen.ge. განცხადებები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე, ფინალისტები გამოვლინდებიან 30 მაისს, ხოლო 10 ივნისს გამართება დაჯილდოების ცერემონია.