იაპონიამ მსოფლიოს მესამე უდიდესი ეკონომიკის სტატუსი გერმანიას დაუთმო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2023 წლის მეოთხე კვარტალში ზედიზედ უკვე მეორედ შემცირდა. შედეგად, იაპონია მოულოდნელ რეცესიაში შევიდა.
იაპონიის კაბინეტის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, იაპონიის მშპ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, წლიურ ჭრილში, 0.4%-ით დაეცა, ზედიზედ მეორედ, გასული კვარტალის წლიური 3.3%-იანი ვარდნის შემდეგ. Bloomberg-ის თანახმად, მეოთხე კვარტალის მაჩვენებლები მკვეთრად ჩამოუვარდებოდა ეკონომისტების პროგნოზს დაახლოებით 1.1%-იანი ზრდის შესახებ.
კერძო მოხმარება, რომელიც იაპონიის ეკონომიკური აქტივობის ნახევარზე მეტს შეადგენს, მეოთხე კვარტალში 0.2%-ით შემცირდა. მიზეზი ცხოვრების ხარჯების სპირალური ზრდის გამო, საოჯახო მეურნეობების მიერ დისკრეციული ხარჯების შემცირებაა.
შედეგად, იაპონიის ეკონომიკა, 2023 წლის $4.2-ტრილიონიანი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით, ჩამორჩება გერმანიის $4.4 ტრილიონს (აშშ დოლარში), მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ეკონომიკაც გასულ წელს 0.3%-ი შემცირდა. მშპ-ის ზედიზედ ორ კვარტალში კლება ტექნიკურად ნიშნავს, რომ იაპონიის ეკონომიკა რეცესიაშია, თუმცა ეკონომისტთა ნაწილი თვლის, რომ მონაცემები შესაძლოა ჯერ კიდევ გადახედვას და დაზუსტებას საჭიროებდეს.
ამჟამად ერთი ამერიკული დოლარი 150.18 იაპონური იენი ღირს. ეს ყველაზე სუსტი მაჩვენებელია, რომელსაც იაპონურმა ვალუტამ გასული წლის ნოემბრის შემდეგ მიაღწია, როდესაც მცირე ხნით, აშშ დოლარის კონვერტაციის ღირებულება იაპონურ იენში 150-ს გაუტოლდა.