იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აფრიკის განვითარებისთვის $30 მილიარდის გამოყოფის პირობა დადო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აფრიკის განვითარებისთვის $30 მილიარდის გამოყოფის პირობა დადო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, აფრიკის განვითარებისთვის საერთო ჯამში $30 მილიარდის გამოყოფის პირობა დადო. ფინანსები, ძირითადად, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოხმარდება იმ კონტინენტზე, სადაც ჩინეთი და რუსეთი საკუთარი გავლენის გავრცელებას აქტიურად ცდილობენ.

ტუნისში, TICAD-ის სახელით ცნობილ აფრიკის განვითარების საერთაშორისო კონფერენციის ბოლო რაუნდზე, კიშიდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონია აფრიკასთან ერთად განვითარებას გეგმავდა და განასხვავებდა მის მიდგომას ჩინეთისგან, რომელიც კრიტიკოსთა აზრით, ღარიბი ერების მდგომარეობას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი დიდი ვალებით უფრო მეტად ამძიმებდა.

კონკრეტულად, იაპონია აფრიკის განვითარების ბანკთან კოორდინაციით, $5-მილიარდამდე სესხებს გასცემს, რაც ხელს შეუწყობს აფრიკის მდგრად განვითარებას. „იაპონიას სურს, იყოს პარტნიორი, რომელიც აფრიკასთან ერთად გაიზრდება. ჩვენი მიზანი აფრიკასთან თანამშრომლობით, რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევაა“, – განაცხადა კიშიდამ გამოსვლაში. პრემიერმა დასძინა, რომ ინვესტიციები ძირეულად იაპონური მიდგომით განხორციელდება და ადამიანებზე იქნება ფოკუსირებული.

რიგით მერვე შეკრება, რომელსაც აფრიკელი და იაპონელი ლიდერები ესწრებიან, კონტინენტის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებს მოიცავს. მათ შორისაა: მარცვლეულის მიწოდების შეფერხებით გამძაფრებული სასურსათო კრიზისი, ენერგოუსაფრთხოება და პანდემიის გაგრძელების გამო ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება. კიშიდას განცხადებით, წესებზე დაფუძნებული, თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება, გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელია.

აფრიკის მხარდასაჭერად, იაპონია დეკარბონიზაციისთვის $4 მილიარდს გამოყოფს და აფრიკას საკვების წარმოების განვითარებასა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოსახლეობის გადამზადებაშიც დაეხმარება. საერთო ჯამში, მომავალი სამი წლის განმავლობაში, იაპონია აფრიკას 300.000 ადამიანის გადამზადებაში დაეხმარება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და მართლმსაჯულების სფეროებში.