ილონ მასკის ჩინეთში ვიზიტის დეტალები

ილონ მასკის ჩინეთში ვიზიტის დეტალები

უკანასკნელ სამ წელიწადში პირველად, ილონ მასკი ჩინეთს ეწვია, სადაც ქვეყნის მაღალჩინოსნებს შეხვდა და შანხაიში Tesla-ს გიგაქარხანაც მოინახულა. მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა მასკის ელექტრომობილების ბრენდის გაყიდვებისა და წარმოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია, ხოლო ქვეყნის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება საკმაოდ მიმზიდველია, რაზეც მილიარდერმა ჩინეთში სტუმრობისას ყურადღება არაერთხელ გაამახვილა. თავის მხრივ კი ჩინეთი, აშშ-სთან გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და კოვიდშეზღუდვების მოხსნის შემდეგ, უცხოურ ბაზრებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს.

ჩინეთში მოგზაურობისას, მასკი ქვეყნის არაერთ მაღალჩინოსანს შეხვდა. მათ შორის იყო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ კანი, რომელთანაც მან ელექტრომობილებისთვის ჩინეთის ბაზრის პოტენციალი განიხილა და „ბაზარს განვითარების დიდი პერსპექტივაც უწინასწარმეტყველა“. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მასკმა შეაქო ჩინელი ხალხისა და ჩინეთის მიღწევები და ქვეყანაში თავისი ბიზნესის განვითარებისთვის მზადყოფნაც გამოთქვა. ენერგომანქანებისა და ინტელექტუალური ქსელური მანქანების განვითარების შესაძლებლობა განიხილა მილიარდერმა ჩინეთის ინდუსტრიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრ ძინ ჭუანლონგთან შეხვედრაზეც.

ჩინეთში მოგზაურობისას, მასკმა შანხაიში მდებარე Tesla-ს გიგაქარხანაც მოინახულა, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ელექტრომობილების მწარმოებლისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოო ქარხანაა. შანხაის პარტიის მდივან ჩენ ძინინგთან ერთად, მან საერთაშორისო ბიზნესისთვის შანხაის ადგილმდებარეობის მნიშვნელობა განიხილა, ქარხნის წარმატებულ ფუნქციონირებაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ჩინეთის ქალაქთან მუშაობას სხვა სფეროებშიც გააფართოებს.

Reuters-ზე დაყრდნობით, ჩინეთში გამართული შეხვედრების ფარგლებში, მილიარდერი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ტინ სუესიანგსაც ესაუბრა. ცნობისთვის, ტინი ჩინეთში სი ძინპინის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ პოლიტიკოსად მიიჩნევა და პრეზიდენტის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული უმაღლესი მმართველი ორგანოს, პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრიცაა. უცნობია, თუ რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, თუმცა, გავრცელებული ხმებით, შეხვედრაზე ხაზგასმული იყო მასკის მჭიდრო ურთიერთობა წამყვან ჩინელ პოლიტიკოსებთან.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით, ჩინეთში მასკი CATL-ის თავმჯდომარეს შეხვდა. ცნობისთვის,  Contemporary Amperex Technology (CATL) მსოფლიოში ელექტრომანქანების ბატარეების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია და ამავდროულად Tesla-ს მიმწოდებელია. ჯერ კიდევ მარტში, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასკის ელექტრომობილების კომპანია CATL-თან თანამშრომლობით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატარეების ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობებს იკვლევდა. შეხვედრასთან დაკავშირებით CATL-ს კომენტარი არ გაუკეთებია და, შესაბამისად, უცნობია, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა.

შანხაის გიგაქარხანაში მასკის ვიზიტის შესახებ კი ცნობილი თავად კომპანიის მიერ, ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე გავრცელებული ვიდეომასალიდან გახდა. მილიარდერმა სიტყვით მიმართა პერსონალს და ისინი რთულ სიტუაციაში მუშაობისთვის შეაქო: „წარმოუდგენლად შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ გადალახეთ ამდენი სირთულე და გამოწვევა. მე ყოველთვის ყველასთან ღიად ვაცხადებ, რომ მანქანებს, რომლებიც ამ ქარხანაში იწარმოება, ეფექტიანობასთან ერთად უმაღლესი ხარისხიც გამოარჩევს“.

Variflight-ის თანახმად, ამერიკელი მილიარდერის პირადი თვითმფრინავი შანხაის ჰონციაოს აეროპორტიდან ხუთშაბათს დილით აფრინდა და ოსტინისკენ, ტეხასის შტატისკენ გაემართა, სადაც Tesla-ს გლობალური შტაბ-ბინა მდებარეობს.