ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ქონება $18 მილიარდით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მაინც ინარჩუნებს პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს.
ილონ მასკის ქონების შემცირება სწორედ Tesla-ს აქციათა ფასის 13%-იან კლებას უკავშირდება. ეს კი, თავის მხრივ, ელექტრომობილების მწარმოებლის მიერ გასული წლის მეოთხე კვარტალის არასახარბიელო ფინანსური შედეგების გამოქვეყნებამ გამოიწვია. ანგარიშის თანახმად, Tesla-ს მოგება 2017 წლის შემდეგ პირველად შემცირდა, რამაც ინვესტორთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ცნობისთვის, ილონ მასკი Tesla-ს 21%-იან წილს ფლობს. აქედან გამომდინარე, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასის ცვლილება მის ქონებაზე მნიშვნელოვნად აისახება.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ამჟამად $203.6 მილიარდს შეადგენს. მილიარდერების სიაში ის მეორეადგილოსან ბერნარ არნოს $20 მილიარდით უსწრებს.
შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბერში ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $300-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და $320 მილიარდი შეადგინა.