Disney-სა და Pixar-ის ანიმაციური კინოსურათი Inside Out 2 მიმდინარე წლის პირველი ფილმი გახდა, რომლის შემოსავალმაც სალაროებში $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. გასულ წელს, Barbie-ის გამოშვების შემდეგ, ცნობილი ანიმაციის მეორე ნაწილმა ამ მაჩვენებლის გადალახვა ყველაზე მოკლე დროში მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, Inside Out 2-მა გასულ შაბათ-კვირას $57.4 მილიონი გამოიმუშავა, რის შედეგადაც, ანიმაციური ფილმის ჯამურმა შემოსავალმა, გლობალურად, $1.014 მილიარდს მიღწია. Disney-სა და Pixar-ის ნამუშევარი ისტორიაში რიგით მე-11 ფილმი გახდა, რომელმაც $1-მილიარდიანი ნიშნული გადალახა და ეს ყველაზე სწრაფად, სულ რაღაც 19 დღეში მოახერხა.
Inside Out 2 გამოსვლის დღიდან სალაროების შემოსავლით სამი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. საშინაო სალაროებში $155-მილიონიანი შემოსავლით, ანიმაცია წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერაც გახდა.
გარდა ამისა, Inside Out 2, ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ მესამე ფილმი გახდა, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. გასულ წელს მსგავსი მაჩვენებელი Barbie-იმ, პრემიერიდან პირველ 17 დღეში და The Super Mario Bros. Movie-იმ 26 დღეში დააფიქსირა. Barbie-ის საბოლოო შემოსავალმა $1.4 მილიარდი, The Super Mario Bros. Movie-ისამ კი – $1.36 მილიარდი შეადგინა.