ირანმა რუსეთთან სამხედრო შეიარაღების შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. საუბარია რუსული საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების შეძენაზე, რაც ახლოაღმოსავლური სახელმწიფოს სამხედრო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბრიგადის გენერალ მაჰდი ფარაჰის განცხადებით, ირანის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების საფუძველზე რუსული წარმოების მეოთხე თაობის მრავალფუნქციურ გამანადგურებელ Su-35-ებსა და ასევე რუსული წარმოების დამრტყმელ შვეულმფრენ Mi-28-ებს შეიძენს. გარდა ამისა, ირანი რუსეთისაგან Yak-130 ტიპის საწვრთნელ საფრენ აპარატებსაც მიიღებს.
ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული რუსული გამანადგურებლებისა და შვეულმფრენების შეძენა ირანისთვის სამხედრო-ტექნოლოგიური წინსვლა იქნება და მნიშვნელოვნად გაზრდის ირანის საჰაერო-საბრძოლო მზადყოფნას.
ცნობისათვის, ირანის საჰაერო ძალების ფლოტი საკმაოდ მოძველებულია. ბოლოს ირანმა ფლოტი 1990-იან წლებში განაახლა, როდესაც რუსეთისაგან საბჭოთა წარმოების გამანადგურებელი MiG-29-ები შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მრავალ ინდუსტრიაში განმტკიცდა. ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და კამიკაძე დრონების აქტიური მიმწოდებელია. თუმცა გარდა სამხედრო სექტორისა, თანამშრომლობა სავაჭრო, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სექტორებშიც აქტიურია.