ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაცხადა. WHO-ს გადაწყვეტილებით ჩინურ ვაქცინას ავტორიზაცია (EUL) მიენიჭა.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ Sinovac-CoronaVac-ის ვაქცინას მიენიჭა ავტორიზაცია მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ იგი არის უსაფრთხო, ეფექტიანი და ამასთან, გარანტირებულია მისი ხარისხიანად წარმოება“ – განაცხადა საკითხზე კომენტირებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელმაც ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩინური ვაქცინა საქართველოში იმუნიზაციის პროცესში EUL პროცედურის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გამოიყენებოდა.
ცნობისთვის, ივნისში საქართველოში 40,000 დოზა სინოვაკის ვაქცინის ადმინისტრირებაა დაგეგმილი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის SAGE ჯგუფის ექსპერტების შეფასებებს სინოვაკის მიერ წარმოებული ვაქცინის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ სტატიაში: როგორ აფასებენ ჩინურ ვაქცინებს ჯანმო-ს ექსპერტები.