კლიმატის დამცველი აქტივისტები ამჯერად უკვე გერმანიის მუზეუმში გამოფენილ კლოდ მონეს ფერწერულ ტილოს დაესხნენ თავს და $110 მილიონად შეფასებულ ნამუშევარს კარტოფილის პიურე შეასხეს. 2019 წელს, აღნიშნული ტილო, სახელწოდებით „თივის ზვინები“, Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა და მონეს ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრის სტატუსი დაიმსახურა.
პოტსდამის მუზეუმის განცხადებით, აქტივისტები, რომლებმაც მონეს მიერ 1890 წელს შესრულებულ ხელოვნების ნიმუშს პიურე შეასხეს, გარემოს დამცველთა ჯგუფს, სახელად Letzte Generation-ს (უკანასკნელი თაობა) მიეკუთვნებიან. ვინაიდან ნამუშევარი მინით იყო დაცული, წინასწარი გამოძიებით, ტილოზე დაზიანების არანაირი კვალი არ შეიმჩნევა. ამჟამად ორივე აქტივისტი დაკავებულია.
„მეცნიერების მტკიცებით, 2050 წლისთვის ჩვენი ოჯახების გამოკვებასაც ვეღარ შევძლებთ. ჩვენ კლიმატურ კატასტროფაში ვიმყოფებით და თქვენ მხოლოდ პომიდვრის წვნიანის გეშინიათ?“, – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი Letzte Generation-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში და გასულ კვირაში, ლონდონის მუზეუმში, ვან გოგის ტილოზე პომიდვრის წვნიანით თავდასხმის ფაქტზე მიუთითებს.
მიმდინარე წელს კლიმატის დამცველი აქტივისტების მხრიდან მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ორგანიზაცია „Just Stop Oil“-ის აქტივისტებმა პომიდვრის წვნიანი ვან გოგის „მზესუმზირებს“ შეასხეს. მაისში სამიზნე ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზაც“ გახდა, რომელსაც მამაკაცმა ნამცხვარი ესროლა და განაცხადა, რომ მისი ქმედება სწორედ კლიმატის ცვლილების მიმართ საზოგადოების ყურადღების გამახვილებით იყო მოტივირებული. მუზეუმების ცნობით, აქტივისტების თავდასხმების შედეგად, ხელოვნების არცერთი ნიმუში არ დაზიანებულა.