სალიმ დანანი Pave Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია. მის მიერ შექმნილი მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი ბანკი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ტრადიციული ფინანსები და რეგულირებული ციფრული აქტივები ერთ სივრცეში მართონ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი ნეობანკის შექმნის შემდეგ სალიმის მთავარი მისია გლობალური ფინანსური სისტემების შემდეგ ეტაპზე აყვანაა.
შეგიძლიათ, რამდენიმე წინადადებით აგვიხსნათ, რა არის პროგრამირებადი ბანკი?
საბანკო პროგრამირებადობის ასახსნელად, საჭიროა უკან დავიხიოთ და გავაანალიზოთ, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ფინანსური სისტემა. ამჟამად ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების მთავარი არსი რისკების არბიტრირებაა — მათ თქვენს ფულს იმიტომ ანდობთ, რომ ისინი კონკრეტულ რეგულაციებს ექვემდებარებიან. Pave Bank ფინანსებში ამჟამად მიმდინარე ორ არსებით ცვლილებაზე არის დაშენებული: პირველი — ფინანსური სერვისების ბლოკჩეინზე გადანაცვლების ტრენდია. ამაში შედის სტეიბლქოინებისა და ტოკენიზებული რეალური აქტივების მზარდი გამოყენება, რაც ფულს მიკვლევადსა და პროგრამირებადს ხდის. თქვენ შეგიძლიათ, ფულს კონკრეტული წესები დაუწესოთ და “ჭკვიანი კონტრაქტების” დახმარებით ასწავლოთ, როგორ მოიქცეს. მაგალითად, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებში ადვოკატების, ნოტარიუსებისა და ესკროუს (პირობითი დეპონირების) გამოყენების ნაცვლად, შეგიძლიათ ციფრული ტოკენი ისე დააპროგრამოთ, რომ თანხის გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ გახდეს შესაძლებელი, რაც საკუთრების დოკუმენტში თქვენი სახელი გამოჩნდება — ამ გზით შეგიძლიათ შუამავლების გამოყენების საჭიროება და ამასთან დაკავშირებული რისკები თავიდან აირიდოთ.
მეორე — დასრულდა ის დრო, როცა ციფრული ტრანზაქციები მეტწილად დაურეგულირებელი იყო. ინდუსტრიამ უკვე მნიშვნელოვანი გზა გაიარა “ველური ჯუნგლებიდან” ინსტიტუციონალიზებამდე. დღეს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან BlackRock, JP Morgan და ცენტრალური ბანკები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკი და სინგაპურის მონეტარული მართვის ორგანო, მნიშვნელოვან ბლოკჩეინ პროექტებს ახორციელებენ.
Pave Bank ტრადიციული ფინანსებისა და რეგულირებული ციფრული აქტივების გზაჯვარედინზე ინსტიტუციურ ბანკს აშენებს, რომლის კლიენტებსაც შესაძლებლობა აქვთ, ტრადიციულ ფინანსებთან და ციფრულ აქტივებთან ერთ რეგულირებულ გარემოში ჰქონდეთ ურთიერთობა. ჩვენ ვხედავთ იმ ახალი სამყაროს საფუძველს, სადაც რეგულირებული პროგრამირებული ფინანსური აქტივები ყოველდღიურობის ნაწილია.
რა კონკრეტული პრობლემების გადაჭრას ცდილობს Pave Bank?
ბიზნესებს ამჟამად არ აქვთ წვდომა ერთდროულად რეგულირებულ ციფრულ აქტივებსა და ტრადიციულ ფინანსებზე. კორპორაციები და ინსტიტუტები აწყდებიან ლიკვიდურობის პრობლემებს, მესამე მხარის რისკის გამოწვევებს და ხშირად ბანკების ნაცვლად სუსტად რეგულირებულ ერთეულებთან უწევთ ურთიერთობა. ჩვენი კლიენტები ეძებენ სანდო ფინანსურ პარტნიორს, რომლის დახმარებითაც ერთ სივრცეში შეძლებენ ციფრული აქტივების მართვას შუამავლების, მათი საკომისიოების, სირთულეებისა და რისკების გარეშე.
რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველომ Pave Bank-ის განვითარებაში? რატომ შეაჩერეთ არჩევანი მაინცდამაინც საქართველოზე?
ჩვენ გვჭირდებოდა ინოვაციური ბაზარი პროგრესული რეგულატორებით. საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციამ ციფრული საბანკო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით დააკანონა, რომ ბანკებს შეუძლიათ, ერთდროულად აწარმოონ ოპერაციები როგორც ვირტუალური აქტივებით, ისე — ტრადიციული ფინანსებით. შვეიცარია და საქართველო იმ მცირერიცხოვან ბაზრებს შორის არიან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. საქართველოს მომხიბვლელობას განაპირობებს ისიც, რომ აქ წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბანკები. რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ქვეყნის ორი უდიდესი ბანკი FTSE 250-ის ნაწილს წარმოადგენს. ქვეყანას ტრადიციულად ჰქონდა და აქვს მჭიდრო კავშირები ევროპასთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან, რაც რეგულატორული ჰარმონიზაციისა და ფინანსური ურთიერთობების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. რეგულაციების სფეროში ინოვაციები, საერთაშორისო კავშირები, ევროპის ცენტრალურ ბანკთან და სხვა მაღალი დონის რეგულატორებთან პოლიტიკის ჰარმონიზაცია და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის შუა დერეფნის როლი — ყველა ეს ფაქტორი ჩვენთვის და, და არა მხოლოდ ჩვენთვის, ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ შესაძლებლობას ქმნის.
ბოლოს Forbes Georgia-ს ორი წლის წინ ესაუბრეთ. მას შემდეგ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ საბანკო და ციფრული აქტივების სფეროზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. როგორ აისახა ეს ცვლილება Pave Bank-ზე?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ბანკი საძირკვლიდან ავაშენეთ — მთელი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა შიდა რესურსებით შეიქმნა. ეს სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ვხედავდით, საით მიდიოდა საბანკო სფერო და მსოფლიო. ხელოვნური ინტელექტის ასეთი სწრაფი განვითარება აუცილებლად შეცვლის იმას, თუ როგორ ვმართავთ ფულს, როგორ მუშაობენ ბანკები და ასე შემდეგ. ეს გადაწყვეტილება სრულიად გაცნობიერებულად მივიღეთ. გვინდოდა, მომავალში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ნებისმიერ კომპონენტში შეგვძლებოდა, თანაც ისე, რომ ხელშესახები შედეგები მოეტანა და არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ AI გვაქვს. ჩვენ შევძელით ბანკის შექმნა მხოლოდ რვა ინჟინრით, წელიწად-ნახევარში და ბევრად უფრო იაფად, ვიდრე სხვებმა. რა თქმა უნდა, ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ უჭკვიანესი ტექნოლოგიური ტალანტების შემთხვევაში შეიძლება. ეს არის მიმართულება, რისკენაც მიდის ინდუსტრია — ხარისხი რაოდენობის ნაცვლად. რადგან ყველაფერი ჩვენი აშენებულია, მოქნილობაც მეტი გვაქვს. Pave Bank-ის ბირთვში ინტეგრირებულია რამდენიმე დიდი ენობრივი მოდელი (LLM). დღეს ეს პროცესების ოპტიმიზაციასა და ეფექტურობის ამაღლებაში გვეხმარება, ხვალ კი მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს თანხებს და ხელს შეგვიწყობს მასშტაბირებაში.
მომავალში AI აგენტები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში — გვეყოლება AI ტრეიდერები, ფსიქოლოგები, იურისტები, ჯანმრთელობის კონსულტანტები. იმისთვის, რომ AI აგენტმა თქვენი სახელით განახორციელოს ტრანზაქციები, მას დასჭირდება, რომ ფული პროგრამირებული იყოს — მასზე კონკრეტული წესები მოქმედებდეს. თქვენ დააწესებთ პარამეტრებს და აგენტიც სწორედ ამ ჩარჩოში იმოქმედებს. ვფიქრობთ, სწორედ ეს იქნება ეკონომიკის ხვალინდელი დღე.
როგორ უზრუნველყოფს Pave Bank კლიენტების თანხებისა და აქტივების უსაფრთხოებას?
პირველ რიგში, ბანკი მოქმედებს უკიდურესად მკაცრი რეგულაციების დაცვით, გლობალური სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის კუთხით საკმაოდ მძლავრი პოლიტიკა აქვს და ნდობას იმსახურებს საერთაშორისო საბანკო აქტორებს შორის.
მეორე — ჩვენ სრულად რეზერვული ბანკი ვართ და ფინანსებს მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებში ვინახავთ. როცა თქვენ გვაძლევთ ერთ დოლარს, ეს დოლარი ყოველთვის ადგილზეა. ეს განაპირობებს ჩვენი კორპორაციული კლიენტების ნდობას, რომელთაც იციან, რომ მათი აქტივები ყოველთვის ადგილზეა.
რა ტიპის ბიზნესები არიან დაინტერესებულები თქვენი მომსახურებით?
საბანკო საქმიანობა უმეტესად ორიენტირებულია შიდა ბაზრებზე — მთავარი ფოკუსით სესხების გაცემაზე. დავინახეთ, რომ არ არსებობდა შესაბამისი ფინანსური მომსახურება იმ ორგანიზაციებისა და კორპორაციებისათვის, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებენ. ჩვენი კლიენტები არიან კომპანიები, რომლებიც ციფრული აქტივების ან მომიჯნავე სფეროში არიან ჩართულები — საოჯახო ოფისები, საინვესტიციო ფონდები, დიდი ფინანსური ინსტიტუტები, ე.წ. მარკეტ მეიკერები. ისინი ჩვენ მოგვმართავენ იმიტომ, რომ ამგვარად შეუძლიათ წვდომა მიიღონ ტრადიციულ საბანკო პროდუქტებზე და თავიანთი კორპორატიული ქონება თუ ციფრული აქტივები შეუფერხებლად, რეგულირებული გზით მართონ. ამ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დიდი ჩავარდნაა. როცა ბიზნესს აშენებ, ადრეულ ეტაპზე უნდა კონცენტრირდე ნიშაზე, შენი ადგილი დაიმკვიდრო და გაფართოებამდე სწორი პროდუქტები შესთავაზო მომხმარებელს. ეს სექტორი იქნება პირველი, ვისაც პროგრამირებად ფულთან და “ჭკვიან” კონტრაქტებთან ექნება შეხება, ასე რომ, არა მხოლოდ დღეს არსებულ საჭიროებებს ვაკმაყოფილებთ, არამედ მომავალი ინოვაციებისათვის სწორი კლიენტების ბაზას ვქმნით.
როგორ ფიქრობთ, როგორია Pave Bank-ის, როგორც სტარტაპის როლი არსებულ ვითარებაში? თქვენი მიზანი თამაშის წესების შეცვლაა?
დამოკიდებულია კონტექსტზე. როცა ბანკი ხარ, რთულია თქვა, რომ ყველაფერს თავდაყირა აყენებ. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რა ტიპის ბანკი ვართ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Pave Bank ნამდვილად ცვლის ფინანსურ ინდუსტრიას. ჩვენ გვჯერა, რომ მომდევნო 5-10 წელიწადში მთელ საბანკო სისტემაში და კაპიტალის ბაზარზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ძვრები იქნება.
შეგიძლიათ გაგვაცნოთ თქვენი პირადი ღირებულებები, რომლებიც კომპანიის კულტურას განსაზღვრავს?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა — ღირებულებებს ნებისმიერი ორგანიზაციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ადამიანების უნარები მუდმივად იცვლება, მაგრამ ღირებულებები უცვლელი რჩება. ღირებულებათა სისტემა ბევრ ფაქტორზე ახდენს გავლენას — როგორ მუშაობს ბიზნესი, ურთიერთობები ორგანიზაციის შიგნით, ადამიანების დამოკიდებულება საქმესთან და ასე შემდეგ. ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებებია მერიტოკრატია, უკომპრომისო დამოკიდებულება ინტელექტთან დაკავშირებით და გამარჯვების ჟინი.
პეივ ბანკი D-block-ის საერთო სამუშაო სივრციდან ფუნქციონირებს. რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემო თქვენს ყოველდღიურ ოპერაციებში?
დაახლოებით 25 წლის ვიყავი, როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი. მაშინ TBC ბანკისთვის Tap and Pay სისტემის შექმნაზე ვმუშაობდით. ეს ჯერ კიდევ Apple Pay-მდე იყო. იმ პერიოდში 8-9-ჯერ ვეწვიე საქართველოს და ყოველი ვიზიტი დაკავშირებული იყო სასტუმრო Rooms-თან, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ახალი იყო. მახსოვს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თბილისში ასეთი ადგილის აღმოჩენამ.
წლების შემდეგ, 2023 წელს, როცა ვწყვეტდით, საიდან უნდა გვემუშავა Pave Bank-ზე, ვიღაცამ ახსენა, რომ იმავე სივრცეში, სადაც Rooms და სტამბაა განლაგებული, საერთო სამუშაო სივრცე იხსნებოდა. გუნდს შევხვდი და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იყო აშენებული D-block, უყოყმანოდ ვთქვით, რომ ავიღებდით. ვფიქრობდი, რომ თუ სტამბისა და Rooms-ის ატმოსფეროს 50%-ის რეპლიკაცია მაინც იქნებოდა შესაძლებელი, არჩევანი სწორედ აქაურობაზე უნდა შეგვეჩერებინა.
გარემო, რომელშიც ვფუნქციონირებთ, გავლენას ახდენს მუშაობის ხარისხზეც. მნიშვნელოვანია, რომ გარშემორტყმული იყო აზრიანი საუბრებით და მიზანდასახული ადამიანებით, რომლებიც ცდილობენ რაღაც ახალი შექმნან. ამ სივრცეში ნორმალიზებულია სტარტაპების ცხოვრების ყველაზე “ქაოსური” ნაწილები, რაც ძალიან მომწონს. თავიდან შვიდი-რვა ადამიანით დავიწყეთ და დღეს დაახლოებით ორმოცნი ვართ. ველით, რომ კიდევ გავიზრდებით. გუნდში ვხუმრობთ, რომ სტამბა რომს ჰგავს — თუ თბილისში რაიმე საინტერესო ხდება, ყველაფერი აქ იყრის თავს.