კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავიდნენ. დღეიდან კოკა-კოლა ფედერაციის მხარდამჭერი და პარტნიორი გახდა. შეთანხმებას ხელი ლევან კობიაშვილმა და თემურ ჭყონიამ მოაწერეს.
„ჩვენთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მოთამაშეებს შეუძლიათ ერთი გოლით მთლიანად ქვეყნის ისტორია შეცვალონ. ამიტომ მე მეამაყება, რომ ჩვენ გრძელვადიანი ხელშეკრულება დაგვაკავშირებს და ჩემთვის ეს უბედნიერესი დღეა.
ხელშეკრულება თანამშრომლობას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ კოკა-კოლას სპორტთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. შევეცდებით, რომ ეს გამოცდილება საქართველოს ნაკრების სასიკეთოდ გამოვიყენოთ, რათა ჩვენმა გუნდმა დიდ ტურნირებზე იასპარეზოს,“ – აცხადებს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი, თემურ ჭყონია.
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია, ორწლიანი ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელი გახდა. აღნიშნული სტატუსით კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.
„პირველ რიგში მსურს დავაფიქსირო, რომ ქართული ფეხბურთი და კოკა-კოლა დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობენ. წლების განმავლობაში კოკა-კოლას მხარდაჭერით ძალიან დიდ პროექტს ვახორციელებთ და ამისთვის მინდა კომპანიას მადლობა გადავუხადო.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა. დღეიდან კოკა-კოლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერი და პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა მოიცავს ეროვნული ნაკრების, ასაკობრივ ნაკრებებს და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებს. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენთვის ასევე კოკა-კოლასთვის ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი კოკა-კოლას, კომპანიის თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებით თემურ ჭყონიას,“ – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.
შეთანხმებაზე ხელმოწერის ღონისძიების ფარგლებში, კოკა-კოლას ქარხანას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელებიც ესტუმრნენ.