კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ გუშინ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც მეამბოხეების თავდასხმების შედეგად დესტაბილიზებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში კოკას კულტივაციის შემცირებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ფერმერები სხვა კულტურებზე გადასვლისთვის კომპენსაციას მიიღებენ.
კოკაინით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად, კაბინეტის სხდომაზე პეტრომ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია 140 დღის განმავლობაში კატატუმბოს რეგიონში კოკას მოსავლისგან 25000 ჰექტრის გასუფთავებას ისახავს მიზნად. რეგიონი, სადაც კოკას დაახლოებით 55,000 ჰექტარი პლანტაციაა, კოლუმბიაში კოკაინის მწარმოებელი ერთ-ერთი მთავარი ტერიტორია.
პეტრო აცხადებს, რომ თუ კატატუმბოში ფერმერები ნებაყოფლობით მოსპობენ კოკას მოსავალს, კანონიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე გადასვლისას მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
იანვარში 36 000-ზე მეტ ადამიანს კატატუმბოდან იძულებით გადაადგილება მოუწია. ცნობისთვის, მთიან რეგიონში, რომელიც ვენესუელას ესაზღვრება, დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს. მიზეზი ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის (ELN) მეამბოხეების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კოორდინირებული თავდასხმები გახდა, რომლებსაც ისინი მეტოქე ფრაქციასთან, FARC-EMC-თან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ.
თავდასხმების შედეგად დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა, რის გამოც კოლუმბიის მთავრობამ ELN-თან სამშვიდობო მოლაპარაკებები შეაჩერა და დააწესა 90-დღიანი საგანგებო განკარგულება, რაც მას დროებით უფლებას აძლევს რეგიონში კონგრესის თანხმობის გარეშე გარკვეული სახის სამოქალაქო თავისუფლება შეზღუდოს.
პეტრომ ამბოხებულები ამ ტერიტორიის კონტროლის ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა, რისი მიზანიც, მისი თქმით, კოკას წარმოებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე კონტროლის ხელში აღება იყო.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის მონაცემებით, კოლუმბიაში კოკაინის წარმოება 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოქტომბერში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ კოკას კულტივაცია 2023 წელს 10%-ით, ხოლო პოტენციურად კოკაინის წარმოება წინა წელთან შედარებით 53%-ით გაიზარდა.
2016 წლის სამშვიდობო შეთანხმება კოლუმბიის მთავრობასა და FARC-ს შორის, ქვეყნის ყველაზე დიდ მეამბოხე ჯგუფს შორის, კოკას კულტივაციის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. თუმცა მცირე შეიარაღებულმა ჯგუფებმა FARC-ის მიერ დატოვებული ძალაუფლების სიცარიელის შევსება დაიწყეს, რამაც კოკაინით ვაჭრობის ზრდას ხელი შეუწყო.