კრიპტოვალუტის გამოყენებით ინკოგნიტო მყიდველმა 101-კარატიანი ბრილიანტი 12.3 მილიონ დოლარად შეიძინა

კრიპტოვალუტის გამოყენებით ინკოგნიტო მყიდველმა 101-კარატიანი ბრილიანტი 12.3 მილიონ დოლარად შეიძინა

Sotheby’s-ის აუქციონზე 101-კარატიანი ბრილიანტი უპრეცედენტოდ მაღალ ფასად გაიყიდა. ეს ბრილიანტი ყველაზე ძვირად ღირებული ძვირფასი ქვაა, რომელიც კრიპტოვალუტის გამოყენებით შეიძინეს.

საინტერესოა, რომ მსხლის ფორმის ეს ძვირფასი ქვა პარასკევს 12.3 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტად გაიყიდა. აუქციონერმა განაცხადა, რომ გადახდის ტრადიციულ ფორმებთან ერთად თანხის გადახდა შესაძლებელი იყო სხვადასხვა კრიპტოვალუტით, მათ შორის ეთერიუმით ან ბიტკოინით.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბრილიანტი, სახელწოდებით “The Key 10138” (გასაღები 10138), გადაეცა კერძო კოლექციონერს, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

პრესასთან საუბრისას აზიაში Sotheby’s-ის თავმჯდომარის თანაშემწემ  ძვირფასეულობის მიმართულებით ვენჰაო იუმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით მათ ტრადიციული კოლექციონერების გარდა, ახალი კლიენტების ყურადღებაც მიიპყრეს. კრიპტოვალუტის საშუალებით შესყიდვების დამატება  ,,ციფრულად საზრიანი თაობის“ გამოწვევებს პასუხობს.

საინტერესო ფაქტია, რომ მსხლის ფორმის ეს ბრილიანტი თავისი სიდიდით მეორეა, რომელიც ოდესმე გაყიდულა.

101-კარატიანი, მსხლის ფორმის ძვირფასი ქვა “D color” (D ფერის) სახეობის ბრილიანტს  წარმოადგენს  და თეთრ ბრილიანტებს შორის  ყველაზე მაღალხარისხიანია. ამასთან, საინტერესოა, რომ შეუიარაღებელი თვალით დანახული ის უფეროა. ის ასევე მიჩნეულია,,უნაკლოდ“, რაც გულისხმობს, რომ ეს ბრილიანტი სრულიად გამჭვირვალეა და არანაირი ხილული ნაკლი არ გააჩნია. ის თავისი უმაღლესი ხარისხით ერთ–ერთია იმ ათ ბრილიანტს შორის, რომლებიც ოდესმე გამოუტანით აუქციონზე.

აღსანიშნავია, რომ არაერთმა აუქციონის სახლმა დაიწყო კრიპტოვალუტის, როგორც ალტერნატიული გადახდის მეთოდის გამოყენება ძვირად ღირებული ნივთებისათვის. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ კოლექციონერები სულ უფრო ხშირად იყენებენ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს.

Sotheby’s-ის აუქციონზე წლის დასაწყისშიც შესაძლებელი იყო ბიტკოინისა და ეთერიუმის საშუალებით ბენკსის ნამუშევრის “Love is in the Air”–ის შეძენა. ბენკსის ამ ცნობილ ნამუშევარზე გამოსახულია ნიღბიანი კაცი, რომელიც ყვავილებს მოლოტოვის კოქტეილის მსგავსად ისვრის. ეს ნამუშევარი საბოლოოდ 12.9 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, თუმცა უცნობია, ამ ნამუშევრის შესაძენად მყიდველმა კრიპტოვალუტა გამოიყენა თუ არა.  კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი იყო  ივნისშიც, როდესაც გასაყიდად გამოიტანეს კიტ ჰარინგის ნამუშევარი. ნახატზე გამოსახულია ფიგურა, რომელსაც თავის ნაცვლად კომპიუტერი აქვს, ჰარინგის ეს ნამუშევარი 4.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, თუმცა აუქციონისტს გადახდის მეთოდი არც ამჯერად გაუსაჯაროებია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *