კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამაც Facebook-ის შემდეგ შესაძლოა $1 ტრილიონს მიაღწიოს | Barron's-ის მოსაზრება

კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამაც Facebook-ის შემდეგ შესაძლოა $1 ტრილიონს მიაღწიოს | Barron's-ის მოსაზრება

გასულ თვეში Facebook-ის საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონი შეადგინა, რაც უდიდესი წარმატებაა, რადგან აშშ-ის მხოლოდ ხუთ კომპანიას მიუღწევია ამ მაჩვენებლისთვის. ეს კომპანიები Nasdaq-სა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე არსებული აქციების 0.08%-ს შეადგენს.  კომპანიებს შორისაა Apple-ი ($2.39 ტრლნ), Microsoft-ი ($2.09 ტრლნ), Amazon-ი ($1.89 ტრლნ) , Alphabet/Google-ი ($1.7 ტრლნ).

ახლა Facebook-ის ღირებულება $980 მილიარდამდე შემცირდა. ამავდროულად, ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ „ელიტარულ ჯგუფს“ სხვა კომპანიაც დაემატება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ელიტარული ჯგუფის“ წევრების მიერ კლუბის გაზრდის მიმართ წინააღმდეგობა და ფედერალური მთავრობის მიერ შექმნილი წნეხი მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის არსებული კომპანიებისათვის. კერძოდ კი, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს ამერიკის ეკონომიკაში კონკურენციის ზრდისთვის სახელმწიფო ძალების გამოყენებას.

ამ ბარიერების მიუხედავად, კლუბის სავარაუდო კანდიდატებს შორისაა Tesla $629-მილიარდიანი საბაზრო ღირებულებით, რომელსაც მოსდევს Berkshire Hathaway, Alibaba Group Holding-ი, Taiwan Semiconductor Manufacturing-ი და Visa.

ცნობილი საინვესტიციო ჟურნალ Barron’s-ის თანარედაქტორის ალექს იულის პროგნოზით, შემდეგი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც $1 ტრილიონს მიაღწევს, Visa გახდება, რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: კომპანია მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკის აღდგენის ტენდენციებთან, ვინაიდან საერთაშორისო გადარიცხვების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი გლობალური ელექტრონული გადახდების სისტემის გავლით ხდება.

ამას გარდა,  მსოფლიოში ეტაპობრივად მცირდება ნაღდი ფულით გადახდა, რამაც უკვე დადებითად იმოქმედა Visa-ს აქციების ღირებულებაზე და ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი საშუალო ყოველწლიური ზრდა 28%-ს შეადგენს. თუ ზრდა ამავე ტემპით გაგრძელდება, 2024 წლისთვის Visa-ს საბაზრო ღირებულება $1 ტრილიონს მიაღწევს.