პორტუგალიის დედაქალაქის ღამის კლუბებში აფრიკული მუსიკის ზეგავლენა იგრძნობა. კლუბები ძირითადად ღია ცისქვეშ ეწყობა და ძალზე მრავალფეროვან პუბლიკას იზიდავს. ადგილობრივი დი-ჯეები და მუსიკოსები უფრო ახლოს გვაცნობენ ლისაბონის კლუბურ ცხოვრებას.
ხედავთ ამ მოედანს? რამდენიმე წლის წინ ეს ერთი საშიში კრიმინალური უბანი იყო. „დღეს პარასკევი საღამოა და მე ფეხით ვსეირნობ ლისაბონის ცენტრის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ რაიონს Intendente ეწოდება და მან ახლო წარსულში დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. ქალაქის სახიფათო და აკრძალული რაიონი ახლა ღამის ცხოვრების ცენტრად იქცა.
„აქ ჯერ კიდევ უამრავი ცარიელი შენობაა, – ამბობს პედრო კოქუენა – უკეთ ცნობილი როგორც DJ და პროდიუსერი Batida – იგი ხელით მიმანიშნებს მიტოვებულ, თუმცა გრანდიოზულ ტერასაზე. – ამ სივრცეში ვინმე კიდევ ერთ დიდ კლუბს გახსნის”.
ერთგვარი სილამაზე ახასიათებს დანგრეულ და მიტოვებულ უბნებში გაჩაღებულ ლისაბონის ღამის ცხოვრებას. გაცვეთილი ფასადებისა და ცარიელი ადგილების მიუხედავად, პორტუგალიის დედაქალაქში ძველი შენობების ნაპრალებიდან და ბზარებიდან თანამედროვე აფრიკული და ევროპული მუსიკის სინთეზი ისმის. ეს ყველაფერი ერთად კი მხიარულებასა და უნიკალურობას მატებს ქალაქს. აქაური ღამის ცხოვრების უფრო ახლოს გასაცნობად მე ლისაბონის ყველაზე კრეატიულ და გავლენიან ელექტრონული მუსიკის ხელოვანებთან ერთად გავატარე უიკენდი და ქალაქის ყველაზე მოდურ ბარებსა და კლუბებს ვესტუმრე.
პედრო კოქუენასათვის Intendente-ს რაიონი „თავისი სანაგვეებითა და დიზაინერული ადგილებით” ლისაბონის ყველაზე მრავალფეროვანი უბანია. ჩვენ ერთმანეთს ბარ Casa Independente-ში შევხვდით, რომელიც ერთი დიდი ძველი სახლის შენობაში სულ რაღაც ორი წლის წინ გაიხსნა. აქედან ცოტა ხნის წინ განახლებული მოედნის ხედი მოჩანს. გაბზარული კედლებით გარშემორტყმულ გამწვანებულ ბაღში პლასტმასის ჭიქით ლუდს მივირთმევ. ანგოლურ-პორტუგალიური წარმომავლობის პედრო კოქუენა ლისაბონის ჩახლართული მუსიკალური ცხოვრების შესახებ მიყვება.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუსიკა, რომელიც ქალაქში ისმის, კუდუროს ჰანგებიდან აფრო-ჰაუსის მიმდინარეობად გარდაისახა და, როგორც მითხრეს, სადაც არის აფეთქდება კიდეც. „ლისაბონის ურთიერთობა აფრიკასთან ძალიან ჰგავს ლონდონის ურთიერთობას იამაიკასთან, – ამბობს კოქუენა. – აქ ევროპული აუდიტორიისათვის აფრიკული მუსიკის „თარგმნა” ხდება”.
ლისაბონში მუსიკისათვის განკუთვნილი კლუბები და ბარები ყველაზე წამოუდგენელ ადგილებში იხსნება, რაც ამ ქალაქის მუსიკალურ სულისკვეთებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მაგალითისათვის, Village Underground Lisboa სულ ახლახან გახსნილი კლუბია, სადაც ასევე განთავსებულია სამხატვრო სივრცე. კლუბი მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ტრამვაის დეპოს შენობაში. ეს არის ბნელი, ტეტრისის მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც გადაყრილი გადამზიდი კონტეინერებითაა აშენებული.
მალევე ჩვენ შემოგვიერთდნენ ბრანკო და კალაფი. ისინი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფის Buraka Som Sistema-ს წევრები არიან. ჯგუფმა თავისი მოღვაწეობა ე.წ. ანდერგრაუნდის ცეკვებით დაიწყო. დღესდღეობით ისინი ცნობილი არიან ანგოლური სწრაფი საცეკვაო მუსიკის, „კუდუროს” მხიარული ინტერპრეტაციით, ჰიპ-ჰოპითა და ტექნოთი. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ისინი ქმნიან მთელ ამ ხმაურს. როდესაც Casa Independente-დან გამოვედით, ბრანკოს ვთხოვე, ორიოდე სიტყვით გადმოეცა ის აურა, რომელიც ლისაბონის ღამის კლუბებში სუფევს. „ყველას უნდა ღია ცის ქვეშ დროის გატარება, – ამბობს ბრანკო. – ჩემი აზრით, ლისაბონში ერთი ადგილიდან მეორეში ფეხით უნდა იარო – უბრალოდ ნაკადს უნდა მიჰყვე”.
ბრანკომ და კალაფმა შემოგვთავაზეს Cais do Sodré-ს მონახულება. აქ ოდესღაც სტრიპტიზ-ბარები დომინირებდა. სამი წლის წინ ამ რაიონმა სრული ტრანსფორმაცია განიცადა. Rua Nova do Carvalho-ს ქუჩა მთლიანად კაშკაშა ვარდისფრად შეიღება და ახლა „ვარდისფერი ქუჩის” სახელითაა ცნობილი. ამ ქუჩაზე ამჟამად ლისაბონის ყველაზე პოპულარული კლუბები მდებარეობს, სადაც სტუმრებს ანდერგრაუნდის მუსიკას სთავაზობენ. Music Box-ი კიდევ ერთი „უხეში და მძაფრი” ადგილია, სადაც ხმამაღალი და ენერგიული წვეულებები იმართება.
ღამის ორი საათი იყო, როდესაც Cais do Sodré-ს ცენტრალურ ქუჩაზე აღმოვჩნდით. ქუჩა უკვე გადაჭედილია ხალხით. ჩვენი მასპინძლების რჩევით, ამ ქუჩაზე მდებარე „ერთ-ერთი ყველაზე მოდური ბარისკენ”, – Povo-სკენ, გავემართეთ. ამ ბარიდან ტავერნის განწყობით შთაგონებული მუსიკა ისმის. „აფრო-ჰაუსი”, – ღიმილით ამბობს პედრო კოქუენა და დინამიკებზე მიმანიშნებს.
ლისაბონისათვის დამახასიათებელ სტილში ჩვენ ვიყიდეთ ლუდი და გავემართეთ სხვა ასევე საინტერესო ადგილისაკენ, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა Cais do Sodré-ს აღმშენებლობაში: B.Leza ლეგენდარული აფრიკული კლუბია, რომელიც 2012 წელს აქ მდინარის სანაპიროზე მდებარე საწყობის შენობაში გაიხსნა. მანამდე, წლების განმავლობაში, ეს კლუბი არ ფუნქციონირებდა. „ეს არის კლასიკური კლუბი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. იგი რონი სკოტის ჯაზ-კლუბს ჰგავს, მაგრამ აქ უფრო მეტი ცეკვაა”, – გვიხსნიან ჩვენი მასპინძლები.
კლუბში დაახლოებით 30 წყვილი ცეკვავს კიზომბას სენტიმენტალური რიტმებისა და რომანტიკული ანგოლური პოპმუსიკის ჰანგებზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქ აღორძინებას განიცდის. ჩვენი ტაქსის მძღოლიც კი მუსიკის დიდი მოყვარული აღმოჩნდა, რომელმაც დაჟინებით გვირჩია სანაპიროზე მდებარე კიდევ ერთ კლუბში გამართულ „ქალების საღამოზე” წასვლა.
მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ლისაბონის სხვა ღამის კლუბში, Lux-ში აღმოვჩნდით. ბრანკომ საათს დახედა: „უკვე ღამის 4 საათია. ამ დროს მთელი ლისაბონი ღამის კლუბებში იყრის თავს”. ეს არის სამსართულიანი სუპერკლუბი, რომელიც პასუხობს ლისაბონელების სურვილს, ღია ცისქვეშ გაერთონ. კლუბის სახურავზე უზარმაზარი ტერასაა გადაშლილი, რომელიც მდინარე ტეჟუს გადაჰყურებს. ტერასის ინტერიერი მუდმივად იცვლება. ჭერზე გიგანტური გლობუსებია ჩამოკიდებული, კედლებზე დიდი ეკრანები დაუმონტაჟებიათ, მათ წინ კი უზარმაზარი სავარძლები დგას მათთვის, ვისაც ძილი მოერევა. ყოველი მხრიდან ტექნომუსიკის ხმა ისმის, ჭერზე ქაოსურად განლაგებული განთება სინქრონულად ციმციმებს სხვადასხვა გამოსახულებით.
ეს კლუბიც ძველი საწყობის ადგილას არის აშენებული და მისი ერთ-ერთი მფლობელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩია. აქ მოსახვედრად რიგში დადგომა მოგიწევთ. ღამის 7 საათზე გამოვედი კლუბიდან, სადაც ჯერ კიდევ ბევრი სტუმარი იყო დარჩენილი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 65 წლის ჭაღარა კინორეჟისორმა ჟაო ბოტელომ, ლისაბონის ღამის ცხოვრების ტიპურმა პერსონაჟმა, რომელიც აშკარად დიდ სიამოვნებას იღებს მუსიკითა და ალკოჰოლით გაჯერებული გართობისაგან.
ჩემი ბოლო (არაფხიზელი) საღამო ლისაბონის ელექტრონული მუსიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, Príncipe Records-ის დამფუძნებელ პედრო გომესთან ერთად გავატარე. Príncipe Records-ი „ყოველგვარი დამახინჯების გარეშე გადასცემს გეტოს მუსიკას მთელი მსოფლიოს მასშტაბით”. Príncipe Records-ის ფლაგმანი მუსიკოსები DJ Marfox-ი და DJ Nigga Fox-ი ყოველთვე მართავენ საღამოებს Music Box-ში, სადაც ისინი აფრიკული ჰანგებით შთაგონებულ ელექტრონულ მუსიკას ატრიალებენ მსმენელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფართხუნა ძველმოდურ ტანისამოსში გამოწყობილი პედრო გომესი ულტრათანამედროვე გარემოს ნაწილია, მას სურს, „ძველი ლისაბონის” მისთვის საყვარელ ადგილებში წამიყვანოს. მისი სურვილი, შორს დაიჭიროს თავი ქალაქის განახლებული ადგილებისაგან, ძალიან ახლოს არის მის რადიკალურ სულისკვეთებასთან, შექმნას და გაავრცელოს სწორედ ის მუსიკა, რომელსაც იგი ემსახურება.
ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ალფამის განაპირას მდებარე ძველ რესტორან O Fernando-ში და შემდეგ ფეხით გავისეირნეთ Barrio Alto-ს ქვემოთ მდებარე „არქეტიპული ლისაბონის” ბარისკენ. პედრო გომესის თქმით, ბარი Baliza „ქალაქში საუკეთესო ვისკის სახლია”. ქუჩის მეორე მხარეს კიდევ ერთი კარგი „დასალევი” ადგილია – Bicaense, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა Rua da Bica de Duarte-ს დახვეწილ ღამის ქუჩად გადაქცევაში.
„Barrio Alto თანდათანობით კარგავს თავის ბოჰემურ იერსახეს”, – ამბობს გომესი. მისი თქმით, აქ არავის უკვირს, როდესაც ბარიდან ბარში მოხეტიალე ნასვამ ადამიანებს პირდაპირ ფანჯრებიდან ასხამენ წყალს. მაგრამ ამ უბნის კულტურულ ცენტრად კვლავ Galeria Zé dos Bois-ი მოიაზრება. ეს არის არაკომერციული კულტურული ცენტრი, სადაც რეგულარულად იმართება კონცერტები და სხვა ღონისძიებები. Galeria Zé dos Bois-ი წელს დაარსების მეოცე წლისთავს ზეიმობს. „არცთუ ისე ბევრ ევროპულ ქალაქში მოიძებნება ასეთი ადგილი”, – ამბობს გომესი.
ჩვენი კოქტეილები მივირთვით და კიდევ უფრო წყნარი, თითქმის შეუმჩნეველი რესტორნისაკენ – Snob-ისკენ გავეშურეთ. რესტორნის კარი დახურულია. შესასვლელად ზარი უნდა დარეკოთ. ამ რესტორნის მფლობელებისაგულდაგულოდ დაუთოებულ პერანგებსა და აჭიმებში გამოწყობილი ორი შუახნის ლისაბონელი მამაკაცია. ბარის ხის ინტერიერში შემინული კაბინეტებია, სადაც ალკოჰოლური სასმელები და რესტორნის მუდმივი სტუმრების მიერ დაწერილი წიგნებია გამოფენილი. კარს უკან, კედელზე, აფრიკის რუკაა გაკრული. „ეს ადგილი 1970-იანი წლების ცნობილი თავმოყრის ადგილია, – ამბობს გომესი და ვისკის უკვეთს. – აქ ძირითადად თავს იყრიან გამოცდილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. ამ რესტორნის მენეჯერმა თავისი 40-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე უხვად ნახა ინტელექტუალური საქმიანობა, ღალატი და ალკოჰოლიზმის კლასიკური გამოვლინებები”.
რესტორნიდან გამოსვლისას სახეზე სამხრეთული თბილი ჰაერის ნაკადი მომხვდა. ქუჩები კვლავაც სავსეა ადამიანებით, რომლებიც ღამის ლისაბონში ერთმანეთისაგან განსხვავებულად ერთობიან. ღია ცისქვეშ სმა კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ლისაბონი ის ქალაქია, სადაც ადამიანები ადვილად პოულობენ საერთო ენას. ამავდროულად ეს კულტურა კარგად შეესაბამება ლისაბონის მრავალფეროვან და მოწინავე მუსიკალურ ცხოვრებას. ჩვენი შეხვედრის პირველ საღამოს კოქუენამ მითხრა: „ქუჩა არის დემოკრატიული სივრცე ყველასათვის. ჩემი აზრით, ამას არაფერი შეედრება”.