მასკი: Twitter-ს დაშიფრული შეტყობინებებისა და ვიდეოზარის ფუნქცია დაემატება

მასკი: Twitter-ს დაშიფრული შეტყობინებებისა და ვიდეოზარის ფუნქცია დაემატება

Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ინფორმაციით, სოციალურ პლატფორმას უახლოეს პერიოდში ხმოვანი და ვიდეოზარის, ასევე დიდი ხნის ნანატრი, დაშიფრული  შეტყობინებების ფუნქცია დაემატება. ცნობისთვის, მასკის განცხადებამდე Twitter-მა პირდაპირი შეტყობინებების ახალი ფუნქციები დააანონსა, რაც, როგორც ჩანს, ნაწილია მილიარდერის გეგმისა, Twitter-ი ე.წ. „ყველაფრის აპლიკაციად“ გადააქციოს.

სოციალური პლატფორმის უახლესი ფუნქციები მომხმარებელს საუბრის განმავლობაში ნებისმიერი სახის პირდაპირ მესიჯზე პასუხის დაბრუნების (reply) საშუალებას აძლევს – ფუნქცია Apple-ის iMessage-ის პასუხების დაბრუნების მსგავსია. ამავდროულად, ახალი განახლებებით, Twitter-ის მომხმარებელს შეტყობინებებზე რეაქციის გამოხატვა უკვე emoji-ების გამოყენებითაც შეეძლება.

ილონ მასკის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, პლატფორმა დიდი ხნის დაპირებულ ფუნქციას –  „დაშიფრული პირდაპირი მესიჯები (DMs) V1.0“-ს ხვალ გამოუშვებს. ხმოვანი და ვიდეოჩატის ფუნქციების დამატებისთვის კი Twitter-ის CEO-ს კონკრეტული ვადები ჯერ არ დაუსახელებია. აღსანიშნავია, რომ მასკი Twitter-ის ე.წ. „ყველაფრის აპლიკაციად“ გადაქცევაზე, როგორიც, მაგალითად, ჩინეთის WeChat-ი და სამხრეთკორეული Kakao-ა, სოციალური ქსელის შესყიდვის დღეებიდან საუბრობს.

მასკის აღწერით, Twitter-ი მისი პირდაპირი მესიჯებისთვის სრულ დაშიფვრას გამოიყენებს. სრული დაშიფვრა, მომხმარებელთა მოწყობილობებზე წვდომის გარეშე, Twitte-ისა და სამთავრობო უწყებების მიერ შეტყობინებების ნახვის პრევენციას ახდენს. მსგავსი ტიპის დაშიფვრას უკვე იყენებენ ისეთი სერვისები, როგორიცაა Signal-ი, Apple-ის iMessage-ი, Meta-ს WhatsApp-ი და Messenger-ი.

ამ ეტაპისთვის უცნობია, იქნება თუ არა დაშიფვრის ფუნქციის ჩართვა ნებაყოფლობითი და დაემატება თუ არა ის ერთი ერთზე შეტყობინებებთან ერთად ჯგუფურ ჩატებსაც.