McDonald’s-ის შემდეგ რუსული ბაზრიდან საბოლოოდ გასვლის გადაწყვეტილება ამერიკულმა Starbucks-მაც მიიღო, რომელიც ქვეყანაში არსებულ 130 ობიექტს დახურავს, – ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ.
კომპანიის ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთში საკუთარი ობიექტები Starbucks-მა დროებით ჯერ კიდევ 8 მარტს დახურა – სწორედ იმ დღეს შეწყდა კომპანიის პროდუქტების ქვეყანაში შეტანაც. აღსანიშნავია, რომ Starbucks-ი თავის 2000-მდე თანამშრომელს ექვსი თვის ხელფასს გადაუხდის და მათ ახალი სამსახურის პოვნაში დაეხმარება.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ Starbucks-ის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ბიზნესის გაყიდვას არ ნიშნავს – კომპანიას არ სურს, მისი ბრენდი რუსეთში იყოს წარმოდგენილი. Starbucks-ის ბიზნესს რუსეთში ქუვეითური Alshaya Group-ი ავითარებდა – Starbucks-ის გარდა, ეს კომპანია ქვეყანაში Victoria’s Secret-სა და Bath & Body Works-ს წარმოადგენს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Starbucks-ის პირველი ყავახანა რუსეთში 2007 წელს გაიხსნა. 2021 წელს რუსულმა Starbucks-მა 5.16 მილიარდი რუბლის (~$88 მილიონი) ოდენობის შემოსავალი მიიღო, აქედან 199.25 მილიონი რუბლი (~$3.4 მილიონი) სუფთა მოგება იყო.