“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (Reporters Without Borders) პრესის თავისუფლების ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. გასულ წელთან შედარებით, საქართველო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და 179 ქვეყანას შორის მესამოცე ადგილი დაიკავა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 27.34-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.64 ქულით მეტია.
“პლურალისტური, მაგრამ არა თავისუფალი”, – ასე აფასებს RWB საქართველოს მედია გარემოს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედია საქართველოში კვლავ საკმაოდ პოლარიზებულია, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა გაზარდა მედია მფლობელების შესახებ გამჭვირვალობა და პლურაზიმი, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება მფლობელების მიერ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.
ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ “მთავარი ოპოზიციური არხის, რუსთავი 2-ის საკუთრებაზე არსებული დავა დიდ გავლენას ახდენს მედია გარემოზე”.
ბოლო რამოდენიმე წელია, პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიშებში საუბარია საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების, შემდგომ კი მისი აზერბაიჯანში დაკავების შესახებ. “აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცემა შოკისმომგვრელი იყო ქართველებისთვის, რომლებიც ტრადიციულად სთავაზობდნენ თავშესაფარს მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს”.
მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი პრესა ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთშია, ყველაზე ნაკლებად თავისუფალი კი ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რეიტინგში თურქეთი 157-ე ადგილზეა, სომხეთი 61-ზე, აზერბაიჯანი 166-ზე, ხოლო რუსეთი 149-ზე.