აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის მიერ შემუშავებული MEGOBARI Act-ი, მომდევნო კვირაში, საბოლოო კენჭისყრისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარედგინება. რესპუბლიკელმა უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში თავდაპირველად გასულ წელს, შემდგომ კი 2025 წლის დასაწყისში დააინიციირა.
„შესანიშნავი ამბავი! MEGOBARI Act-ი, რომელიც წლის დასაწყისში ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს, მომავალ კვირაში, საბოლოო კენჭისყრაზე განსახილველად, წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა. კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან“, – წერს ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე.
საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტის MEGOBARI Act-ის ინიციატორი რესპუბლიკელი ჯო უილსონია. გარდა ამისა, უილსონი ერთ-ერთია კონგრესიდან, რომელიც საპროტესტო ტალღის დაწყების შემდგომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ეხმიანება. გუშინ უილსონმა X-ზე კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა:
„ყალბი „ქართული ოცნების“ რეჟიმს სძულს ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი. ის ანტიამერიკულ შეთქმულების თეორიებს ავრცელებს და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის. საკმარისია! ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს #MEGOBARI“.
შეგახსენებთ, რომ უილსონისა და კოენის მიერ წარდგენილი კანონპროექტი საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის გადახედვას, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაზე არიან პასუხისმგებელნი, სანქციების დაწესებასა და ქართული საზოგადოებისთვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.