მექსიკიდან ნარკობარონ კარო კინტეროსა და 28 სხვა პირის აშშ-ში ექსტრადირება მოხდა

მექსიკიდან ნარკობარონ კარო კინტეროსა და 28 სხვა პირის აშშ-ში ექსტრადირება მოხდა

მექსიკამ შეერთებულ შტატებში ნარკოკარტელის 29 წარმომადგენლის, მათ შორის ნარკობარონ რაფაელ კარო კინტეროს ექსტრადირება განახორციელა. კინტერო 1985 წელს აშშ-ში მომხდარი მკვლელობის უკან იდგა, რომელსაც DEA-ს აგენტის სიცოცხლე შეეწირა. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც ტრამპი ნარკოდანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს, ხოლო მექსიკის უმაღლესი ოფიციალური პირები ვაშინგტონში იმყოფებიან და ცდილობენ, იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესება თავიდან აიცილონ.

აშშ-ში ექსტრადირებული პირები ხუთშაბათს მექსიკაში მდებარე ციხეებიდან გამოიყვანეს და ქალაქ მეხიკოს სიახლოვეს მდებარე აეროპორტში მიიყვანეს. აქედან უკვე ისინი აშშ-ის რვა ქალაქში გადანაწილდნენ. მათ შორის ხუთი მექსიკის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფიდან იყო. ეს უკანასკნელი, ამ თვის დასაწყისში, ტრამპის ადმინისტრაციამ „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს“ შორის დაასახელა.

კარო კინტეროს გარდა, მექსიკიდან ექსტრადირებულ მსჯავრდადებულთა შორის იყვნენ კარტელის ლიდერები, Sinaloa-ს კარტელის ორივე ფრაქციის უშიშროების ხელმძღვანელები, კარტელის ფინანსური პერსონალი და ერთი პირი, რომელიც 2022 წელს, ჩრდ. კაროლინის შერიფის მოადგილის მკვლელობის საქმეზე იძებნებოდა. მხარეების პროკურატურების განცხადებით, შეერთებულ შტატებში ექსტრადირებულ პირებს ბრალი უკვე წაუყენეს – მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ზოგიერთ შემთხვევაში მკვლელობისა და სხვა დანაშაულების ბრალდებით.

ნარკოკარტელის წარმომადგენლების ექსტრადირება ვაშინგტონში მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ხუან რამონ დე ლა ფუენტეს და სხვა უმაღლესი ეკონომიკური და სამხედრო ოფიციალური პირების ვიზიტს დაემთხვა. ისინი შტატებში თავიანთ კოლეგებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ. ტარიფების შეფერხების სანაცვლოდ, ტრამპი მექსიკისგან დაჟინებით მოითხოვდა კარტელების, არალეგალური იმიგრაციისა და ფენტანილის წარმოების აღკვეთას.