გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მეთიუ მილერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის კითხვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ეხებოდა, რომელმაც საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების გამოძიებისაკენ მოუწოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განმარტა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყოს. თუმცა დამატებით აღნიშნა, რომ ევროპელ კოლეგებთან ერთად გამოძიების სხვა გზების ალტერნატივებსაც განიხილავენ.
ჟურნალისტის შეკითხვა საქართველოს პროკურატურის მიერ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე პრეზიდენტის დაბარებასაც ეხებოდა. მეთიუ მილერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხის შესახებ თავად უნდა ისაუბროს – თუმცა, თუკი მას დარღვევების შესახებ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეუძლია, ასეც უნდა მოიქცეს – მიუხედავად იმისა ამ გამოძიებას ქართული უწყებები განახორციელებენ თუ უცხოური.
დამატებითი ზომების მიღებასთან დაკავშირებით მეთიუ მილერმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობის $95-მილიონიანი დახმარება უკვე შეჩერებულია, სხვა სახის დახმარებების საკითხი კი განხილვის ეტაპზეა.
„ჩვენ უკვე შევუჩერეთ საქართველოს მთავრობას $95-მილიონიანი დახმარება და სხვა სახის დახმარება, რომელსაც მათ ვაწვდით, ასევე განხილვის პროცესშია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.