Micron-ი აშშ-ში მეხსიერების ბარათების $15-მილიარდიან ქარხანას აშენებს

Micron-ი აშშ-ში მეხსიერების ბარათების $15-მილიარდიან ქარხანას აშენებს

Micron Technology ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ აიდაჰოს შტატში, მეხსიერების ბარათების უდიდეს ქარხანას აშენებს, რომლის ღირებულებაც $15 მილიარდს უტოლდება. თუმცა, ეს ყველაფერი არაა და ახალი ობიექტის შესახებ განცხადების გაკეთებიდან მალევე, Micron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აშშ-ში კიდევ ერთი, დიდი სამრეწველო ქარხნის მშენებლობაც დააანონსა.

კომპანიის ინფორმაციით, მეორე ქარხნის გეგმაც საბოლოო ეტაპზეა და დამატებითი დეტალები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. აღსანიშნავია, რომ ორივე ახალი ქარხანა DRAM-ის ჩიპებს აწარმოებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მონაცემთა ცენტრებში, პერსონალურ კომპიუტერებსა და სხვა მოწყობილობებში. ახალი ობიექტების ამოქმედების შემდგომ, აშშ-ის ქარხნების წილი, გლობალურად კომპანიის DRAM-ის ჩიპების წარმოებაში, არსებული 10%-დან 40%-მდე გაიზრდება. აიდაჰოს ჩიპების ქარხანა ფუნქციონირებას 2025 წელს დაიწყებს.

Micron-ის ინფორმაციით, აიდაჰოს ახალი ობიექტის წყალობით, ათწლეულის ბოლოსთვის, 2,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, Micron-მა ცოტა ხნის წინ, 2030 წლამდე $150 მილიარდის ინვესტირების განხორციელების შესახებაც განაცხადა, საიდანაც $40 მილიარდი აშშ-ისთვის იქნება განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ Chips and Science Act-ის ხელმოწერის შემდგომ, აშშ-ში ჩიპების წარმოება ბევრმა კომპანიამ დააანონსა. ბაიდენის მიერ მიღებული აქტი, ქვეყნის ტერიტორიაზე ნახევარგამტარების წარმოების მხარდასაჭერად $52 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს.