Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას განცხადებით, 2025 წლისთვის ტექგიგანტი ინდოეთის პატარა ქალაქებში 2 მილიონამდე ადამიანს ხელოვნური ინტელექტის ათვისებაში დაეხმარება. ამერიკული კომპანიის ინდური წარმოშობის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ-სა და ინდოეთს შორის AI-ის ნორმებსა და რეგულაციებზე თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
Microsoft-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გადასამზადებელი პროგრამები მე-2 და მე-3 დონის ქალაქებში მცხოვრებ, ასევე სოფლად მცხოვრებ ინდივიდებზე იქნება ფოკუსირებული. კონკრეტულად რა სიდიდის ქალაქები იგულისხმება მე-2 და მე-3 დონის ქალაქებში, კომპანიას არ დაუკონკრეტებია. მათი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა აზიურ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მიღწევას ისახავს მიზნად.
Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ათვისებას გლობალური ეკონომიკის განაწილებაში გარდამტეხი როლი შეიძლება ჰქონდეს და კატალიზატორის ფუნქცია დაეკისროს.