მილიარდერი ჯამ ნაჯაფი „ტოტენჰემის“ შესაძენად $3.75-მილიარდიან შეთავაზებას ამზადებს

მილიარდერი ჯამ ნაჯაფი „ტოტენჰემის“ შესაძენად $3.75-მილიარდიან შეთავაზებას ამზადებს

ირანული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი ჯამ ნაჯაფი „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შესაძენად $3.75-მილიარდიან შეთავაზებას ამზადებს. მილიარდერის მიერ პრემიერ-ლიგის საფეხბურთო კლუბის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times-ი აქვეყნებს.

ნაჯაფი, რომელიც ამავდროულად MSP Sports Capital-ის თავმჯდომარეა, საფეხბურთო კლუბისთვის შესათავაზებელ წინადადებაზე ინვესტორების კონსორციუმთან ერთად მუშაობს. მილიარდერს „ტოტენჰემის“ მფლობელ ჯო ლუისსა და თავმჯდომარე დანიელ ლევისთან ოფიციალურად დაკავშირებამდე კვირები აშორებს. შეთავაზების მიხედვით, MSP-ი და მისი პარტნიორები შესყიდვის ფასის 70%-ს დაფარავენ, დარჩენილ ნაწილს კი ფინანსური მხარდამჭერები სპარსეთის ყურიდან, ძირითადად აბუ-დაბიდან უზრუნველყოფენ.

ცნობისთვის, ბრიტანულმა საინვესტიციო ფირმა Enic Group-მა, რომელიც ბრიტანელი მილიარდერისა და ბიზნესმენის ჯო ლუისის მფლობელობაშია, „ტოტენჰემ ჰოტსპური“ 2000 წელს, £21.9 მილიონად შეიძინა. 2022 წლის ივნისში, საფეხბურთო სეზონის დასასრულს, ინგლისური კლუბის შემოსავალმა £444 მილიონს მიაღწია და პანდემიის შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ, სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნების შედეგად, 2021 წლის £361-მილიონიან შემოსავალს გადაასწრო.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ Forbes-ის 2022 წლის ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგში მოხვდა და $2.35 მილიარდით მეათე ადგილი დაიკავა. გამოცემის ათეულში მოხვდნენ პრემიერ-ლიგის სხვა კლუბებიც, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ($4.6 მილიარდი) და „ლივერპული“ ($4.45 მილიარდი), რომელთა შესაძლო გაყიდვაზეც ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად იწერება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *