მილიონერი სპორტსმენები

მილიონერი სპორტსმენები

ბოლო ორი წელია, პროფესინალ გოლფის მოთამაშეს ტაიგერ ვუდზს ბიზნესში არ უმართლებს. Accenture-მ, AT&T-იმ, Gillette-მა და PepsiCo-მ მას სარეკლამო კონტრაქტები აღარ გაუგრძელეს. ცნობილ გოლფისტს ძვირად დაუჯდა 2009 წლის ნოემბერში პრესის მიერ ატაცებული სექსუალური სკანდალი, რომელმაც ვუდზი მისთვის არასასურველი ფორმით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია. ამ ადიულტერმა მისი მეუღლეც გაანაწყენა და ფინანსური კრიზისის გამო ისედაც შერყეული გოლფის მოედნების პროექტირების ბიზნესიც გვარიანად დააზარალა.

ბოლო 20 თვეა, სპორტსმენს არც ერთ ტურნირში არ გაუმარჯვია და ამის შედეგიც სავალალოა: ყოფილმა ნომერ პირველმა მოთამაშემ გოლფისტების რეიტინგში მეცამეტე ადგილზე გადაინაცვლა და მისი წლიური შემოსავალი ორ წელიწადში 50 მლნ დოლარით შემცირდა. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ვუდზი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის ტიტულს ინარჩუნებს – კონკურენტები მას ბევრად ჩამორჩებიან. ბოლო 12 თვის განმავლობაში ვუდზმა 75 მლნ დოლარი გამოიმუშავა და ეს თანხა 23 მილიონით აღემატება ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგის მეორე ადგილის მფლობელის, კალათბურთელ კობი ბრაიანტის შემოსავალს.

ვუდზის ფინანსურ მდგომარეობას ძირითადად მისი ორი სპონსორი განსაზღვრავს: Nike-თან თანამშრომლობა მან თავისი პროფესიული კარიერის გარიჟრაჟზე დაიწყო: 1998 წელს პირველ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და $40 მლნ მიიღო. იმავე წელს კომპანია Electronic Arts-მა, მისმა მეორე მთავარმა სპონსორმა, ვიდეოთამაში Tiger Woods PGA Tour გამოუშვა.

ორივე კომპანიამ ვუდზთან თანამშრომლობით წარმატებული ბიზნესი ააწყო, სპორტსმენის კონტრაქტების თანხები წლიდან წლამდე იზრდებოდა. როდესაც Nike-მა გოლფის აქსესუარების ხაზი ჩაუშვა წარმოებაში, ბრენდი სწორედ ვუდზის სახელმა გახადა პოპულარული. გასულ წელს ამ სექტორში Nike-ის გაყიდვებმა $638 მლნ-ის მოგება მოიტანა, Electronic Arts კი ვუდზის მონაწილეობით ვიდეოთამაშების გამოშვებას განაგრძობს. მეთოთხმეტე თამაში წელს, მარტში, გამოვიდა და პირველსავე კვირას 225 ათასი გაიყიდა. თავისი 75-მილიონიანი ქონების ნახევარზე მეტი ვუდზმა Nike-სა და Electronic Arts-თან თანამშრომლობით მოიპოვა.

50 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენს შორის ყველაზე დიდი წილი კალათბურთელებზე მოდის – ისინი თხუთმეტნი არიან. ფინანსურად ყველაზე წარმატებული კობი ბრაიანტია. $53 მლნ შემოსავლის მქონე ბრაიანტი რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. წელს მან თავის პორტფოლიოს Turkish Airlines-სა და Smart-თან გაფორმებული კონტრაქტები შემატა. მისი წლიური ხელფასი კლუბ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” $24,8 მლნ-ს უდრის – ეს კალათბურთელის ყველაზე მაღალი ხელფასია მსოფლიოში. მესამე ადგილზეა NBA-ის კიდევ ერთი მოთამაშე – ლებრონ ჯეიმსი, რომლის შემოსავალმა გასულ წელს $48 მილიონი შეადგინა.
Forbes-ის მიერ სპორტსმენების წლიური შემოსავლის დათვლისას გათვალისწინებულია როგორც მათი ხელფასი, ისე საპრიზო თანხები, ბონუსები, რეკლამიდან შემოსული თანხები, სპორტსმენის სახელის გამოყენებისა და მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობის ანაზღაურება ბოლო 12 თვის განმავლობაში 2011 წლის 1 მაისამდე. საერთო თანხას არ გამოაკლდა გადასახადები და აგენტების ანაზღაურება.

წელს 50-მა ყველაზე ძვირად ანაზღაურებადმა სპორტსმენმა ჯამში $1,4 მილიარდი, ხოლო თითოეულმა საშუალოდ $28 მლნ გამოიმუშავა. ეს თანხა 11% ჩამოუვარდება შარშანდელს, რაც განაპირობა ტაიგერ ვუდზის შემოსავლების შემცირებამ და იმ ფაქტმა, რომ შარშანდელი რეიტინგის მეორე ადგილის მფლობელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ბოლო 13 თვის განმავლობაში რინგზე არ გამოსულა.

ტოპ-50-ეულის მინიმალურმა შემოსავალმა წელს $18,8 მილიონი შეადგინა, შარშან კი $21 მილიონი იყო.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ტოპ-50-ეულის სრული რეიტინგი შეგიძლიათ Forbes.com-ზე იხილოთ.