მიმდინარე კვირას მოსალოდნელი მთავარი ეკონომიკური მოვლენები

მიმდინარე კვირას მოსალოდნელი მთავარი ეკონომიკური მოვლენები

ევროზონა მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით განახლებული გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე კვირას განაცხადებს. ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს ექვსი წევრი ქვეყანა და ასევე ევროზონის 16 ცენტრალური ბანკის მმართველი კენჭს უყრის მონეტარული პოლიტიკის შემცირებას ან გაზრდას.

ასევე, ხუთშაბათს ევროპის ცენტრალური ბანკი გამართავს ყოველთვიურ პრესკონფერენციას, სადაც მონეტარული პოლიტიკის განახლების შესახებ გაკეთდება განცხადებები და შემდეგ დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დასვან.

მიმდინარე კვირას ევროზონაში მაისის თვის სავაჭრო ბალანსის შესახებაც გახდება ცნობილი, დიდ ბრიტანეთში კი მშპ-ის განახლებულ მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ.

მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნებას ელოდებიან ჩინეთშიც, კერძოდ, გამოქვეყნდება ივნისის თვის სავაჭრო ბალანსის, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელები. ამასთან, ჩინეთში ივნისში უძრავი ქონების ფასების შესახებაც გახდება ცნობილი. გამოაქვეყნებენ უმუშევრობის მაჩვენებლებსა და რითეილ გაყიდვების შესახებ განახლებულ მონაცემებსაც.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი კი კონგრესს ნახევარწლიურ ანგარიშს წარუდგენს, რომელშიც საუბარი იქნება აშშ-ის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ვითარების და სავალუტო პოლიტიკების შესახებ. საინტერესო იქნება იტალიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული ავტომობილების მაჩვენებელიც.

მიმდინარე კვირა იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ OPEC-ის თვიური ანგარიში გასაჯაროვდება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე არსებული ტენდენციები, ასევე მომდევნო წლებში ნედლი ნავთობის ბაზარზე მოსალოდნელი ძვრები. ანგარიშში დეტალური ანალიზი იქნება იმისა, თუ რა ახდენს გავლენას ნავთობის ბაზარზე, მოთხოვნასა და მიწოდებაზე შექმნილი ვითარება.

და ბოლოს, საინტერესო იქნება, სამხრეთ აფრიკაში ოქროს წარმოების მაისის მაჩვენებელიც. შეგახსენებთ, აღნიშნული ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია ოქროს მოპოვებასა და წარმოებაში.

რაც შეეხება მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ფინანსური მდგომარეობის ამსახველ მონაცემებს, ამ მხრივ დიდ გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ასევე კორონავირუსის პანდემია. მაგალითად, მიმდინარე კვირას ნათელი გახდება თუ რამდენად დააზარალა პანდემიამ PepsiCo-ს ბიზნესი. ანალიტიკოსები მძიმე შედეგებს ელოდებიან, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ გამაგრილებელი სასმელების ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა პანდემიის გამო დახურულმა რესტორნებმა და გასართობმა ადგილებმა. მაგალითად, ცნობილია, რომ PepsiCo-ს მეტოქე Coca-Cola აცხადებს, რომ მათი მოცულობა 25%-ით შემცირდა სპორტული ღონისძიებებისა და კონცერტების გაუქმების გამო.

ამის საპირისპიროდ მაგალითად პიცერიის ცნობილმა ქსელმა Domino-მ დიდი სარგებელი ნახა, ვინაიდან პანდემიის დროს მათ გააქტიურეს მიწოდების სერვისი. აღნიშნული კომპანიაც განახლებულ მონაცემებს მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.